რაზე საუბრობს დამწვარი სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაცია და რა კომენტარს აკეთებს ხანძრის მიზეზებზე კახა კალაძე

რაზე საუბრობს დამწვარი სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაცია და რა კომენტარს აკეთებს ხანძრის მიზეზებზე კახა კალაძე

საუბრობს, რომ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით აღნიშნული სავაჭრო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე გამართული იყო

როგორც ადმინისტრაცია საუბრობს, ობიექტზე ელექტროგაყვანილობა რამდენიმე თვის წინ შეიცვალა, ასევე სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით აღნიშნული სავაჭრო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე გამართული იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „თერგის“ ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამჟამად ტერიტორიაზე საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახური მუშაობს, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინოს. „როგორც კი დასრულდება მუშაობა, დაიწყება დამწვარი ფართების აღდგენითი სამუშაოები. მანამდე ადამიანებს, ვისი საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებობა გვერდით ფართებში გადანაწილდნენ, რათა გააგრძელონ საქმიანობა. როგორც ადმინისტრაცია საუბრობს, აღნიშნულ სავაჭრო ობიექტზე რამდენიმე თვის წინ ელექტროგაყვანილობა მთლიანად შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართული იყო. ახლა, ალბათ გამოძიება დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც სავაჭრო ცენტრ „თერგის“ ერთ-ერთი მეწილე თბილისის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის გიორგი ბაგრატიონის მამა მუხრან ბაგრატიონია. კალაძის თქმით, მუხრან ბაგრატიონს აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში წილები აქვს, თუმცა დეტალების შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნია. 

დამწვარი სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაცია მზად არის, რომ ინდივიდუალურად შეხვდეს თანამშრომლებს და მათი საკითხი ინდივიდუალურად გადაწყვიტოს. რაც შეეხება იმ პირებს, ვისი საქონელიც ხანძარს გადაურჩა, კალაძის თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მათ შესაძლებობა ექნებათ სხვა ფართებში გადანაწილდნენ. 

„შეხვედრა მქონდა ადმინისტრაციასთან. ადმინისტრაცია მზად არის ინდივიდუალურად შეხვდეს თითოეულ ადამიანს, გაიარონ ხელშეკრულებები, მოხდეს აღწერა თუ რა საქონელზეა საუბარი და ამის შემდეგ იქნება ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. მანამდე იმ ადამიანებს, ვისი საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებლობა გვერდით ფართებში გადანაწილდნენ. როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, აქ მომუშავე ადამიანებს მიეცემათ შეღავათიანი ვადები, იგულისხმება იჯარის თანხა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერი სავაჭრო ცენტრ „თერგის“ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა. ადმინისტრაციასთან საუბრის შემდეგ კახა კალაძე მოქალაქეებსაც გაესაუბრა. 

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები