ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, იტუმ-კალინსკის რაიონში Ми-8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენში Ми-8 შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. სამი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენს სამს ეძებენ, ერთი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც სააგენტო ТАСС -სთან საუბარში წყარო აცხადებს, ვერტმფრენი ხილდეხარის დასახლებულ პუნქტთან სიახლოვეს ჩამოვარდა.
„ჩამოვარდნის ადგილი საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრშია, ხოლო სასაზღვრო სამსახურის პოსტიდან კილომეტრნახევარში“, - აღნიშნა წყარომ.
რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებში იუწყებიან, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებში მოსკოვის დროით 13:15 საათზე მიიღეს.