ავტორი:

როგორ ტიროდნენ მიცვალებულს საქართველოში - სხვადასხვა კუთხის უჩვეულო ტრადიციები

როგორ ტიროდნენ მიცვალებულს საქართველოში - სხვადასხვა კუთხის უჩვეულო ტრადიციები

ქართველებს არაერთი ჩვეულება გვაქვს, რომლებიც თაობიდან თაობას გადმოეცა და დღესაც ცოცხალია. ამჯერად, მიცვალებულის დატირებისა და დაკრძალვის სარიტუალო წესებს გვინდა შევეხოთ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მძიმედაა გამოხატული.

სამეგრელო

ბავშვობის მოგონებები ყოველთვის მძაფრად გამახსოვრდება და სამეგრელოში ერთ ასეთ სურათს ბავშვობაში მეც შევესწარი: ნათესავის დაკრძალვა იყო, გარდაცვლილის შვილი თანმხლებ პირებთან ერთად, მეზობელი სოფლიდან მოვიდა. სოფლის ცენტრში, დიდ მუხის ხესთან ყველამ ფეხსაცმელი გამოიცვალა, სამოსი შეისწორა, ორრიგად დაეწყვნენ და ყველამ ერთად, წამიერად მოთქმით ტირილი დაიწყო და მიცვალებულის დატირებით ეზოსკენ გზას გაუყვნენ, წინ შვილი მიუძღვოდა. მეგრული ოდის აივანზე სასულე ორკესტრი იჯდა და სამგლოვიარო მუსიკას უკრავდა. ჭირისუფალი (გარდაცვლილის ქალიშვილები) ფეხზე იდგა და შემზარავი წივილ-კივილით სამძიმარს იღებდა. როდესაც ვიკითხე, - ფეხზე რატომ დგანან-მეთქი? ასე გამოხატავენ მოსულების მიმართ პატივისცემასო...

მიცვალებულის მძიმედ დატირების ტრადიცია სამეგრელოს სოფლებში დღემდეა შენარჩუნებული. ალბათ იმიტომ, რომ თაობიდან თაობას გადაცემულ ადათსა და წესებს ვერ ღალატობენ, რითაც გარდაცვლილს პატივს გამორჩეულად მიაგებენ. მიცვალებულის "ვაის გადახდას" ანუ პირველ შეცხადებას, ქალები კივილით, კაცები მოთქმით ამცნობდნენ სხვას. მომხდარი უბედურების გამო ქალები თავზე თმას იგლეჯენ, ლოყებს იკაწრავენ. გარდაცვლილის ყველა ნათესავმა, ნაცნობმა დაკრძალვაზე მისვლით და დასწრებით ჭირისუფალს პატივი უნდა სცეს. შავებში ჩაცმული ნათესავები მსვლელობებს აწყობდნენ შორეული სოფლებიდან (ეს, როგორც უკვე გითხარით, საკუთარი თავლით მაქვს ნანახი აბაშაში).

წინ მიმავალი ქალი თმას იშლიდა და კივილს იწყებდა. გასვენებამდე მიცვალებულს ერთი ჭირისუფალი ეზოში მოთქმით დაიტირებდა და სხვებიც ქვითინით ბანს აძლევდნენ. დაკრძალვის შემდგომ გარდაცვლილის გლოვაც მძიმედ და ხანგრძლივად იცოდნენ. მაგალითად, იყო ასეთი ჩვეულებაც, როცა დაკრძალვის დღესვე გარდაცვლილის ნათესავები და მეგობრები თმას, წვერ-ულვაშს იპარსავდნენ და ერთი წლის განმავლობაში მაკრატელს და სამართებელს აღარ მიიკარებდნენ. ტანთ ძაძებს იცვამდნენ და მარხვას იცავდნენ. რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, გარდაცვლილსაც ესაჭიროებოდა საკვები, როგორც ცოცხალს. პირველ სუფრად გარდაცვალების დღეს გამართული ქელეხი ითვლებოდა. ქელეხის სუფრა გარდაცვლილის დაკრძალვამდე მიმდინარეობდა.

ხევსურეთი

როგორც ამბობენ, ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი მიცვალებულის კულტის ამსახველი უძველესი ჩვეულება, რაც ადგილობრივების მხრიდან წინაპრების ღირსეული პატივისცემით აიხსნება. ამ ტრადიციის მიხედვით, ადამიანი გარდაცვალების შემდეგ, მისი დამსახურების მიხედვით ფასდებოდა. ხევსურეთში, როგორც მის მეზობელ კუთხეებში, სამგლოვიარო რიტუალის მსვლელობას თურმე შემოქმედებითი პროცესი ახლდა - მწუხარე ლექსებს ამბობდნენ. მთაში, მიცვალებულის დაფასების ერთ-ერთი გამოხატულება მისი მხურვალე დატირება იყო, რომელიც სიტყვით გამოითქმებოდა და მგლოვიარე ადამიანებს ანუგეშებდა. ხევსურეთში სამარცხვინო საქციელად მიიჩნეოდა ცოლის მიერ ქმრის დატირება, რადგანაც მიაჩნდათ, რომ ჭირისუფალს თავშეკავება მართებდა.

…ხალხის წარმოდგენით, მიცვალებული მზის ჩასვლამდე უნდა დაეკრძალათ, რადგანაც მზის ჩასვლის შემდეგ დაკრძალვას შესაძლოა, უბედურება მოეტანა. გულითადი გლოვა წლისთავამდე გრძელდებოდა. "ჭირი გატყდებოდა", "ჭერი აიხდებოდა" და თემი თუ სოფელი, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. მიცვალებულს თან ატანდნენ საბრძოლო იარაღს, წინდა-ხელთათმანს, პურს, წყალს და თამბაქოს. მის სახელზე დაილოცებოდა წყარო, იკურთხებოდა ცხენი და დაკრძალვის დღეს, ან წლისთავზე დოღი გაიმართებოდა.

სვანეთი

გარდაცვლილი ხუთი დღის განმავლობაში დასვენებულია შინ, მთელი ამ ხნის მანძილზე ოჯახში გლოვაა, მარხულობენ. ქალები დილიდან, მზის ჩასვლამდე მოთქვამენ, სხვადასხვა სოფლიდან ახლობლები მოდიან, რათა ოჯახის ტკივილი გაიზიარონ. ჭირისუფალს განსაკუთრებით უდგას გვერდში ყველა მეზობელი. ამზადებენ სამარხვო კერძებს და მიაქვთ გარდაცვლილის ოჯახში, შლიან დიდ სუფრას, - მამაკაცები (სამი ან ექვსი) შეუნდობენ მკვდარს და ისაუბრებენ მის სიკარგეზე. ამის შემდეგ სუფრას გარეთ ჭირისუფლისთვის და სამძიმარზე მოსული ადამიანებისთვის გაშლიან. სირცხვილია, თუ ვინმე უპატივცემულოდ წავა. გასვენებისთვის მთელი თემის მოსახლეობა ოჯახისთვის აგროვებს შესაწირ თანხას.

დატირების რიტუალს სვანურად "ლილჭალ" ქვია, რა დროსაც ქალები მიცვალებულის გარშემო ტირიან. მათგან ერთ-ერთი წამოდგება და საუბრობს მის კარგ თვისებებსა და დამსახურებაზე. ქალების დანარჩენი ნაწილი "უის" გამოძახილით აძლიერებს მწუხარების გამოხატვას. მიცვალებული მზის ჩასვლამდე უნდა დაასაფლაონ. გასვენების დღეს, მამაკაცები სანთლებით, შესანდობარს არყით სავსე ჭიქით წარმოთქვამენ, საუფლოსკენ გზას ულოცავენ. მიცვალებულს საფლავამდე მიაცილებს ჭირისუფალი კივილით, იქ ახლობელი ისევ დაიტირებს და მამაკაცი, რომელიც ორატორობით გამოირჩევა, წარმოთქვამს სიტყვებს მიცვალებულის დამსახურებაზე და დაულოცავს უკანასკნელ გზას.

გამორჩეულია სამგლოვიარო გუნდური სიმღერა-ტირილი - ზარი. დაკრძალვის დღეს ჯერ ოჯახში და შემდეგ სასაფლაოზე ცალ-ცალკე ასრულებდნენ ქალები და მამაკაცები. გუნდის ერთ-ერთი წევრი იწყებდა უსიტყვო მოთქმას, ხოლო სხვები ბანს აყოლებდნენ. შორეული სოფლებიდან მოსულ ნათესავებს მოზარეთა საკუთარი გუნდი მოჰყავდათ, თან მოჰქონდათ დიდი კელაპტარი ან სიცოცხლის ხის სიმბოლო. ზარი ყველაზე სრულად სწორედ სვანეთის ყოფამ შემოინახა. საქართველოს ზოგ კუთხეში მას ბანს ან ზრუნს უწოდებენ.

ასევე ცნობილია რომ, სვანეთში მიწაში მიცვალებულის ჩასვენებამდე, მისი ახლობელი საფლავში ხტება და ამ საქციელით თითქოს უმსუბუქებს საიქიოს მძიმე ტვირთს. დაკრძალვის შემდეგ ბრუნდებიან უკან მიცვალებულის ოჯახში, სადაც ხალხის პატივსაცემად სამარხო სუფრაა გაშლილი. იმავე ღამეს ჭირისუფალი საფლავზე გადის და ცეცხლს ანთებს - მიიჩნევა, რომ სულს ეშინია, ცეცხლით კი ბოროტი ძალები იდევნება. მთელი წელი ოჯახში გლოვაა, წლის ბოლოს კი მკვდრისთვის საკლავი იკვლება.

მომზადებულია სხვადასხვა ეთნოგრაფიული მასალის გამოყენებით

ფოტოზე: სვანური ზარი, სოფელი ლატალი - 17 იანვარი, 2012 © სტუდია მრავალჟამიერი

"აქტიურობა მაღალია" - რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა უკვე ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით ასაცრელად?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა გასულ 24 საათში

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ