RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე - ჩვენზე მეტად მონდომებული არავინაა, რომ საქმე კარგად ვაკეთოთ

RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე - ჩვენზე მეტად მონდომებული არავინაა, რომ საქმე კარგად ვაკეთოთ

RMG-ის ახალი პროექტი თეთრიწყაროს რაიონში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების კრიტიკის მორიგი ობიექტი გახდა. საზოგადოების წევრები კომპანიას, ოქროს მოპოვების პროცესში, გარემოზე ზემოქმედების უარყოფით მხარეებზე მიუთითებენ. რას პასუხობს ოპონენტებს RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე, ამას ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ. 

- ბატონო ჯონი, რა ხდება RMG-ს გარშემო? თქვენი აზრით, რამ გამოიწვია დაპირისპირება, ვნებათაღელვა?

- RMG ძალიან დიდი და ქვეყნის ეკონომიკისათვის პრაქტიკულად ეროვნული მნიშვნელობის წარმოებაა. ჩვენ ვვითარდებით და წინ მივდივართ, ამასთან ერთად ვფართოვდებით და ჩვენი წარმოების არეალი იზრდება. ვფიქრობ, ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და რასაკვირველია, ბიზნესისთვისაც კარგია. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს გარშემო ყოველთვის დიდია ინტერესიც და ამ პროცესში ბევრი ჭორ-მართალი ტრიალებს. უკვე ვიცით, რომ საზოგადოებრივი ინტერესიც დიდია. ჩვენი კომპანია ვითარდება ადამიანების, საზოგადოების და ქვეყნის საკეთილდღეოდ და არავითარ შემთხვევაში გარემოს დაზიანების ხარჯზე. საწარმოო პროცესის პარალელურად აქტიურად დავიწყეთ ახალი პროგრამების განხორციელება. კომპანიაში ყველა პირობაა შექმნილი, რომ გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების მიმართულება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს. გასულ წელს ჩვენ დავაანონსეთ, რომ 2021 წლამდე ჩვენი კომპანიის პრიორიტეტებია - გარემოსდაცვითი პოლიტიკა, შრომის უსაფრთხოება, სოციალური, საგანმანათლებლო პროგრამები და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამა. ამ საკითხებზე რამდენიმე ღია პრეზენტაციაც გვქონდა და საზოგადოებას გავაცანით ჩვენი გეგმები, თუმცა ე.წ. ვნებათაღელვის გამომწვევი პირები ამ პრეზენტაციებს, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად მოვიწვიეთ, არ დაესწრნენ. ამ დღეებში გამოთქმული განცხადებები კი ალბათ, უბრალოდ, ბიზნესის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანიის ნაწილია. ვფიქრობ, ეს კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება და ეს უკვე აშკარად ჩანს. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებამ ისწავლა უკვე მსგავსი კამპანიების გარჩევა.

- რას გულისხმობთ?

- სამწუხაროა, რომ, ადამიანთა ჯგუფი, ვინც RMG-ს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, ჩემი აზრით, არ არის საქმეში ჩახედული და არც გარემოსდაცვითი სფეროს ექსპერტები არიან. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა - ვის ინტერესებს ემსახურება მიზანმიმართული კამპანია? თავად განსაჯეთ - თუკი მართლა აინტერესებთ და გული შესტკივათ, შეეძლოთ მოემართათ კომპანიისთვის და გვემსჯელა საკითხებზე. ჩვენ ღია ვართ საქმიანი ურთიერთობებისათვის. ჩვენზე უკეთ არავინ იცის 40 წლიანი საწარმოს მინუსები და პლუსები. ამიტომაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დასამალი არაფერი გვაქვს - არც სახელმწიფოსთან და არც საზოგადოებასთან. უბრალოდ, ერთმანეთის მოსმენა საკითხების მოგვარებისთვის უნდა გვინდოდეს. აქ კი ალბათ, უფრო კერძო ჯგუფის ინტერესებთან გვაქვს საქმე, ვიდრე რეალურ გულისტკივილთან. 

კომპანია ქართული სახელმწიფოს, ეკონომიკური განვითარების ინტერესებს ემსახურება. RMG ოპერირებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩვენზე მეტად მონდომებული არავინაა, რომ კარგად ვაკეთოთ საქმე, განვავითაროთ საწარმო და აქცენტი იმ მიმართულებებზე გავაკეთოთ, რომელსაც დღეს პრიორიტეტად ვთვლით. 

- რაც შეეხება თეთრიწყაროს პროექტს, რაზეც გაკრიტიკებენ ბოლო დღეების განმავლობაში, უფრო კონკრეტულად, რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

- თეთრიწყაროს პროექტის საბადოს გახსნა უახლოეს ხანში იგეგმება. გეოლოგიური და არქეოლოგიური სამუშაოები დამთავრდა, გარემოს ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა, ტყის ტაქსაცია, ინფრასტრუქტურის მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩატარებულია. კონკრეტულად, კარიერის გახსნის შემდეგ იქვე მიმდებარე ტერიტორიაზე საწარმოო მოედანი უნდა გაკეთებულიყო. გარემოზე ნაკლები ზემოქმედების მიზნით, იმიტომ, რომ ტყის საფარი არ გაგვეკაფა, პროექტში შევიტანეთ ცვლილებები და მადნის დამუშავების ნაწილი გადმოვიტანეთ RMG Gold-ის ტერიტორიაზე ანუ უკვე არსებულ მოედანზე და იქ ვგეგმავთ მოცულობების გაზრდას. ამდენად, თეთრიწყაროში ახლა მხოლოდ საბადო იქნება. ეს ჩვენთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგრამ არსებული საწარმოო მოედნის გაფართოება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავაუმჯობესოთ ძველი წარმოებაც. აი, ეს არის ჩვენი მიდგომა და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა საქმიანი და კონსტრუქციული მოსაზრების, შენიშვნისა და იდეის მოსასმენად ყოველთვის მზად ვართ. 

პროექტი არის 4 წლიანი და მოპოვებული მადნის დასამუშავებლად უკვე არსებული სამრეწველო მოედანი გაფართოვდება დაახლოებით 10 პროცენტით. ჩვენთვის ცნობილია, რა აინტერესებს ადგილობრივ მოსახლეობას. მოსახლეობა ელოდება, რომ ამ პროექტიდან სიკეთე მიიღოს. ჩვენც ასე ვფიქრობთ, თუმცა გვაქვს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. რასაც შევძლებთ უსათუოდ გავაკეთებთ. მათ აინტერესებთ მიწასთან, გზასთან და დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები. მინდა ვთქვა, რომ პროექტზე ადგილობრივები იქნებიან დასაქმებული. სადაც RMG მუშაობს ყველგან დასაქმებულთა დაახლოებით 90 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობაა. 

- თეთრიწყაროს პროექტზე მასალების ამ ახალი მეთოდით მოპოვებასთან დაკავშირებით არის კრიტიკული მოსაზრება. არის მოსაზრება, რომ ეს მეთოდი იმაზე უარესია, ვიდრე აქამდე არსებული. 

- ალბათ, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენი ოპონენტები ვერ ფლობენ ინფორმაციას, არ იციან საკითხი, პროექტი და ვერ ერკვევიან ამ დარგში. რაც შეეხება საბადოს, იქნება ისეთივე ღია მოპოვების კარიერი, როგორიც მაგალითად, ხუთი გვაქვს RMG Gold-ში და ეს მადნის მოპოვების მსოფლიოში აღიარებული წესია. აქ ჯერ მხოლოდ ერთი კარიერის გახსნას ვგეგმავთ. აქვე აღსანიშნავია, რომ მადნის ტიპიც არის ანალოგიური ე.წ. გაკვარცებული ტუფები, რომელიც ზედაპირიდან უნდა მოიხსნას. მასალის ტრანსპორტირება მოხდება RMG Gold-ის სამრეწველო უბნებზე, შემოვლითი გზით, რომელსაც ასევე ჩვენი კომპანია გააკეთებს.

- არსებობს აზრი, რომ ადგილზე იმატა დაავადებების რიცხვმა, რასაც სწორედ კარიერის მოპოვებას უკავშირებენ. ატარებს თუ არა თქვენი ორგანიზაცია ამ მხრივ კვლევებს და რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ? 

- ესეც ჩვენი ოპონენტების მორიგი გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო ინფორმაციაა. მე გთხოვთ კითხოთ ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს - ერთი კომპეტენტური და საექსპერტო კვლევა გვაჩვენონ და მზად ვარ, განვიხილოთ. თქვენთვის ცნობილია მათი ჯგუფი რა დასკვნებს ეყრდნობა? ესეც სადაო თემაა. არსებობს დაავადებათა ოფიციალური სტატისტიკა. ეს არის ღია ინფორმაცია და ყველასათვის ცნობილია, რომ ქვემო ქართლში რიგი დაავადებებისა ბევრად ნაკლებია, ვიდრე თბილისსა და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ამიტომ, ჩვენ ვერ ავყვებით უარგუმენტო საუბრებს. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კომპეტენტურ ოპონენტებთან ერთად მოვისმინოთ ინფორმაცია კვლევების შესახებ, გავიზიაროთ კონკრეტული რეკომენდაციები და ასეთის არსებობის შემთხვევაში მივიღოთ ზომები. 

სამწუხაროა, რომ მათ ვინც გვაკრიტიკებს, ალბათ, ადამიანების რეალურ პრობლემებზე არ იციან ან შესაძლოა, არც აინტერესებთ. ყველა ბიზნესს და წარმოებას თან სდევს გარკვეული რისკი, მაგრამ ჩვენს წარმოებაში დასაქმებულები ბევრად დაცულნი არიან. გვაქვს თანამშრომელთა დაზღვევის და ცალკე სოციალური დახმარების პროგრამაც, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ. 

- უფრო კონკრეტულად, რა პროგრამებზეა საუბარი? 

- კომპანიას აქვს თანამშრომლების შრომის უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტი და ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა. თუ სხვა პროგრამებზე მეკითხებით, ასევე არის ინფრასტრუქტურული პროგრამა, რომელიც სკოლების, ბაღების და ლიფტების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე გვაქვს რეგიონში კულტურული კოლექტივების, სპორტული გუნდებისა და სხვა მხარდაჭერის პროგრამები. ამ მხრივ კომპანია წელიწადში დამატებით 3 მილიონზე მეტს ხარჯავს. ჩვენ ამაზე არასოდეს ვსაუბრობთ, მაგრამ წლებია ვაკეთებთ. ასეთ თემებზე უკეთესია კითხოთ ხალხს.

- ბოლნისის მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით რა ეტაპზე ხართ? 

- მუზეუმი უკვე აშენებულია. ეროვნული მუზეუმის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ახლა მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. ჩვენც ველოდებით რომ მალე დასრულდეს, რადგან ულტრათანამედროვე, ევროპული დონის, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იქნება რეგიონში. მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ შემდეგშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას და RMG განახორციელებს ამ პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას. დღემდე მშენებლობისთვის 7 მილიონი ლარია დახარჯული და კიდევ წინაა ავეჯის, ინფრასტრუქტურის, ექსპოზიციის მოწყობა. ჩვენ მშვიდად ვაკეთებთ სიკეთეს და მიგვაჩნია, რომ ამას აფიშირება არ სჭირდება. მაგრამ იმ ადამიანთა გასაგონად აუცილებლად ვიტყვი, რომ ჩვენი სიმშვიდის მიუხედავად, ბიზნესის სახელის შელახვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლებას არავის მივცემთ. აქ ნამდვილად დავდგებით ჩვენი იმიჯისა და ისტორიული საწარმოს დასაცავად. 

- როგორ ფიქრობთ, გარემოსდაცვითი კუთხით თქვენი კომპანიის მიმართ არსებული შენიშვნები რამდენად სამართლიანია? გეგმავთ თუ არა გარემოს დაცვის მიმართულებით მიდგომა შეცვალოთ და კონკრეტულად რას აპირებთ?

- ჩვენზე უკეთესად ის გამოწვევები, რაც გარემოს დაცვის კუთხით არის გასაკეთებელი, არავინ იცის და ჩვენ ამას არ ვმალავთ. პირიქით, ღიად ვამბობთ და მეც ოფიციალურად ვაცხადებ, რომ გარემოს დაცვის კუთხით დაკისრებული ყველა გადასახადი, რაც სახელმწიფოს და სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიას განესაზღვრა, გადახდილია. უფრო მეტიც, გარემოს დაცვის სფეროში გამოვლენილი ზოგიერთი დარღვევა უკვე აღმოფხვრილია, ხოლო უმეტეს მათგანზე მუშაობა დაწყებულია და უახლოეს პერიოდში დასრულდება. მოგეხსენებათ, დარგის კომპლექსურობის გათვალისწინებით გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება ერთ დღეში შეუძლებელია. არსებობს სხვა შემოწმებებიც, რომელიც მსჯელობის საგანი იყო ამა თუ იმ ჯგუფებში, მაგრამ პროცესი ჯერ არ დასრულებულა და საბოლოო გადაწყვეტილებებიც არ მიგვიღია. როდესაც ოფიციალურად მივიღებთ შედეგებს, შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საჭიროების შემთხვევაში რა გზებს მიმართავს კომპანია, რა გარემოს დაცვით ღონისძიებებს განახორციელებს და რა ვადაში დარღვევების გამოსასწორებლად. ერთსაც გეტყვით, ჩვენს თანამშრომლებს აქვთ მაღალი კომპეტენცია ამ სფეროში და გვყავს საერთაშორისო ექსპერტებიც, რომლებმაც მთლიანად შეიმუშავეს კომპანიის გარემოსდაცვითი პოლიტიკა. მათი დახმარებით შედგა გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა სადაც გაწერილია კონკრეტულად შესასრულებელი სამუშაოები, რომელთა უმეტესობაზე მუშაობა დაწყებულია. გარემოსდაცვითი პროგრამის შესრულებისათვის ათეულობით მილიონის ინვესტიციას ვგეგმავთ.

ჩვენ რეალობას ყოველთვის სწორად ვაფასებთ და კიდევ ერთხელ მინდა, რომ აღვნიშნო - ისტორიული პრობლემები მოკლე დროში ვერ სწორდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი საქმიანობის არეალის ფარგლებში არსებული მდინარეების საწარმოო პროცესისგან გამოწვეული დაბინძურება არ ხდება, მაშინ როდესაც ისტორიულად, ანუ მანამ სანამ RMG დაიწყებდა ოპერირებას ისტორიულად ასე ხდებოდა. ჩვენ, საწარმოო წყლები ტექნოლოგიურ პროცესში ჩავრთეთ და ეს ციკლი დავხურეთ. ამ ეტაპზე დარჩა ობიექტურად არსებული ბუნებრივი დაბინძურების კერები. მიუხედავად ამისა, პროგრამის ფარგლებში იქაც ვგეგმავთ გამწმენდი ნაგებობის მოწყობას და საბოლოოდ, ამ საკითხსაც მოვაგვარებთ. ჩვენს ოპონენტებს კი ვურჩევდი, გაიხსენონ როგორი იყო ეს წარმოება 10-15 წლის წინ და ხმამაღლა აღიარონ ის, რასაც გულახდილ საუბრებში აღნიშნავენ ხოლმე - დღეს სიტუაცია ბევრად უკეთესია. ასევე მზად ვართ ერთი წლის შემდეგ ერთად წავიდეთ ადგილზე და კიდევ ვნახოთ როგორი შედეგები გვექნება. 

- და ბოლოს, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები?

RMG ვითარდება და ეს პირველ რიგში, ათასობით კონკრეტული ადამიანისა და მათი ოჯახებისათვის სიკეთის მომტანია. კომპანია უკვე ბოლნისისა და დმანისის რაიონებთან ერთად, თეთრიწყაროშიც იწყებს მუშაობას, სადაც მარტო მოსაკრებლის სახით 5 მილიონი ლარი შევა ადგილობრივ ბიუჯეტში. ბოლნისის რაიონში მოსაკრებლის სახით 15 მილიონ ლარზეა საუბარი, ხოლო დმანისში მხოლოდ RMG Gold-ის ტერიტორიიდან, ნახევარი მილიონი ყოველწლიურად შედის. ეს არის ის მშრალი ციფრები, რომელიც წიაღისეულის მოსაკრებლის სახით არის. აღარ ვლაპარაკობ ადამიანთა დასაქმებაზე, რადგან 90 პროცენტი ჩვენი თანამშრომლებიდან არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. ამას ემატება სოციალური, კულტურული, საინვესტიციო, საგანმანათლებლო მიმართულებები, რომელსაც კომპანია თავისთავად ახორციელებს. ჩვენი მომავალი გეგმები უკავშირდება ახალი ობიექტების გახსნას. უახლოეს პერიოდში, კიდევ ერთ ობიექტს გავხსნით იმიტომ, რომ ეს კომპანია დღეს წარმატებულია. ჩვენ საქართველოს ექსპორტიორთა პირველ ათეულში ვართ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ რაღაც პერიოდში რესურსის და მარაგების უქონლობის გამო იდგა კომპანიის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე შევძელით ძლიერი რესურსების მქონე ბაზის შექმნა.

ამის პარალელურად, ვმუშაობთ გარემოსდაცვით საკითხებზე, აქტიურად ვართ ჩართული ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამაში, გვაქვს მიმდინარე სოციალური პროექტები და იმედი გვაქვს, რომ ცალკეული ჯგუფების მხრიდან თავისუფალ ბიზნესზე ზეწოლას ადგილი არ ექნება. ჩვენ ვართ სამთო-მოპოვებითი დარგის მუშაკები და ამ საქმეს, როგორც სხვა მსგავს სფეროებს, მშვიდი, დაფიქრებული, პროფესიული და გაწონასწორებული მუშაობა უნდა. ასეც ვაგრძელებთ და გასახარია, რომ ნამდვილად ბევრს ვაკეთებთ არა მხოლოდ 3000 თანამშრომლის და რეგიონისთვის, არამედ ძლიერი და წარმატებული საქართველოსთვის.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის