ავტორი:

ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც გაეროში საკუთარი პროექტი წარადგინა

ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც გაეროში საკუთარი პროექტი წარადგინა

24 წლის ასაკში ბაქარ ფალავანდიშვილმა იურისტის კვალიფიკაციის მიღება, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლის დაწყება, ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული მედია ლაბორატორიის საქმიანობაში აქტიურად ჩართვა და ყველაზე მნიშვნელოვანი - „გაეროს“ შტაბ-ბინაში საკუთარი პროექტის წარდგენა მოასწრო.

როგორც თავად Ambebi.ge-ს უამბო, მისი პროექტი წეროვანში ახალგაზრდული ცენტრის აშენებას გულისხმობს, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ და ცოდნის გაღრმავებაზე იზრუნონ.

„მართალი ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა მიწვეული ვართ გაეროს მომავალ ასამბლეაზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდება და ჩვენი პროექტის წარდგენის უფლება კიდევ ერთხელ მოგვცემა“, - აღნიშნავს ბაქარი.

გაეროში პროექტის წარდგენამდე ბაქარ ფალავანდიშვილი BTU-ს მედია ლაბორატორიის წევრებთან ერთად საერთაშორისო მედია ჰაკათონის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და მედიის განვითარებისთვის საკუთარი პროექტის განხორციელება დაიწყო. აღნიშნულ საკითხებზე 24 წლის აქტიურ ახალგაზრდას Ambebi.ge ესაუბრა.

- ბაქარ, როგორ მოიპოვეთ გაეროს შტაბ-ბინაში პროექტის წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის უფლება?

- იმ ახალგაზრდა დელეგატებისთვის, ვისაც აინტერესებს 21-ე საუკუნის ტენდენციები, პოლიტიკა, კოლაბორაცია და სხვა საკითხები, გაერო სპეციალურ ასამბლეას ატარებს. ჩვენ პროექტი ინდივიდუალურად შევარჩიეთ, გაეროს საიტზე ავტვირთეთ, საბოლოოდ კი ორგანიზაციამ წარდგენის უფლება 15 პროექტს მისცა, მათ შორის ჩვენც მოგვეცა საშუალება ნიუ იორკში ჩასული დელეგატებისთვის ჩვენი შეხედულებები გაგვეცნო. საქართველოს სახელით 4 ადამიანი წავედით და ჩვენი პროექტი ჩავიტანეთ, გვსურდა წეროვანში აგვეშენებინა მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მოიცავდა როგორც კომპიუტერულ ოთახებს, ასევე დიდ საერთო სააქტო დარბაზს და სხვა აქტივობებისთვის განკუთვნილ სივრცეებს. პრეზენტაცია ჩემთან ერთად გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, რუსუდან სიხარულიძემ ჩაატარა.

ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ფინალში გადავედით, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა მოვიპოვეთ უფლება, რომ ჩვენი გეგმა კიდევ ერთხელ წარვადგინოთ. ცენტრის ასაშენებლად 38 000 დოლარის დაფინანსება გვესაჭიროება და თუ ამ თანხას გაეროსგან მივიღებთ, პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. ამავდროულად, მხარდაჭერა გვაქვს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან“, რომელიც გვპირდება, რომ დევნილ ახალგაზრდებს სპეციალურ პროგრამებს შესთავაზებს.

რაც შეეხება გაეროში სიტყვით გამოსვლის საკითხს, ჩვენ საშუალება გვქონდა, აშშ-ში „სილიკონ ველის“ მსხვილ ინვესტორებს შევხვედროდით, მათთვის იდეები გაგვეზიარებინა და სხვადასხვა კოლაბორაცია დაგვეგეგმა. როდესაც სიტყვით გამოვდიოდი, ჩემმა ერთმა შეკითხვამ გლობალურ დათბობასა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით დაბნეულობაც კი გამოიწვია. კერძოდ, მე გაეროს წარმომადგენელს ვუთხარი, რომ განახლებადი ენერგიის პერსპექტივა იმდენად შორია და დღევანდელ რეალობაში მას იმდენად მცირე რაოდენობით ვიყენებთ, ატომური ენერგია კი ძვირი ჯდება, შესაბამისად, ის პერსპექტივა, რასაც სხვადასხვა კომპანია გვპირდება, რომ ჩვენ საწვავის მოხმარებას შევამცირებთ, ტყუილია და რეალობას არ ჰგავს.

დავსვი მეორე შეკითხვაც, რომელიც გაეროს მიერ შემოთავაზებული პროექტების განხორციელებას ეხებოდა. გაეროს წარმომადგენელს ვკითხე, ყველა ის შემოთავაზება, რაც სხავადსხვა ორგანიზაციას და მათ შორის გაეროს აქვს, პირველ რიგში არის თუ არა პოლიტიკურ ნებასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ თუ საწარმოები სპეციალურად არ გაკონტროლდა, თუ ე.წ მესამე დონის ქვეყნებში არ დაიწყო მანქანების და საწარმოების კონტროლი, გაეროს რეკომენდაციების შესრულება არარეალური იქნება. პასუხი იყო ზუსტად ის, რასაც ველოდი - პოლიტიკური ნება არის ძირითადი ვექტორი, რაც გლობალური დათბობის პრობლემას გადაწყვეტს. რაც შეეხება განახლებად ენერგიაზე გადასვლას და ბენზინის ჩანაცვლებას, გაეროს წარმომადგენლები დამეთანხმნენ, რომ ეს უახლოეს მომავალში რეალობას მოკლებულია და შეიძლება დაახლოებით ნახევარი საუკუნის ან მეტის პერსპექტივაზეც კი ვიფიქროთ.

- წეროვნის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელსაც, როგორც ამბობ, ადგილობრივი ახალგაზრდობის განვითარებისთვის დიდი დატვირთვა აქვს, კონკრეტულად რას გულისხმობს და როგორ აპირებთ მის განხორციელებას?

- ეს პროექტი აუცილებლად უნდა გავხორციელოთ! წეროვანში აშენდება მულტიფუნქციური ცენტრი „სინერგია“ (რაც „ერთობას“ ნიშნავს) და ახალგაზრდებს განვითარებაში დაეხმარება.

ჩვენ მხოლოდ წეროვნით არ შემოვიფარგლებით, მსგავსი ახალგაზრდული ცენტრის აშენება სხვა ისეთ დასახლებებშიც გვინდა, სადაც დევნილები ცხოვრობენ. ახალგაზრდული ცენტრი მოიცავს მულტიფუნქციურ ცენტრს, სადაც გაერთიანებული იქნება ერთი დიდი და 5 პატარა დარბაზი. აქ ახალგაზრდები შეძლებენ, მისაღები გამოცდებისთვის მოემზადონ, გამოიყენონ კომპიუტერული ოთახები, დიდ დარბაზს ექნება ჩაშენებული კინოთეატრი, კარაოკე, გაიმართება შეხვედრებიც. „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ დაგვთანხმდა, რომ მისი ლექტორები და მაგისტრატურის სტუდენტები დაგვეხმარებიან, წეროვნის ახალგაზრდობას უკეთესი შესაძლებლობები შევთავაზოთ. ლექტორები წეროვანში ჩავლენ, დაინტერესებულ ახალგაზრდებს გადაამზადებენ, დაეხმარებიან და მსგავსი კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია ახლადშექმნილი უნივერსიტეტის მხრიდან.

- გარდა პოლიტიკური და სოციალური საკითხებისა, დაინტერესებული ხარ მედიით. რამ გამოიწვია შენი ინტერესი ამ სფეროს მიმართ და რას საქმიანობ მედიის მიმართულებით?

- მედიით 14 წლის ასაკში დავინტერესდი, როდესაც სამოქალაქო აქტივობებში ჩავერთე. შემდეგ ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამართლის მიმართულება შევისწავლე, საბოლოოდ კი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ გადავწყვიტე თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის შანსი გამომეყენებინა და ბაკალავრიატზე ჩამებარებინა. გარდა იმისა, რომ ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ, ჩართული ვარ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ BTU მედია ლაბორატორიის საქმიანობაშიც, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული.

ლაბორატორია 2017 წლის დეკემბერში დაფუძნდა და 2 კვირაში შევძელით, რომ საერთაშორისო მედია ჰაკათონი მოგვეგო, რომელიც აშშ-ს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. მოვხვდით სამეულში, მოვიპოვეთ პროექტის დაფინანსება და მისი განხორციელება დავიწყეთ.

ამჟამად პირველ კურსზე ვარ, ვაპირებ უნივერსიტეტი დავამთავრო და პარალელურად აშშ-ში ავიმაღლო კვალიფიკაცია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შემოთავაზებები აშშ-ს რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტებისგან სტაჟირებებსა და სხვადასხვა კურსზე მაქვს და როცა არჩევანს გავაკეთებ, საქართველოდან დაახლოებით 6 თვით წავალ აშშ-ში.

- როგორ ფიქრობ, როგორ შეგიძლია, შენს ქვეყანას დაეხმარო „გაეროს“ პროექტებში ჩართულობითა და საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ?

- ჩემი „გაეროში“ გამოსვლის მიზანი არის ის, რომ უფრო მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ შეძლოს მსგავს ასპარეზზე გასვლა, გამოცდილების მიღება, მიეცეს საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან ისაუბროს და საერთაშორისო თანამეგობრობას როგორც გამოცდილება, ისე საქართველოში არსებული პრობლემები გაუზიაროს.

სამომავლოდ მსურს, შევქმნა ორგანიზაცია, რომელსაც „გაეროს,“ „ეუთოსა“ და სხვა ორგანიზაციებთან ერთად გავუწევ კოორდინირებას, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა წარდგეს მსგავს ასპარეზზე და მე ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს გაკეთებთ და ჩვენი ქვეყნისა და ახალგაზრდობის განვითარებაში მცირე წვლილს მაინც შევიტანთ.

- თუ გრჩება დრო დასვენებისთვის, განტვირთვისთვის. ამდენ პროექტში ჩართულობის გარდა, რა აქტივობებით ხარ დაკავებული?

- ეს ყველაფერი ბოლო წლების განმავლობაში ჩემი ორიენტირი და მამოძრავებელი ძალა გახდა, თითქმის ყველაფერს ამისთვის ვაკეთებ, მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა და ჩვენ, ჩემი თაობა, ჩემზე უმცროსები და უფროსები ვართ ეს მომავალი.

თუ დრო მრჩება, ძალიან მიყვარს კითხვა, ფილმების ყურება, ბოქსი და კალათბურთი. ეს არის ჩემი ძირითადი ჰობი. კალათბურთს 12 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, მიყვარს NBA-ს მატჩების ყურება. ასევე ვიყავი ბოქსით დაკავებული. ვკითხულობ და ფილმების ყურებაც ძალიან მიყვარს, შეიძლება დღეში 1-2 ფილმს ვუყურო, დღე-ღამეში დაახლოებით 5 საათი მძინავს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ