ავტორი:

როგორ შენდებოდა თბილისის სარეკრეაციო ზონები და რა დარჩა დღეს მათგან

როგორ შენდებოდა თბილისის სარეკრეაციო ზონები და რა დარჩა დღეს მათგან

უკანასკნელ წლებში, ყველა ჩვენთაგანი თვალს ადევნებს, როგორ ეწირება ერთ დროს რეკრეაციული ზონებითა და მწვანე საფარით მდიდარი თბილისი ქაოტური ურბანული განაშენიანების პროცესს.

საბჭოთა პერიოდის ფოტოებში ეს ადგილები აბსოლუტურად სხვაგვარად და სხვა ფერებში შემოსილად გამოიყურებოდა. არადა, მაშინდელი სტანდარტის მიხედვით, ქალაქში, სადაც 0.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 15 კვ.მ უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშინაც ვერ ვაკმაყოფილებდით სტანდარტს, რადგან რეალურად ეს მაჩვენებელი 8 კვ.მ-ს შეადგენდა. გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 წელს დაფიქსირდა - 13 კვ.მ. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 10 ერთეულით დაბალია და 3 კვ. მეტრს შეადგენს.

დღეს გიამბობთ, როგორ შენდებოდა სხვადასხვა სარეკრეაციო ზონა თბილისში და რა დარჩა დღეს მათგან.

ვაკის პარკი

ვაკის შუაგულში პარკის მშენებლობა 1945 წელს ქუჩუ დგებუაძისა და ნელი ციციშვილის პროექტის მიხედვით დაიწყო და 226 ჰექტარ ფართობზე გაშენდა. დღეს ვაკის პარკი 19 ჰექტარს მოიცავს. პარკის ცენტრალური ღერძი ქედზე მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალით სრულდება.

დიღმის ტყე-პარკი

დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყე-პარკი ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩებს შორის მდებარეობს. ტერიტორია 1934 წელს 75 ჰექტარს შეადგენდა. აქ თბილისის საბაზისო სანერგე მეურნეობა იყო განთავსებული. დღეისათვის ამ ფართობიდან 20.5 ჰექტარია გადარჩენილი.

ვერის ბაღი

დღეს მისი ფართობი 4 ჰექტარზე ნაკლებია. უწინ ამ ტერიტორიაზე გაშენებული ბაღები, ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერეს მტკვართან შესართავამდე ვრცელდებოდა. შემდეგ ბაღების ნაწილი სასაფლაოს დაეთმო. 1898 წელს, როდესაც ქალაქურმა განაშენიანებამ ვერის უბნის დიდი ნაწილი მოიცვა, საქართველოს ეგზარქოსის თანხმობით ქალაქის მთავრობამ სასაფლაო გააუქმა და ბაღის მოწყობა დაიწყო. საბჭოთა პერიოდში ბაღს სერგეი კიროვის სახელი მიენიჭა და 1933 წელს დაიწყო მისი კეთილმოწყობა აგრონომ-დეკორატორ მაჭავარიანის პროექტით. საბჭოთა წლების დასასრულთან ერთად ამ ადგილს ვერის ბაღის სახელი დაუბრუნდა.

ალექსანდრეს ბაღი

დღეს ამ ბაღის ზედა ტერასა 9 აპრილის, ხოლო ქვედა - გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს, თუმცა, საზოგადოებაში მაინც ძველებურად ალექსანდრეს, ან ალექსანდროვის ბაღად მოიხსენიებენ. ეს სახელი რუსი იმპერატორის ალექასნდრეს პატივსაცემად დაერქვა. ალექსანდრეს ბაღი ოფიციალურად ქალაქის პირველი საზოგადოებრივი დასვენების პარკია, რომელსაც საფუძველი 1859 წელს ჩაეყარა. გერმანელ არქიტექტორ ოტო სიმონსონს დაევალა პარკის პროექტის შემუშავება, რომელიც ორ ტერასაზე უნდა გაშენებულიყო. 1865 წელს პარკი ოფიციალურად გაიხსნა და როგორც ამბობენ, დღევანდელი რუსთაველის გამზირიდან მტკვრის პირამდე ტერიტორიას მოიცავდა. მე-19 საუკუნეში ბაღი ორად გაყო გზამ, რომელიც ახლაც არის და თაბუკაშვილის ქუჩის სახელს ატარებს. მე-20 საუკუნეში, ერთხანს, ამ გზაზე ტრამვაიც მოძრაობდა.

ზოოლოგიური პარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი დაარსდა 1927 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 2015 წლის წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის დიდი ნაწილი დაიტბორა. უკვე დაწყებულია ზოოპარკის თბილისის ზღვის მიდამოებში გატანის პროცესი. მის ადგილას კი როგორც ამბობენ, ცენტრალური პარკი გაშენდება.

დედა ენის ბაღი

დედა ენის ბაღი გაშენებულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. უწინ, ამ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მადათოვის კუნძული მდებარეობდა, რომელიც მტკვრის დონის აწევის შედეგად გაქრა. ამ ტერიტორიაზე ბაღის გაშენება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყდა, როდესაც სანაპიროზე სტალინის სახელობის მაგისტრალი გაიყვანეს. დედა ენის ბაღი ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა. 1978 წლის 14 აპრილს დედა ენის ბაღში ჩატარდა დიდი მიტინგი ენის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, რამაც შედეგი გამოიღო და ქართული სახელმწიფო ენად დარჩა. მოგვიანებით 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა. ბოლო წლებში, დედა ენის ბაღის გარკვეული ტერიტორია იუსტიციის სახლის მშენებლობას შეეწირა.

მზიური

ამ საბავშვო ქალაქის გაშენების იდეა მწერალ ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის. მშენებლობა მდინარე ვერეს ხეობაში 1981 წელს დაიწყო. "მზიურის" სიგრძე პროექტის მიხედვით 15 კმ იყო. მოგვიანებით პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და პოლიციის შენობა აიგო. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, დაზიანდა პარკის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ მდინარის ნაპირზე იყო გაშენებული.

ექსპო-ჯორჯია

წერეთლის გამზირზე საგამოფენო ცენტრის შექმნის ისტორია 1958 წელს იწყება. ამ დროს ქვეყანამ დროებითი საგამოფენო პავილიონები ააშენა და თბილისის 1500 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოაწყო ინდუსტრიული ნაწარმის გამოფენა. ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და შედეგად თბილისის ცენტრში განთავსდა 11 პავილიონი, სათბური, აუზი და პარკი. საბჭოთა პერიოდში საგამოფენო ცენტრში საბჭოთა მიღწევების ხაზგასასმელად, ეწყობოდა ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის პერმანენტული გამოფენები. წელიწადში ერთხელ სივრცე ეთმობოდა საერთაშორისო გამოფენებს. 1994-1998 წლებში მოხდა ორგანიზაციის პრივატიზირება და კომპანია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. ინფრასტრუქტურა განახლდა და სიმწვანეც მაქსიმალურად შენარჩუნდა.

თბილისის ზღვის პარკი

თბილისის ზღვა 31 მლნ კუბამეტრი წყლის ტევადობით 1951 წელს შეიქმნა. წარსულში აქ ყოფილა ე.წ მლაშე ტბები, სადაც თბილისელები იკრიბებოდნენ. წყალსაცავში ზემო მაგისტრალის არხით ივრის წყალი ჩაედინება. არხის ვარდნილებში მოწყობილია სამი მომცრო ელექტროსადგური. ზღვის მიმდებარე მიწებზე, 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი 1956 წელს შეიქმნა. პარკის გაშენების იდეა იოსებ ჩოდრიშვილს ეკუთვნოდა, რომლის ხორცშესხმაშიც ცეკა-ს მდივანი ვასილ მჟავანაძე დაეხმარა. თავდაპირველად პარკი 250 ჰექტარი იყო, მოგვიანებით კი 50 ჰექტარი შეუერთეს.

რიყის პარკი

გაიხსნა 2010 წლის 26 მაისს. მას საქართველოს რუკის ფორმა აქვს და თითოეული რეგიონი ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში რიყედ იწოდა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი, რომლის ნაწილი მოგვიანებით სოფელმა ჩუღურეთმა დაიკავა. XVII საუკუნეში რიყე საასპარეზო ადგილს წარმოადგენდა. მდინარე მტკვრის ადიდებისას რიყე იტბორებოდა. XIX საუკუნეში აქ ჩამწრივებული იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები. 2000-იანი წლების დასაწყისი აქ ამავე პრინციპით რესტორნები იყო განთავსებული, რომლის აღების შემდეგაც რიყის პარკი გაშენდა.

მთაწმინდის პარკი

მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. დროთა განმავლობაში პარკმა იერსახე შეიცვალა და ის დღემდე თბილისელთა თავშეყრის საყვარელ ადგილად რჩება.

ბოტანიკური ბაღი

ოთხი საუკუნის წინ ამ ტერიტორიაზე 3 ბაღი იყო გადაშლილი, სამივე სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა და ასეც ერქვა - მეფის ბაღები. 1795 წელს აღა მაჰმად ხანმა თბილისი გადაწვა და ხანძარს ბაღებიც ემსხვერპლა. 1801 წლიდან საქართველოს სამეფო კარის ბაღი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და "სახელმწიფო სახაზინო ბაღი ეწოდა". 1809 წლიდან ბაღი კავკასიის მმართველის განკარგულებით, ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობისა და მანუფაქტურის მრეწველობის წამახალისებელ საზოგადოებას გადაეცა, რომელსაც საფთიაქო მცენარეების გახარება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მრავალი დეკორატიული და იშვიათი სახეობის მცენარეც დაირგო. 1845 წელს ვორონცოვის ბრძანებით ბაღს"ბოტანიკური ბაღი" ეწოდა. 1856 წელს მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ თბილისის ბოტანიკური ბაღი ხაზინისათვის არამომგებიან დაწესებულებად მიიჩნია და მოქალაქეთა დასასვენებელ და სასეირნო ბაღად აქცია. 4 წელში ბაღს კვლავ დაუბრუნდა ბოტანიკური ბაღის სტატუსი. ბაღში მცენარეთა კოლექციების გაშენებას 1900 წლიდან საფუძვლად დაედო სრულიად ახალი მეთოდი, რომელიც დღესაც კოლექციების განლაგების ძირითად პრინციპადაა მიჩნეული ბოტანიკურ ბაღებში. ბაღის ფართობი გარკვეული ხნის წინ 128 000 ჰექტარი იყო, დღეს გაცილებით ნაკლებია.

მუშტაიდის ბაღი

ბაღი გააშენა 1830-იან წლებში ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთე აღა სეიდ თავრიზიმ, რომელიც ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. რუსეთის მთავრობამ მას თბილისში ადგილი გამოუყო, სადაც ეს პიროვნება წლების განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და ამავე ტერიტორიაზე გააშენა ბაღი, რომელიც დღევანდელი თბილისის სტადიონის ტერიტორიასაც მოიცავდა. მირ ფეთე აღა მუჯთაჰიდი გარკვეული დროის შემდგომ ისევ ირანში დაბრუნდა, სახლი და ბაღი კი კერძო პირს მიჰყიდა. მას შემდეგ ამ ბაღმა კიდევ არაერთი მფლობელი გამოიცვალა, მე-19 საუკუნის მიწურულს ქალაქის მაშინდელმა მმართველობამ აიღო მასზე მზრუნველობა. კომუნისტურ წლებში მუშტაიდის ბაღი სერგო ორჯონიკიძის სახ. კულტურისა და დასვენების ბაღად იწოდებოდა. 1935 წელს ბაღში საბავშვო რკინიგზა ამოქმედდა.

ვარდების ბაღი

ყოფილი გორკის ბაღი, ახლა უკვე "ვარდების ბაღი", დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. ბაღს რეკონსტრუქცია 2011 წელს ჩაუტარდა. მისი ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ფოტოები: speakingstones.jumpstart.ge; თბილსერვის ჯგუფი

"ე.წ. "კომენდანტის საათის" შემსუბუქებასა ან გაუქმებაზე მსჯელობა არ მიდის, ამას ბოლოს მოვიტოვებთ" - ნათია თურნავა

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?

ინვესტორი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობას იწყებს - მერიაში ამბობენ, რომ ნებართვა გაცემული არ არის