22 თებერვლიდან! არ გამოგრჩეთ! "მეგზური სიკეთის სამყაროში" - ახალი საჩუქარი მკითხველს!

22 თებერვლიდან! არ გამოგრჩეთ! "მეგზური სიკეთის სამყაროში" - ახალი საჩუქარი მკითხველს!

თებერვლიდან ჟურნალი "კარიბჭე" იწყებს წიგნების ახალი სერიის გამოცემას მოზარდთათვის.

გვესაუბრება პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:

- რა პროექტს გეგმავთ "თვენის" დასრულების შემდეგ, გვიამბეთ მის შესახებ?

- ბოლო დროს მოზარდთა დაპირისპირებებისა და მკვლელობების გახმაურებულმა ფაქტებმა შეძრა მთელი საქართველო. საზოგადოებაში აქტუალურია მსჯელობა იმის შესახებ, თუ სად ვუშვებთ შეცდომას ბავშვების აღზრდისას, რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევაჩეროთ მოზარდთა აგრესია. მოგეხსენებათ ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს განათლების სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად. სკოლებში სულ მალე შემოვა რელიგიის ისტორიის საგანი.

სწორედ ეს მოვლენები გახდა ჩვენი ახალი პროექტის წინაპირობაც და "კარიბჭემ" გადაწყვიტა თავისი სიტყვა ეთქვა პრობლემის გადაწყვეტის საქმეში.

წიგნების ახალი სერია, რომელიც თებერვლიდან გამოვა ჟურნალთან ერთად, გახლავთ "კარიბჭის" ბიბლიოთეკა მოზარდებისათვის. სერიის მიზანია მიაწოდოს ბავშვებსა და მათ მშობლებს დაწყებითი ინფორმაცია ქრისტიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე. წიგნები არ იქნება მხოლოდ რელიგიური ხასიათისა, სერიაში შევა სხვადასხვა შინაარსის ტომები - ლიტერატურა, ისტორია, რელიგია და სხვა. მათ გააერთიანებს ერთი საერთო ხაზი - ქრისტიანული ღირებულებები. სერიის სახელწოდებაც შესაბამისია - "მეგზური სიკეთის სამყაროში".

- რა იქნება პირველი წიგნი?

- პირველი წიგნი არის საბავშვო მოთხრობების კრებული. ყველა მოთხრობას მოყვება მცირე განმარტება იმ ღირებულებებზე, რაზეც გვიამბობს მისი შინაარსი. თითოეული მოთხრობა თუ ამბავი სათუთად არის შერჩეული ბავშვის ბუნების გათვალისწინებით. წიგნის შემდგენელის მიერ მოთხრობებზე დართული კომენტარები კი არის მცდელობა, აუხილოს პატარებს სულიერი თვალი და სულ სხვაგვარად დაანახოს ის სამყარო, რომელშიც დღეს ამდენ აგრესიასა და ბოროტებას ხედავს. ეს განმარტებანი არა მხოლოდ ბავშვებს, მშობლებსაც გამოადგებათ, რომლებიც თავიანთ შვილებთან ერთად განიხილავენ მოთხრობებში ასახულ მოვლენებს და ერთად იმოგზაურებენ სიკეთის სამყაროში

- მომდევნო წიგნებზე რას გვეტყვით?

- მეორე წიგნი არის "პირველი ნაბიჯი ქრისტიანობაში". იგი გვაწვდის პირველდაწყებით ცნობებს ქრისტიანობაზე. აქ ნახავთ კითხვა-პასუხს რწმენის საკითხებზე, მარტივ განმარტებებს ქრისტაინულ მცნებებსა და სიმბოლიკაზე. ეს წიგნი იქნება გზამკვლევი დამწყები ქრისტიანებისათვის.

ერთ-ერთი მომდევნო წიგნის სათაურია "ანგელოზები". იგი გვაწვდის პირველ ცნობებს უხილავ სამყაროზე, ანგელოზთა იერარქიაზე, მფარველ ანგელოზზე, მთავარანგელოზებზე. აქ გველოდება საინტერესო ამბები წმინდა მამების ცხოვრებიდან ანგელოზების შესახებ.

ვამზადებთ კიდევ ერთ წიგნს, რომელიც ეძღვნება ბავშვების ენაზე ბიბლიური შესაქმის, კერძოდ ცხოველებისა და ფრინველების, აგრეთვე მცენარეების შექმნის ბასილი დიდისეულ განმარტებებს. დაწერილია ბასილი დიდის ჰომილიების მიხედვით.

- რამდენი წიგნი იქნება სერიაში?

- დაგეგმილი გვაქვს, რომ წიგნების სერიაში იქნება 15 ტომი. ეს სერია კარგი საჩუქარია არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ მათი მშობლებისათვისაც, რომელთაც ბავშვების აღსაზრდელად საუკეთესო სახელმძღვანელოების კრებულს ვთავაზობთ. წიგნების ფასი ჟურნალთან ერთად 5 ლარი იქნება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს