რიგი პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფები მედიას საკუთარი ინტერესების გამტარებელ ორგანოდ აქცევენ - რამაზ საყვარელიძე

რიგი პოლიტიკური თუ  ბიზნესჯგუფები მედიას საკუთარი ინტერესების გამტარებელ ორგანოდ აქცევენ - რამაზ საყვარელიძე

ბოლო პერიოდში ზოგიერთი ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ექმნება, თუმცა სერიოზულ სკანდალამდე საქმე არ მისულა. მედიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოებისთვის გადამწყვეტი საკითხია და საზოგადოება ფრთხილად და ფხიზლად უნდა იყოს, თუმცა ექსპერტ რამაზ საყვარელიძის თქმით, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ რიგმა პოლიტიკურმა თუ ბიზნესჯგუფებმა მედია საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად არ გამოიყენონ.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მთავარი საზომი დამოუკიდებელი მედიაა. მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ რიგი პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფები, რომლებიც ფლობენ მედიასაშუალებებს, ამ უკანასკნელთ დამოუკიდებლობის არსს ართმევენ და საკუთარი ინტერესების გამტარებელ ორგანოდ აქცევენ... როდესაც კერძო მედია დამფინანსებელზე ლაპარაკობს, გამოდის, რომ ეს ტელევიზია თავს თვითონ არ ირჩენს. ბუნებრივად ისმის კითხვა, რაში სჭირდება მაშინ ასეთი წამგებიანი მედისაშუალება ამა თუ იმ ბინზესჯგუფს, რომლის ბიზნესაქმიანობის მთავარი პროფილი მასმედია არ არის? პასუხი ერთია - საკუთარი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად. მაგალითად, "იბერიას" ჟურნალისტების განცხადება, რომ მათი დამფინანსებლის ბიზნესპრობლემები აისახება ტელევიზიის დაფინანსებაზე და ეს მათზე ზეწოლაა, ვფიქრობ, ცოტა საეჭვო ელფერი აქვს და კითხვებსაც აჩენს...

რა განსხვავებაა, სახელმწიფო მისცემს ფულს რომელიმე ტელევიზიას თუ გაზეთს და გახდის თავისზე დამოკიდებულს თუ კერძო კომპანია მისცემს ფულს და ასე შეუზღუდავს თავისუფლებას? მედია უკვე აღარ არის თავისუფალი, როცა ამბობს, რომ დამფინანსებელი და მამა-მარჩენალი ჰყავს.

ცალკე თემაა, თუ რა ინტერესები აქვს ამა თუ იმ მედიასაშუალების დამფინანსებელს - მას პოლიტიკური ინტერესი აქვს, რეალურად მედიის დამოუკიდებლობაზე ზრუნავს თუ სურს, მედიასაშუალება თავისი ძირითადი ბიზნესისთვის ფარად გამოიყენოს?! მაგალითად, ბიზნესჯგუფს შესაძლოა, რაიმე ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემა გაუჩნდეს და საკუთარ მედიასაშუალებას დააძახებინოს, არიქა, სახელმწიფო გვჩაგრავსო. ეს კი სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან მედიაზე ზეწოლის თემის პედალირება ქვეყნის იმიჯს აზარალებს.

- დასავლურ რეაქციას გულისხმობთ?

- დიახ. ახლახან ამერიკის დაზვერვის სამსახურის მოხსენება გამოქვეყნდა, სადაც საქართველოზეცაა საუბარი. ერთ-ერთ ეპიზოდში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ეცდება, კიდევ უფრო დაასუსტოს ოპოზიცია. ეს ეპიზოდი აშკარად საქართველოდან მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება, თორემ რეალურად, მეეჭვება, ჩვენი ოპოზიციის დასუსტებას ვინმეს ძალისხმევა სჭირდებოდეს. ანალოგიურად, თუ საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რომელიმე დასავლურ დოკუმენტში გაჩნდება ჩანაწერი, რომ აქ მედია იზღუდება, ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები