დაპირისპირება პარლამენტში -  "ევროპულმა საქართველომ" და "ნაცმოძრაობამ" კომიტეტის სხდომა დატოვეს

დაპირისპირება პარლამენტში -  "ევროპულმა საქართველომ" და "ნაცმოძრაობამ" კომიტეტის სხდომა დატოვეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიამ კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას უნამუსო უწოდა. დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოვლენების ექსკალაცია, ბორჯომში ნიკა მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლას მოჰყვა.

"აქ იქნა აღწერილი გუშინდელი მოვლენები და სამწუხაროდ, ეს მოვლენები, თქვენს აღწერილობაში არის ცალმხრივი და თქვენი ბინოკლიდან დანახული. ყველა უწყება ჩართული იყო ამ პროცესში, რომელთა მიზანი და განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებების მიზანი იყო იქ მიმდინარე პროცესებს არ მიეღო უმართავი სახე. ის, რომ საქმე აღძრულია, ამას ნიშნავს სწორედ“, - მიმართა გაბუნიამ ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას. ამ უკანასკნელმა გაბუნიას უნამუსო უწოდა.

იხილეთ ვიდეო: "პირდაპირ გეტყვი, უნამუსო ხარ" - დაპირისპირება ნიკა მელიასა და ზაზა გაბუნიას შორის

„ზაზა პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ. დღის 12:00 საათზე უმოწყალოდ იყო ნაცემი საკრებულოს დეპუტატი. მას შემდეგ რაც დეპუტატები გამოკეტეს და ტყვეობაში აიყვანეს, ამის შემდეგ ჩავედი. არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ, რომ თურმე მე ვყოფილვარ ესკალაციის ფაქტორი. დეპუტატები რომ არ ჩავსულიყავით, სისხლიც დაიღვრებოდა და შეიძლება ვიღაც საერთოდ ფიზიკურად განადგურებულიყო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა უკვე დატოვეს. "ევროპული საქართველო" ითხოვდა, რომ კომიტეტს მიეღო განცხადება ბორჯომში მიმდინარე მოვლენებზე და დეპუტატები ჩასულიყვნენ ადგილზე.

"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა კი იყო, რომ კომიტეტს თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ის მზად არის საკითხზე მსჯელობა გააგრძელონ კონსულტაციების ფორმატში, კომიტეტის შემდეგ. ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებისთვის მზად არის.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები