ავტორი:

რატომ მალავს რუსეთი უკრაინაში დაღუპულ საკუთარ სამხედროებს?

რატომ მალავს რუსეთი უკრაინაში დაღუპულ საკუთარ სამხედროებს?

უკვე მეოთხე წელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ბოლო არ უჩანს. ომს უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სხვადასხვა ფრონტის ხაზზე მებრძოლებს სხვადასხვა ბედი ეწიათ.

"პატივით დაკრძალული უკრაინელი სამხედროები და ჩუმად დამარხული რუსები" - წერს novayagazeta.ru სტატიაში, სადაც ავტორი ბოლო დღეებში, უკრაინაში, ავდეევკასა და ნოვოტორეცკში დაღუპული მეომრების გვარებს აქვეყნებს...

“არკვევენ მათ გვარებსა და წოდებას. შემდეგ კი, უკავშირდებიან სამხედრო კომისარიატს, ან იმ ბრიგადას, სადაც ისინი მსახურობდნენ. ასევე, ადგილს, ქალაქს, სოფელს, სკოლას, სამხედრო ნაწილს... მაშინვე პოულობენ მის ფოტოს და ყველანი, ნაცნობები თუ უცნობები, დამწუხრებული დასცქერიან მათ ფოტოებს, თანაგრძნობით, სინანულით, ემოციით... იციან, რომ ომში კვდებიან, თუმცა, ეს მაინც ყველასთვის მძიმეა... ოდესელი ვადიმ საპესკი, 20 წლის ალექსანდრე სივკო, 20 წლის მედდა საბინა გალიცკაია, 22 წლის არტემ სკუპეიკო და ასე უსასრულოდ... აქ ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, თუმცა, თავის ქვეყანაში, ყველასთვის ცნობილია, როდის და სად კრძალავენ მათ...

შეიძლება ისინი იყვნენ კიევიდან, ხარკოვიდან, ჟიტომორიდან, ოდესიდან და მათ დაბრუნებას, ნებისმიერ ქალაქსა და სოფელში, ასობით კილომეტრზე გადაჭიმული, მუხლებზე მდგარი ადამიანების “ცოცხალი ჯაჭვი” ხვდება... ასე ეთხოვებიან უკრაინელები თავიანთ დაღუპულებს... მამაკაცები პატივისცემის ნიშნად ქუდებს იხდიან... მუხლებზე დგანან სკოლის მოსწავლეებიც", - წერს ავტორი...

novayagazeta.ru-ს ჟურნალისტის თქმით, ეს არის ერთგვარი მადლიერება იმ უკრაინელი ბიჭების მიმართ, ვინც ხალხისთვის გასწირა თავი:

"სამხედრო პატივით დაკრძალვა, გულზე დასვენებულ ჯვარზე იმ ადამიანის ოქროსფრად ამოტვიფრული სახელი და ძლიერ ყინვაში მასზე გადაფარებული უკრაინის დროშა, არის იმის ნიშანი, რომ მათ იქ აფასებენ, ახსოვთ და პატივს სცემენ..."

ამის საპირწონედ კი, უკრაინაში დაღუპულებს რუსეთში ჩუმად და საიდუმლოდ მარხავენ. გამოცემის ცნობით, რუსმა პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა ლევ შლოსბერგმა ახადა ფარდა ამ საიდუმლოს და თავში აგური მოხვდა... სხვას ამ პრობლემის განხილვა და მით უფრო, გაკრიტიკება არ გაურისკავს.

“უკრაინელებმა რა უნდა გაასაიდუმლოონ? - ომი მათ არ დაუწყიათ, არ დაუგეგმავთ, არც უცხო ქვეყანაში შევარდნილან, - თავს დაესხნენ და თავს იცავენ, რა აქვთ დასამალი?.. ამიტომაც ასაფლავებენ თავიანთ დაღუპულებს ღიად...” - წერს ავტორი ალექსეი პოლიკოვსკი.

ინტერტენგამოცემა pravda.com-ის ინფორმაციით, კრემლი ადამიანური დანაკარგის აფიშირებას წლების განმავლობაში ერიდება. რაც ყველაზე მთავარია, რუსი ჟურნალისტები, საზოგადოებრივი აქტივისტები, უფლებადამცველები და დაღუპულთა მშობლებიც კი გრძნობენ საფრთხეს, როდესაც უკრაინაში დაღუპულებზე საუბრობენ.

ამავე გამოცემის ცნობით, რუსი პუბლიცისტი ბორის მირონოვი აღნიშნავს, რომ ასეთი რამ - ომში დაღუპულები საიდუმლოდ დაემარხათ და დაღუპულთა მშობლები გაეჩუმებინათ, საბჭოთა კავშირისა და ავღანეთის ომის დროსაც კი არ ხდებოდა.

“ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ამ ადამიანებმა დაღუპვის შემდეგაც ვერ მიიღეს ღირსეულად დაკრძალვის უფლება... მათ ახლობლების გარეშე, უბრალოდ საფლავებს უთხრიან და მარხავენ, შემდეგ მათ საფლავებს ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისგან იცავენ... ფოტოჟურნალისტებს ფოტოაპარატებს ართმევენ და ცხვირ-პირს უმტვრევენ... ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა... ასეთი რამ ავღანეთთან ომის დროსაც არ ხდებოდა. ასეთი სამარცხვინო ფაქტი არასდროს მომხდარა” - აღნიშნა პუბლიცისტმა ბორის მირონოვმა.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომში სულ 2700-ზე სამხედრო დაიღუპა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, რეალურად, გაცილებით მეტი... 2017 წლის ხუთი თვის მონაცემებით, - დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მხარეს მებრძოლი 1700 სამხედრო დაიღუპა, უფრო ადრე, 2016 წელს – 850, 2015-ში - 627.

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში, სულ 2378 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, - 138 ბავშვია... დონბასის გააქტიურებულ საბრძოლო მოქმედებებში მხოლოდ მიმდინარე წელს, 21 ადამიანი დაიღუპა...

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?