რამდენი პირი დააკავა შსს-მ ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულის ფაქტებზე - ბოლო დღეების სტატისტიკა

რამდენი პირი დააკავა შსს-მ ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულის ფაქტებზე - ბოლო დღეების სტატისტიკა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და იმერეთში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 7 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ თბილისში, აბანოსა და გორგასლის ქუჩებზე მომხდარი საიუველირო და სუვენირების მაღაზიების დაყაჩაღების 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გატაცებული ნივთები. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გახსნილია საზოგადოებისთვის ცნობილი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტიც, რომელიც თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ერთი პირი. ბრალდებული მიმდინარე წლის 14 თებერვალს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა მოქალაქეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გახსნილია ასევე თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტიც.

დაკავებულია 2 პირი, მათ შორის ერთი - წარსულში ნასამართლევია. ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და იმერეთში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებზე სულ დაკავებულია - 7 პირი,“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კილონახევრამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო.

როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

ჭელიძის განცხადებით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მისივე განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში, დაახლოებით, კილო-ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ, 1 კილო და 300 გრამი ჰეროინი, 150 აბი „ბუპრენორფინი“, 17 გრამი „მეტამფეტამინი“ და სხვ.

„ნარკოდანაშაულისთვის 12 პირია დაკავებული, მათ შორის, 1 ნარკორეალიზატორი. ბრალდებულთა შორის საქართველოს - 6, ირანის - 5 და ავსტრიის - 1 მოქალაქეა“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ