ავტორი:

რა ფსიქოსოციალური პრობლემებია სოციალურად დაუცველ ოჯახებში - "იყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები..."

რა ფსიქოსოციალური  პრობლემებია სოციალურად დაუცველ ოჯახებში - "იყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები..."

ჩვენში უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახია, რომლებიც საზოგადოების, სახელმწიფოს მხარდაჭერას სჭიროებენ. ნანა გურგენიანი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში იმ ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისია, რომელიც სოციალურად დაუცველია და სადაც 2 მცირეწლოვანი პატარა იზრდება (4 წლის ბიჭი და 6 წლის გოგონა). ცხოვრობენ ქირით, თვეში 50 ლარს იხდიან.

"ჩემი მეუღლე ლანჩხუთიდან არის, მე  ყვარელიდან, სახლი არც ერთს გვაქვს და არც პროფესია. სოციალური პრობლემის წინაშეც ალბათ ამიტომ დავდექით, გაგვიჭირდა ცხოვრება. მეუღლეს სამსახური არ აქვს. დროებით ავტოსამრეცხაოში კი მუშაობდა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ახლა ვეღარ მუშაობს. თირკმელები აწუხებს, თან, 10 წლის წინ ავარიაში მოყვა და სიცივეზე მოტეხილობები თავს ახსენებს. როცა მუშაობდა, მე ბავშვების დამტოვებელი არ მყავდა, სადმე მეც რომ დავსაქმებულიყავი", - ამბობს ნანა და მადლიერია პროექტის, რომელშიც ცოტა ხნის წინ მოხვდა.

ასოციაცია "ჩვენი სახლი-საქართველოს" პარტნიორ ორგანიზაცია "სოციალურ ქოლგასთან" ერთად, პროექტს "ძლიერი ოჯახი-საზოგადოების განვითარების საფუძველი" ახორციელებს. პროექტი იმ სოციალური ოჯახების გაძლიერებასა და დახმარებას ცდილობს, სადაც შესაძლოა, ბავშვის მიტოვების რისკიც არსებობდეს. ამიტომ პროექტის ფარგლებში ექვს მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ქუთაისი, ხაშური, გორი, რუსთავი, თელავი) ოჯახების საჭიროებების შეფასება მოხდა, რათა მათი დახმარება სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩამოყალიბდა გუნდები, რომლებიც ოჯახებთან მომუშავე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისგან შედგება. გარდა იმისა, რომ ისინი მუშაობენ შერჩეული ოჯახების სოციალური უნარების განვითარებაზე, ასევე ამზადებენ პროგრამების, პროექტებისა და სერვისების რუკას, რაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება, რასაც აქამდე საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდნენ.

ნანა გურგენიანის ოჯახი პროექტში სწორედ ამ პრინციპით მოხვდა: "დამიკავშირდნენ და ჩვენთან მოვიდნენ ეს გოგოები, გავიცანი, გავესაუბრე და მათთან ურთიერთობა მომეწონა. ტრენინგებზე დავდივარ და ბევრი რამ ვისწავლე, რაც ცხოვრებაში მადგება, განსაკუთრებით - ბავშვების აღზრდაში. პატარა ბაღში დადის, გოგონა სასკოლეა. მაგალითად, უმცროსი აქამდე მაღაზიაში თუ შემყავდა, ისეთი რაღაცების ყიდვას ითხოვდა, რომლის საშუალებაც არ მქონდა, ის დაუსრულებად ტიროდა. ამას განვიცდიდი, გავლილი ტრენინგების შედეგად მივხვდი - იტიროს, არა უშავს, გაჩერდება. ამ მეთოდმა გაამართლა. ახლა ერთს წამოიტირებს და ჩერდება, ცრემლებიც აღარ ჩამოსდის. აქამდე ჩვენი პრობლემებით ამ გოგოების გარდა არავინ დაინტერესებულა... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მატერიალური დახმარება მათ არ ეხებათ, საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს, რითაც ბავშვებს ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და წიგნებით დაეხმარნენ"

- თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო თქვენნაირი ოჯახების დასახმარებლად?

- ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მიწა რომ გვქონდეს, დავამუშავედით... რაღაცას დავთესავდით, მოვიყვანდით, მაგრამ მიწა კი არა, სახლიც არ გვაქვს. სადაც ვცხოვრობთ ქირით, იქაც არ არის მიწის ნაკვეთი. ან მეუღლეს შესაფერისი სამსახური რომ ჰქონდეს, რომ დაესაქმებინათ. უნდა გითხრათ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მოხდა ჩემი დასაქმება. ფსიქო-ნევროლოგიურ დისპასერში რეგისტრატორი ვარ. კომპიუტერის მოხმარება ვიცოდი, მაგრამ სხვადასხვა პროგრამაში მუშაობა - არა, ამაშიც დამეხმარნენ, მასწავლეს. ნათიამ და თეამ დამასაქმეს და მათი მადლობელი ვარ.

ნათია მექვაბაური, პროექტის ფსიქოლოგი:

- ნებისმიერი პრობლემა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს - ვიღაც სუსტი ხდება, დაუცველი, ვიღაც აგრესიული და ა.შ. ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, გამოირჩევიან დაბალი თვითშეფასებით, ასეთივე მოტივაციით, სხვადასხვა მოვლენისადმი აქვთ აპათიური დამოკიდებულება, აგრესია, ზოგს კონფლიქტისადმი მიდრეკილება უჩნდება. ამას ხშირად ოჯახური კონფლიქტები იწვევს, რასაც საბოლოოდ პიროვნების სრულ უუნარობამდე მივყავართ. მათი სოციალური ფუნქციონირება ძალიან ქვეითდება. პრაქტიკულად, სოციალურად უფუნქციოები არიან, საზოგადოებაში აღარ გამოდიან და რაღაც პერიოდის მერე ჩაკეტილებიც ხდებიან. თელავში ამ პროექტს ასოციაცია "სოციალური ქოლგა" ახორციელებს, ანუ ჩვენ ვართ თანაგანმცხადებლები ასოციაციის "ჩვენი სახლი საქართველოსთვის". თელავში სოციალურად დაუცველი 6 ოჯახი გვყავს, რომელთანაც ვმუშაობთ.

- გარდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა კიდევ რა პრობლემები იჩენს თავს?

- სოციალურად დაუცველ ოჯახებში ხშირია ფსიქოლოგიური პრობლემებიც. იყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები, ანუ აღზრდის მეთოდებში რაღაცეები ეშლებოდათ, არ იცოდნენ. მოხდა მშობლებისთვის პოზიტიური აღზრდის მეთოდების გაცნობა და მშობლების უნარების განვითარება, რის შედეგადაც მოხდა ბავშვების ქცევის კორექციაც - პატარებს აღარ უყვირიან, აღარ ეჩხუბებიან, არ არის წამორტყმის ფაქტები. ეს ყველაფერი, სხვათა შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხდებოდა. მოკლედ, ეს ყველაფერი სერიოზულ ფიქოლოგიურ ძალადობაში რომ არ გადაზრდილიყო და ბავშვები ამ სიტუაციიდან გამოსაყვანი არ გამხდარიყვნენ, დახმარება გავუწიეთ.

- ბავშვების მინდობით აღზრდის მსურველები ხომ არ ყოფილან?

- ასეთი სურვილი არ გამოუთქვამთ, პირიქით, ისინი ბავშვის საკუთარ ოჯახში შენარჩუნებას ცდილობდნენ.  ასეთი ფაქტები უმეტესად ძალადობის შემთხვევების დროს ხდება და სოცმუშაკებს ოჯახებიდან ბავშვი გამოჰყავთ. ამ დროს საფრთხე იკვეთება და პატარების იქ დატოვება არ შეიძლება.

- ანუ თქვენი როლი ამ ადამიანებისთვის არამატერიალური დახმარების აღმოჩენაა...

- დიახ, არამატერიალური დახმარება, სწორად აღნიშნეთ, ვახდენთ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და სოციალური მუშაკის მომსახურებას... ვეხმარებით მათ საკუთარი ემოციების, ბრაზის მართვის მიმართულებით... შევასწავლეთ კომუნიკაცია, პოზიტიური ზრდის მეთოდები, ბავშვის განვითარებაზე ორიენტიებული სავარჯიშოები, როგორ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბავშვებს განვითარებაში, ასევე შევასწავლეთ ასაკობრივი თავისებურებები. ბავშვების გარდატეხის ასაკზე სერიოზული აქცენტი გვქონდა, ვიმუშავეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან, რადგანაც პროექტში ასეთი ბავშვებიც გვყავს. სოციალური მუშაკი ასევე მუშაობდა სოციალური სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე მათთვის, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, დავეხმარეთ დასაქმებაში. მაგალითად, ნანა გურგენიანს კარგი აკადემიური უნარები ჰქონდა, მაგრამ სოციალური პრობლემების გამო ვერ ახერხებდა დასაქმებას, გარეთ გამოსვლას. ეს ყველაფერი კარგი იყო მათი სოციალიზაციისთვისა და თვითშეფასების ამაღლებისთვის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ