ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” მარტის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” მარტის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” მარტის ნომერი #3(87), რომელშიც წაიკითხავთ: 

ცივილიზაციათა შეჯახება იერუსალიმსა და პალესტინაში / იერუსალიმის პოლიტიკური სტატუსის ისტორია. ნაწილი I

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებამ ებრაულ საზოგადოებაში უდიდესი სიხარული გამოიწვია, მუსლიმურ სამყაროში კი - გაურკვევლობა და გაღიზიანება. პალესტინის საკითხი დიდი ხანია მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა. საკითხის უკეთ გასარკვევად აუცილებელია ვისაუბროთ იერუსალიმის პოლიტიკურ სტატუსზე მისი დაარსების დღიდან თანამედროვეობამდე.

პალესტინა, იგივე ისტორიული ქანაანი, ყოველთვის ღარიბი იყო რესურსებით. თუმცა, რეგიონს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობისთვის. თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და რელიგიური ფაქტორების გამო, პალესტინა ყოველთვის იყო მსოფლიო იმპერიებისა და ცივილიზაციების შეყრისა და შეჯახების ადგილი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იერუსალიმს, რეგიონის ცენტრსა და სამი მსოფლიო რელიგიის წმინდა ქალაქს.

იერუსალიმის დაარსების ზუსტი პერიოდის დასახელება ძნელია არქეოლოგიური მასალების სიმცირის გამო, თუმცა, ნაპოვნი მასალა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ იერუსალიმის ტერიტორიაზე ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოს ხალხი ცხოვრობდა. პირველი წერილობითი წყარო, რომელიც იერუსალიმს მოიხსენიებს, არის ძვ.წ. XIX-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ეგვიპტური “წყევლის წარწერები”. სირიისა და ქანაანის სხვა ქალაქების ხელმძღვანელთა გვერდით, მათში მოხსენიებულია იერუსალიმის (რუსალიმუმის) მმართველებიც...

ქართლის მეფე დავით X და ინგლის-საფრანგეთის ანტიოსმალური კოალიცია

საქართველო მოხსენიებულია დიდი ბრიტანეთის მონარქთა სახელმწიფო კანცელარიის ოცამდე დოკუმენტში. ერთი ლათინურენოვანი საბუთი სავარაუდოდ, ინგლისისა და საფრანგეთის მეფეებს შორის 1532 წლის გაფორმებული ანტიოსმალური შეთანხმების პროექტია. ტექსტში საქართველოს სახელიც ფიგურირებს. ჩანს, საქართველოს მეფეს ჩაფიქრებული ქრისტიანული კონფედერაციისთვის საჭირო და მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევდნენ. რით იყო განპირობებული დასავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესი საქართველოს მეფისადმი XVI საუკუნეში? ეს ის პერიოდია, როცა ოსმალეთის იმპერიამ სულეიმან I-ის მეთაურობით განუზომელ ძლევამოსილებას მიაღწია. მან ალყა შემოარტყა ვენას, ოსმალთა ძალები ბავარიაშიც შეიჭრნენ.

საქართველო იმ დროისთვის სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილი. მოწინავე პოზიციები ქვეყნის მთლიანობის აღდგენისა და აგრესორთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართლის სამეფოს ეკავა. ქართლის მეფე დავით X-მ 1510 წელს მოახერხა და იმერეთის მიერ მიტაცებული ქალაქი გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი დაიბრუნა, მანვე შეძლო კახეთის სამეფოს შემოერთება. 1524 წელს დავით X-მ, სეფიანთა შაჰ ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. დავითის მამამ, მეფე კონსტანტინე II-მ 1492-1496 წლებში დესპანი გაუგზავნა ესპანეთის მეფე-დედოფალს. XVI საუკუნის I ნახევარში ქართლის სამეფოს აქტიურობა, ასევე ევროპაში ელჩობა, უკვალოდ ვერ ჩაივლიდა.

პოლიტიკოსთა პირველი “დესანტი” ევროპიდან

ევროპიდან პოლიტიკოსთა დელეგაცია საქართველოში პირველად 1920 წელს ჩამოვიდა. 14 სექტემბერს მათ ბათუმის ნაპირზე დადგეს ფეხი, სადაც პომპეზური დახვედრა მოეწყო. იმავე საღამოს დელეგაცია საგანგებო მატარებლით თბილისისკენ გამოემგზავრა და 15 სექტემბერს სტუმრები უკვე დედაქალაქში იმყოფებოდნენ. რკინიგზის სადგურზე გაიმართა საპატიო შეხვედრა, სიტყვით გამოვიდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. საპასუხო სიტყვაში ემილ ვანდერველდემ აღნიშნა: “ჩვენ გვეუბნებიან, თითქოს გინდათ ჩვენგან ისწავლოთ. არადა, ჩვენ, დასავლეთი, უნდა თქვენთან მოვიდეთ სასწავლებლად”...

ევროპელ სოციალისტთა ვიზიტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ევროპაში. თითოეული მათგანი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ინტერვიუებში, სტატიებში, ნაშრომებში ყვებოდა საქართველოში ნანახს. რეალურად ეს იყო ევროპელ პოლიტიკოსთა პირველი მასშტაბური ვიზიტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის გაზრდაში.

ნუბიის პირამიდები

ნუბიის პირამიდების აგება ნუბიის მმართველებმა ეგვიპტელების მიერ პირამიდების მშენებლობის შეწყვეტიდან 800 წლის შემდეგ დაიწყეს. 250-ზე მეტი პირამიდა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაშია აგებული. ნუბიის სამხრეთ ნაწილს ეგვიპტელები ქუშს უწოდებდნენ. ეგვიპტის სამეფოს დაცემის ხანაში ის გაძლიერდა და ქუშის სამეფო წარმოიშვა. ძვ.წ. VIII საუკუნეში ქუშის მეფე ზემო ეგვიპტეში შეიჭრა და დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში ეგვიპტეს ქუშის მეფეები მართავდნენ, როგორც ფარაონების XXV დინასტია. ნუბიის პირამიდები მეფე-დედოფალთა განსასვენებლებია, ისინი ჯერ კიდევ უძველეს დროში გაიძარცვა. ამ პირამიდების პროპორცია ეგვიპტურისგან განსხვავებულია. მათი სიმაღლე 6-დან 30 მეტრამდეა. წახნაგები მკვეთრად არის აზიდული ზემოთ - დახრის კუთხე დაახლოებით 70 გრადუსია (ეგვიპტური პირამიდების წახნაგების დახრის კუთხე 40-დან 50 გრადუსამდეა). 1830-იან წლებში ბევრი პირამიდა ძლიერ დააზიანა იტალიელმა ექიმმა-მკვლევარმა ჯუზეპე ფერლინიმ. მას ეზარებოდა ქვიშებში შესასვლელის გათხრა და შიგნით მოსახვედრად პირამიდების მწვერვალებს აფეთქებდა. ასეთი ბარბაროსული მეთოდით მან 40-მდე პირამიდა დაანგრია.

 

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

მსოფლიოს ყველაზე ხანმოკლე ომი

“უსუნო ფული” რომის იმპერატორისგან

სექსტუს იულიუს ფრონტინუსი “სტრატაგემები”

“საქართველოს ისტორიული ლექსიკონი”

შალვა დადიანი და ქართველი მსახიობები ჭაქვინჯის ციხის ნანგრევებთან

ქართველ და ბალტიელ არისტოკრატთა ქორწინებების ისტორიიდან. დასასრული

ქართული უნივერსიტეტის პირველი ნაბიჯები

ეთნოლოგია. მზითვის ტრადიცია საქართველოში

“გადაწყვიტეთ ისე, როგორც პარტია გიკარნახებთ” / გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსება და მისი პირველი დირექტორის ტრაგიკული აღსასრული

ჯაშუშური თამაშები. ბულგარული “ხორცსაკეპი”

უახლესი ისტორია. “როგორც იქნა!” - 2008 წელს რუსეთმა დემოკრატიად თავის მოჩვენება დაასრულა

ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს