არის თუ არა სულგუნი ქართული - საინტერესო ფაქტები ყველის ისტორიიდან

არის თუ არა სულგუნი ქართული - საინტერესო ფაქტები ყველის ისტორიიდან

სულგუნს ქართული სუფრის კულტურაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. ყველის ეს სახეობა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე სამეგრელოდან მოდის. თუმცა, როგორც ეთნოლოგი როლანდ თოფჩიშვილი გვეუბნება, აფხაზებმა, ოსებმა და სომხებმა ქართული კვებითი კულტურის ეს მიღწევა სხვადასხვა დროს საკუთარ პროდუქტად გამოაცხადეს. ამ პრობლემას ეთნოლოგმა სამეცნიერო ნაშრომი - "ქართველთა კვებითი კულტურის ისტორიიდან: სულგუნი" მიუძღვნა, რომელიც სამ ენაზე გამოიცა. პროფესორი საფუძვლიანად განიხილავს და ასაბუთებს იმას, რომ სულგუნი მხოლოდ საქართველოში - კოლხეთის დაბლობზეა შექმნილი.

როლანდ თოფჩიშვილი, ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი:

"ქართველთა კვებითი კულტურა ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო, რაც საქართველოს ლანდშაპტით, ბუნებრივ-გეოგრაფიული, კლიმატური, სამეურნეო ყოფის მრავალფეროვნებითაც იყო განპირობებული. ამასთან, ქართველები შემოქმედებითად იზიარებდნენ სხვა კულტურულ მიღწევებსაც. მაგალითად, -მა-ზე დაბოლოებული კერძების სახელწოდებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ისინი, ისევე როგორც სხვა ჩვენს მეზობელს, თურქეთისგან გვაქვს შეთვისებული (ყაურმა, ჩიხირთმა, ტოლმა, ბასტურმა...) მაგრამ კულტურის ამ სფეროში არის ისეთი ელემენტები, რომლებიც მხოლოდ ქართველი ხალხის წიაღშია წარმოქმნილი.

- სულგუნის თემას რომ დავუბრუნდეთ... მართლაც რა ვიცით მის შესახებ?

- საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს ყველის კულტურის დამახასიათებელი სახეობა აქვს (თუშური გუდის ყველი, იმერული ყველი, სამცხური ყველი, სამცხური ჩეჩილი და ტენილი, სულგუნი). მაღალი კვებითი ღირებულების გამო, სულგუნი 1890-იანი წლებიდან ფოთის ნავსადგურიდან უცხოეთში გაჰქონდათ. მას დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში ამზადებდნენ. სამეგრელოში სულგუნს "სელეგინი", "სელეგუნი"; "სიოგინი" ერქვა, ზემო იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში - "გვაჯილა"/"გვაჯილი". სულუგუნი იცოდა სულხან-საბა ორბელიანმაც. მისი განმარტებით, ის "გადაზელილი ბრტყელი ყველია". სულგუნს გურიაში "გადაზელილს" უწოდებდნენ.

მისი კეთება იციან ჭოროხის აუზიდან თურქეთის შავი ზღვის რეგიონში მუჰაჯირად წასული ქართველი მაჰმადიანების შთამომავლებმაც.

საქართველოში, აფხაზეთშიც ამზადებდნენ, თუმცა კავკასიაში სხვა ხალხებისთვის სულგუნის ტექნოლოგია უცნობი იყო. მაგრამ ჩვენი ეთნიკური კულტურის ამ მიღწევას კარგა ხანია სხვები გვედავებიან.

1987 წელს ბათუმში ჩატარებულ ეთნოლოგთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე, აფხაზმა მკვლევარმა კოპეშავიძემ მოხსენება წაიკითხა, რომ სულგუნის კულტურა აფხაზთა შემოქმედებაა და დასავლეთ საქართველოს მოსახელობამ მისი დამზადება აფხაზებისგან შეითვისა.

ამასთან, ოსი ავტორები (კერძოდ, კალოევი) წერდნენ, რომ სულგუნი ქართველებმა ოსებისგან ისწავლეს. კალოევი ქმნის მითებს და მკითხველს აუწყებს, რომ ოსებმა სულგუნის დამზადება მონღოლების შემოსევების დროს დაივიწყეს, სამეგრელოში კი სულგუნი ირანელებმა შეიტანეს. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძველი ისტორიის ვერც ერთი სპეციალისტი ვერ დაასახელებს ირანელთა დასახლებასა და მათ ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში შესვლას. შესაძლოა ქართველებმა მათგან ბევრი რამ ისწავლეს, მაგრამ სულგუნის კეთება არ უსწავლიათ. თუ ქართველებმა ოსებისგან ისწავლეს, ოსებმა დაკარგეს?!

- და აფხაზები როგორ დაეპატრონენ სულგუნს?

- აფხაზები, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მკვიდრნი, აქტიურად იყვნენ ჩართული საერთო ქართული კულტურის შექმნაში და მეგრელებთან, სვანებთან ერთად, ბევრი საერთო რამ ჰქონდათ. აფხაზებთან ენობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით, აბაზები დგანან. თუ სულგუნი აფხაზურ-აბაზური ერთობის შემოქმედებაა, მაშინ ამ ჯგუფებისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს. აბაზებისთვის უცნობი იყო მოხარშულ-გადაზელილი ყველი.

ხარისხიანი სულგუნი ძროხისა და კამეჩის რძისგან მზადდება. აფხაზეთში კი მესაქონლეობა მეორეხარისხოვანი იყო, მეთხეობას მისდევდნენ.

აფხაზურ-ადიღეური მოდგმის ხალხები და ოსების წინაპარი ალანები ისტორიულად ნახევრად მომთაბარე ცხოვრების გამო მიწათმოქმედების მიმდევრები არ იყვნენ, ანუ მათთვის მეცხოველეობა და მიწათმოქმედება პრიორიტეტული არ იყო.

ამდენად, არც აფხაზებს და არც ოსებს რძის პროდუქტების, მათ შორის, ყველის შენახვის პრობლემა არ ჰქონდათ და არც ბუნებრივ-გეოლოგიურ კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ, რომ მისი ხანგრძლივად შენახვის ტექნოლოგიის შემოღებაზე ეფიქრათ. ასე რომ, სულგუნი მხოლოდ დასავლურ ქართული პროდუქტია, კოლხეთის დაბლობში შექმნილი და არა აფხაზური ან ოსური.

- სომხების პრეტენზია სულგუნთან დაკავშირებით როგორ და როდის გამოიხატა?

- 2013 წელს სომხებმა სულგუნზე ოფიციალური პრეტენზია განაცხადეს. ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურაში სულგუნის ქართული კულტურისადმი მიკუთვნების საკითხი ეჭქვეშ დააყენეს და საჩივარში აღნიშნეს: "სულგუნი არ წარმოადგენს ქართული წარმოშობის ყველს, რადგან ის მთელ საბჭოთა კავშირში იწარმოებოდაო". სულგუნს მთელ საბჭოთა კავშირში წარმოების ფაქტის დადასტურების მიზნით, მიუთითებენ, რომ "საბჭოთა კავშირის პერიოდში პროდუქციის საწარმოებლად, გამოიყენებოდა სახელმწიფო სტანდარტები, ე.წ. "გოსტ"-ი, რომელიც მთელი ქვეყნისთვის საერთო იყო. შესაბამისად, ვერ გახდებოდა საქართველოსთვის დამატებითი არგუმენტაცია ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოშობის დასადასტურებად.

ვინც კავკასიის ეთნოლოგია იცის, დაადასტურებს, რომ არც ანალოგიური სახელწოდების და არც ტექნოლოგიით დამზადებული ყველი სომხებმა არ იცოდნენ და არც იციან. იცოდნენ: "გლუხ პანირ" - თავი ყველი, "მოთალი" - ფხვიერი ყველი, "თელ პანირ" - ჩეჩილი ანუ ძაფისებური ყველი. ყველში მწვანილსაც ურევდნენ, გასაკუთრებით, ბეგქონდარას, რომელსაც ტიკებში ინახავდნენ.

მეცნიერი ტერ-სარკქისიანცი თავის ნაშრომში წერს: "სულგუნის დამზადების ცენტრია სამეგრელო, საიდანაც ძველი სამყაროსთვის ცნობილი გახდა კოლხური ძროხა".

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე თავის დაცვა უწევს. ქართული ლექსიკური ერთეული - სულგუნი ქართველ მწერალსა და ლექსიკოგრაფს სულხა-საბა ორბელიანს "ქართულ ლექსიკონში" აქვს შეტანილი.

1890-იან წლებიდან საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთიდან დასავლეთ საქართველოში დამზადებული მოხარშულ-გადაზელილი ყველი "სულუგუნი" დასავლეთ ევროპაში დიდი რაოდენობით გადიოდა. იქნებ სომეხმა მეცნიერებმა სომხეთიდან ექსპორტად გასული "სულგუნის" დამადასტურებელი რაიმე საარქივო დოკუმენტიც გვიჩვენონ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE