"როდესაც დავინახე ფეხები აღარ მქონდა, ისტერიკაში ჩავვარდი" - უმძიმეს ავარიას გადარჩენილი გოგონას მონაყოლი

"როდესაც დავინახე ფეხები აღარ მქონდა, ისტერიკაში ჩავვარდი" - უმძიმეს ავარიას გადარჩენილი გოგონას მონაყოლი

მეგობრები პოზიტივს ეძახიან და ხშირად ეკითხებიან: ნუთუ პრობლემები არ გაქვს, სულ ხალისიანი და იმედით სავსე რომ ხარო? ზოგჯერ ახლობლებსაც ვერ უმხელს, რა აწუხებს. ცრემლებს არასდროს არავის აჩვენებს და ჰგონიათ, არასდროს ტირის. არადა, საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს 35 წლის გოგოს - სტელა ანდრიუკს. უბედურმა შემთხვევამ მას 30 წლის ასაკში ორივე ფეხი წაართვა და ახლა პროთეზებით სარგებლობს, მაგრამ ამან სიცოცხლე და ადამიანები კიდევ უფრო მეტად შეაყვარა და ბრძოლა ასწავლა... სტელა მშვილდოსნობითაა დაინტერესებული. მასთან შესახვედრად სავარჯიშო დარბაზში მივედი.

- წარმოშობით უკრაინელი ვარ, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. მამა ხარკოვიდან არის, საქართველოში საცხოვრებლად დედამისთან ერთად ჩამოსულა და საშვილიშვილოდ დაფუძნებულან აქ. დედაც რუსი მყავს. 6 დედმამიშვილი ვართ - 3 გოგო და 3 ბიჭი. უფროსი მე ვარ, უმცროსი ძმა კი 26 წლისაა. ის ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია, რადგან დედა მუშაობდა, მასზე მე ვზრუნავდი. ჰოდა, დედას მეძახდა და მიუხედავად იმისა, რომ 16 წლისა გავთხოვდი, შვილების გაზრდა არ გამჭირვებია. მე-9 კლასიდან გამოვედი და სწავლა კოლეჯში გავაგრძელე, გინეკოლოგობა მინდოდა, მაგრამ დაოჯახებამ ხელი შემიშალა. მე და ჩემს მეუღლეს, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. 7 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა და ბარემ დამიტოვა (იცინის). მაშინ 16 წლის ვიყავი, ის - 19-ის. თავიდან არ ვუნდოდი მისი ოჯახის წევრებს, რუსია და არ გამოგვადგებაო, მაგრამ ამის მიუხედავად, კარგად მიმიღეს და საკმაოდ თბილი ურთიერთობა მქონდა მათთან ჩემი მეუღლის გარდაცვალებამდე. 30 წლის იყო, ავადმყოფობით რომ დაიღუპა. რთული პერიოდი მქონდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი, როდესაც ჩემს ხელებში დალია სული და ჩვენი შვილები ამ ამბავს შეესწრნენ. ორ პატარასთან ერთად სრულიად მარტო დავრჩი. მაშინ მეორე-მესამე კლასში იყვნენ ბავშვები, ახლა ბიჭი უკვე 18 წლისაა და გოგო - 16-ის. მათთვის დედაც მე ვიყავი და მამაც.

- მერე როგორ გააგრძელე ცხოვრება?

- მეუღლის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში საცხოვრებლად ჩემს მშობლებთან გადავედი და რესტორანში მიმტანად დავიწყე მუშაობა. თითქმის 24 საათი ვმუშაობდი, ზეზეულად მეძინებოდა. მერე კონსულტანტი ვიყავი ტექნიკის მაღაზიაში. სწორედ ჩემს უფროსთან და მის ნათესავთან (ვიტალი ერქვა იმ ბიჭს და ისიც იქ მუშაობდა) ერთად მოვხვდი ავარიაში.

- სტელა, ალბათ ძალიან რთულია, მაგრამ შეგიძლია გაიხსენო ის დღე?

- იმ ზაფხულს ბავშვები ქობულეთში მყავდა გაშვებული. 26 ივნისს მეც ვაპირებდი წასვლას და წინადღეს, სამსახურიდან წამოსულმა, ბაზრობაზე შევიარე რაღაცების საყიდლად. მეტროდან სახლში ავდიოდი, როცა თანამშრომლებმა დამირეკეს, რესტორანში ვიკრიბებით და შენც წამოდიო. ისე მთხოვეს, უხერხულად ვიგრძენი თავი და წავედი. ბელიაშვილის ქუჩაზე ვიყავით ერთ-ერთ რესტორანში, იქიდან შინ ვბრუნდებოდით, როცა ავარიაში მოვყევით. მძღოლი ნასვამი იყო და თან, დიდი სისწრაფით მიდიოდა. გზაში ჩემმა შვილმა რამდენჯერმე დამირეკა: დედი, სად ხარო? გავუბრაზდი, რა ყოველ წუთში მირეკავ და მკითხულობ, ხომ არ ვკვდები-მეთქი?.. ვიტალიმ მძღოლს უთხრა, ნელა იარე, რატომ ჩქარობო? მეც დავაპირე მანქანიდან გადმოსვლა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი... მოსახვევიდან გამოვარდნილმა ტაქსიმ გზა გადაგვიჭრა, ჩვენმა მძღოლმა საჭე მარცხენა მხარეს მოატრიალა და ელექტროგაყვანილობის ბოძს შეეჯახა. წამებში მოხდა ეს ყველაფერი... რამდენჯერმე გადავტრიალდით, თუმცა გონება არ დამიკარგავს. მივხვდი, ვიწვოდით და მანქანა მალე აფეთქდებოდა. ვფიქრობდი, როგორ მეშველა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ფეხები წინა სავარძელში მქონდა გაჭედილი. ერთხანს ხელის ტკივილი ვიგრძენი და ეს ტკივილიც მალე გაქრა, ვეღარაფერს ვგრძნობდი. ვნატრობდი, - ღმერთო, ოღონდ გონება არ დავკარგო და გადავრჩე-მეთქი. მანქანა იწვოდა და ჩვენს დახმარებას ვერავინ ბედავდა. მმხოლოდ ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა გარისკა ჩვენამდე მოსვლა. მას შემდეგ, შარშან ვნახე პირველად ის ბიჭი და მიყვებოდა: არ ვიცი, საიდან მომეცა ძალა და გამბედაობა, მანქანის კარი გამოვგლიჯე, პირველად მძღოლი გამოვიყვანე, მერე შენ და მესამის შველა ვეღარ მოვასწარიო. ვიტალი ცოცხლად დაიწვა... მას წინადღეს ჰქონდა დაბადების დღე - 29 წლის გახდა. პატარაობაში მამა ჰყავდა გარდაცვლილი, ობლობაში იყო გაზრდილი. ავარიის წინა საღამოს მითხრა, მამა არასდროს დამსიზმრებია და გუშინ დამესიზმრა, მეძახდა და გავყევიო... რაღაცნაირად, არ მესიამოვნა ეს სიზმარი, მით უფრო, რომ იმ დღეებში მეც ვნახე სიზმარში ჩემი ქმარი და ეს ცუდად მენიშნა: რაღაცაზე ვჩხუბობდით, ხელი დამავლო და ორმოში მაგდებდა. მე ვეჩხუბებოდი, არ მინდოდა არსად წასვლა, ის კი ძალით მიმათრევდა. მერე ვიღაცამ ხელი მომკიდა და იმ ორმოდან ამომიყვანა... ცუდ ხასიათზე დამაყენა ამ სიზმარმა და შეშინებულმა, იმ საღამოს ხატებთან სანთელი დავანთე. დღესაც არ ვიცი, როგორ, ხატს ცეცხლი მოეკიდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი