"ექსპერტიზით დგინდება, რომ იარაღი, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს, შეაკეთეს და ექსპერტიზაზე ისე გაგზავნეს"

"ექსპერტიზით დგინდება, რომ იარაღი, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს, შეაკეთეს და ექსპერტიზაზე ისე გაგზავნეს"

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, იარაღი, რომლითაც სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრა, ექსპერტიზაზე შეკეთების შემდეგ გადააგზავნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ იარაღი შეაკეთეს და ექსპერტიზაზე ისე გადააგზავნეს.

კუბლაშვილის თქმით, ამით შესაძლოა, განადგურდა ისეთი მტკიცებულება, რაც დაცვის მხარისთვის უმნიშვნელოვანესი ყოფილიყო. ამასთან, კუბლაშვილის თქმით, ცეცხლსასროლ იარაღზე ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება იმის გამო მოითხოვეს, რომ შემთხვევის ადგილიდან გამოძიებამ ვაზნა არ ამოიღო.

"ჩვენ რომ ვიკითხეთ, რატომ არ ამოიღეს ვაზნა, გვითხრეს - იარაღმა გაჭედა გასროლისას და ამიტომ ვერ ამოიღეს. ვაზნა ჩარჩენილი იყო იარაღში. ამიტომ მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება. ამ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ექსპერტი წერს ასეთ რაღაცას: იარაღი, რომელიც მას გადაეცა, გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში იყო. ასევე ექსპერტიზისას გამოვლინდა, რომ ეს იარაღი 26 დეკემბრის შემდეგ შეაკეთეს და ისე გაუგზავნეს ექსპერტიზას შესამოწმებლად. ვის აქვს ნივთმტკიცების განადგურების და გადაკეთების უფლება? ეს უპრეცედენტო შემთხვევა და შეცდომაა. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ იარაღმა გაჭედა, ეს იარაღი უნდა დაილუქოს და უნდა მოხდეს მასზე კვლევა. დღეს კი მე მეუბნენიან, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, ხელმძღვანელებს აცნობეს და იარაღი შეაკეთეს. რისთვის გადაუგზავნეს მაშინ ექსპერტიზას? რა არის ეს, თამაშია?", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ იარაღი შეკეთებულია.

"ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ, რომ ვითომ იარაღი არის შეკეთებული, რადგან ის არის ნატოს სტანდარტის "M16", რომელსაც წუნი არ აქვს და არადამაჯერებელია, რომ მოხმარების დროს გაეჭედა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

ადვოკატი გამოძიების წინაშე ახალ შუამდგომლობას აყენებს და იარაღზე ახალი ექსპერტიზის ჩატარების გარდა, მის მიერ მოწვეული ბალისტიკური ექსპერტის მონაწილეობით იარაღის იმ ნაწილის გამოკვლევასაც ითხოვს, რომელიც სპეცრაზმელის ავტომატს შეუცვალეს.

"ახლა ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ისევ ჩატარდეს ექსპერტიზა, იმის თაობაზე შეკეთებულია თუ არა იარაღი და ასევე გვინდა შევამოწმოთ ის ნაწილი, რომელიც იარაღს შეუცვალეს. არ ვიცი სადაა ეს ნაწილი. იმედია, არ იტყვიან რომ გადააგდეს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს