ავტორი:

სად არიან და რას საქმიანობენ ახლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები

სად არიან და რას საქმიანობენ ახლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, საქართველოს სულ 15 პრემიერ-მინისტრი ჰყავდა. მათგან ორი - ზურაბ ჟვანია და გიორგი არსენიშვილი გარდაცვლილები არიან, მე-16 კი გიორგი კვირიკაშვილია, რომელიც თანამდებობას ახლაც იკავებს.

1995-2004 წლებში საქართველოში არა პრემიერის, არამედ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არსებობა, რომელიც არა მთავრობის მეთაურს, არამედ პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს ნიშნავდა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ხშირ ცვლასთან ერთად, იცვლებოდა სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები და დასახელებები.

ზოგიერთი პრემიერი თუ სახელმწიფო მინისტრი აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდეც პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული, ზოგმა კი პოლიტიკაში ბიზნესიდან ან სამოქალაქო სექტორიდან გადაინაცვლა. ყოფილი პრემიერების ნაწილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ისევ ბიზნეს სექტორს დაუბრუნდა, ნაწილი კი უკვე საპენსიო ასაკშია.

თენგიზ სიგუა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში თენგიზ სიგუა იყო, რომლის სტატუსი 1990-1991 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. თენგიზ სიგუამ პრემიერის სტატუსით მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთხელ, 1992-1993 წლებში უხელმძღვანელა. ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო.

პირველი პრემიერი, თენგიზ სიგუა ამჟამად 83 წლისაა, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და დეპუტატის პენსიას იღებს. როგორც თავად განმარტავს, აღარ მუშაობს, რადგან ხელს არც ასაკი და არც ჯანმრთელობა არ უწყობს.

"ინფარქტი მაქვს გადატანილი, ინსტულტის ნიშნებიც მქონდა და ექიმებმა მუშაობა ამიკრძალეს. 3 წელი ვიყავი პრემიერი, ხელფასი კი დაახლოებით 60 დოლარის ოდენობით მქონდა. ვარ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,“ - განმარტავს სიგუა. როგორც თენგიზ სიგუა ამბობს, მისი პოლიტიკური წარსულიდან, ყველაზე ტრაგიკული იყო ის, რომ „გამსახურდიამ ვერ გაამართლა.“

"პირველი 6 თვე რომ გავიდა, უკვე მივხვდი, რომ რაღაცას ურევდა, პრემიერად რომ დამნიშნეს, ზვიადმა მკითხა, რამდენ სამინისტროს აპირებ, მე 18-ს დავტოვებ და სულ ცოტა 12 მინისტრი თქვენ აირჩიეთო. ძალიან მენდობოდა, მაგრამ ისეთი მინისტრები წარმოადგინა, რომ უკვე მივხვდი, რომ არც შესაბამისი განათლება და არც გამოცდილება არ ჰქონდათ" - იხსენებს თენგიზ სიგუა (იხილეთ ყოფილ პრემიერთან ინტერვიუ ვრცლად)

ბესარიონ გუგუშვილი

საქართველოს მომდევნო პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი გახლდათ, რომელიც მთავრობას 1991-1992 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე კი კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იმავდროულად კი სახელმწიფო-კერძო კომპანიის, „საქართველოს კორპორაციის“ პრეზიდენტი იყო. პრემიერი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ წევრი გახლდათ, 1991-1992 წლების ომის დროს კი ზვიად გამსახურდიასთან ერთად დევნილობაში წავიდა. ბესარიონ გუგუშვილი 1945 წელს საბჭოთა საქართველოში დაიბადა, შესაბამისად, მან უკვე საპენსიო ასაკს მიაღწია. ის ფინეთის მოქალაქეა და ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

ოთარ ფაცაცია

პრემიერის პოზიციას 1993-1995 წლებში იკავებდა. ყოფილი კომუნისტი ბიუროკრატი და ქაღალდის საწარმოს მენეჯერი პრემიერ-მინისტრად ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. ოთარ ფაცაცია 1929 წლის 15 მარტს დაიბადა, ის ამჟამად საპენსიო ასაკშია და 88 წლისაა.

ნიკოლოზ ლეკიშვილი

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 1995-1998 წლებში იკავებდა. მანამდე კი პრემიერ-მინისტრის მოადგილე და თბილისის მერი იყო. ნიკო ლეკიშვილს სახელმწიფო მინისტრობამდე პოლიტიკური გამოცდილება უკვე დაგროვილი ჰქონდა, ის სხვადასხვა დროს კომკავშირის თბილისის პირველი მაისის რაიკომის მდივანი, კომკავშირის თბილისის კომიტეტის პირველი მდივანი და რაიაღმასკომის თავმჯდომარე, ასევე თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ლეკიშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში თავად განმარტავს, ის არ იყო მთავრობის მეთაური, არ ატარებდა მთავრობის სხდომებს, აღნიშნული მოვალეობები ამ პერიოდში პრეზიდენტს ჰქონდა, თავად კი ქვეყნის პირველი პირის კანცელარიას ხელმძღვანელობდა.

ამჟამად ნიკო ლეკიშვილი ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული. კერძოდ, მართავს ღვინის საწარმოს და დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელია.

„მე სამსახური არ მაქვს, რამდენიმე პირთან ერთად მაქვს ღვინის ქარხანა რაჭაში, ღვინის და მეტი არაფერი ისეთი. ჩემთან ერთად ღვინის ბიზნესში კიდევ 5 პირია ჩართული, ეს არის კომპანია "ხვანჭაკარა პრემიუმი", რაჭაში გვაქვს ვენახები. ასევე ვარ კომპანია GRDC-ის დამფუძნებელი, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. ეს არის დიდი კოპმპანია, რომელმაც მშენებლობები განახორციელა ბაკურიანში, კურორტ მიტარბიში... კომპანია აშენებს და მართავს. რომ ვთქვა, რომ მე აღნიშნული კომპანიის საქმიანობაში ჩართული ვარ, ასე არ არის, დამფუძნებელი ვარ, მაგრამ არ ვმართავ. GRDC-ის საქმიანობაში ძალიან ბევრი ხალხია, ეს არის სააქციო საზოგადოება. მაქვს ჩემი პროცენტები იქ და სხვა არაფერს ვაკეთებ,“ - განმარტა ნიკო ლეკიშვილმა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც პოლიტიკაში ყოფნის დროს „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი იყო, ამჟამად 70 წლისაა.

ასევე დაგაინტერესებთ: საქართველოს 15 პრემიერ-მინისტრიდან 11 გადადგა - საინტერესო ფაქტები ქვეყნის ყველა პრემიერზე

ვაჟა ლორთქიფანიძე

ის ასევე „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი იყო, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ პოზიციას ისიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში 2 წლის განმავლობაში 1998-2000 წლებში იკავებდა. ვაჟა ლორთქიფანიძე ამჟამად საპენსიო ასაკშია, ის 69 წლისაა.

ავთანდილ ჯორბენაძე

2001-2003 წლებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ასევე „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი, ავთანდილ ჯორბენაძე იკავებდა. პროფესიით ექიმი, ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც ამჟამად 67 წლისაა, თავდაპირველად ჯანდაცვის მინისტრის, შემდეგ კი სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა. პოზიცია მან ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა. ამჟამად ავთანდილ ჯორბენაძე გ. ჩაფიძის სახელობის საავადმყოფოს დირექტორია.

ზურაბ ნოღაიდელი

ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ დანიშნა, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნოღაიდელი დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. პოსტზე მან 2007 წლის 16 ნოემბრამდე იმუშავა. პარტიული კუთვნილება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თანამდებობას ნოღაიდელი 1002 დღის განმავლობაში იკავებდა.

უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი მის შემთხვევაში გადადგომა იყო, რის შემდეგაც ის დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას და კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და ჩამოაყალიბა პარტია - "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის".

იმის გასარკვევად, თუ ამჟამად რას საქმიანობს ყოფილი პრემიერი, AMBEBI.GE თავად ზურაბ ნოღაიდელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მედიასთან კომუნიკაცია აღარ აქვს და არც საქართველოში იმყოფება.

ვლადიმერ გურგენიძე

ნოღაიდელის შემცვლელი ბანკირი ლადო გურგენიძე გახდა, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. პრემიერის თანამდებობას ის 2007-2008 წლებში იკავებდა.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 2009 წლის სექტემბერში გურგენიძემ რუმინელ მილიარდერ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია Liberty Investments, რომლის ძირითადი მიზანი ფინანსური მომსახურების კომპანიებში ინვესტიციების განხორციელებას წარმოადგენს. ამავე წელს Liberty Investments-მა შეიძინა „ლიბერთი ბანკის“ (ყოფილი სახალხო ბანკი) აქციების 91,2%.

2017 წელს ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკიდან“ 4Finance-ში გადავიდა და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 4Finance ევროპაში უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ონლაინ საკრედიტო კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და დღეისთვის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. კომპანიის ბრენდებია Vivus, SMSCredit და Zaplo.

გრიგოლ მგალობლიშვილი

ლადო გურგენიძის შემდეგ პრემიერის პოსტი დიპლომატმა გრიგოლ (გეგა) მგალობლიშვილმა დაიკავა, რომელიც თანამდებობაზე 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2009 წლის იანვრამდე მუშაობდა. წლების განმავლობაში მგალობლიშვილი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. ის იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მდივანი, შემდეგ მრჩეველი, მოგვიანებით მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩევლად, იყო აშშ-ს, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, 2004 წლიდან კი სანამ პრემიერი გახდებოდა იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში.

პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობაზე ყველაზე ცოტა - 97 დღე დაჰყო, 2009 წლის 30 იანვარს გადადგა. ამის შემდეგ კი ნატოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. მან აღნიშნული თანამდებობა რამდენიმე წლის წინ დატოვა, რის შემდეგაც მედიასთან აღარ გამოჩენილა.

ნიკა გილაური

მომდევნო პრემიერი ნიკა გილაური გახლდათ, რომელიც თანამდებობას 2009-2012 წლებში იკავებდა. ამჟამად ნიკა გილაური საკონსულტაციო კომპანიას უდგას სათავეში. Reformatics საჯარო სექტორში დასაქმებულ ლიდერებთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. როგორც ნიკა გილაურმა ქართულენოვან Forbes-ს განუცხადა, მათი უპირატესობა პრაქტიკული რჩევების შეთავაზებაა, რითაც ქვეყნები იხელმძღვანელებენ. ამისათვის გილაურმა ახალი წიგნიც დაწერა - „პრაქტიკული ეკონომიკა“, რომელსაც სავიზიტო ბარათს უწოდებს და რომელიც მართალია არ არის მემუარები, მაგრამ მის პიროვნულ ისტორიასაც მოიცავს.

Reformatics ყოფილმა პრემიერმა ეკონომიკის საკითხებში თავის ყოფილ მრჩევლებთან, თამარ კოვზირიძესა და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ რექტორთან, ვახტანგ ლეჟავასთან ერთად დაარსა. გილაური მეუღლესთან და შვილებთან ერთად ძირითადად თურქეთში ცხოვრობს.

ვანო მერაბიშვილი

ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე გამოდგა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პრემიერობა. ამასთან, ის ერთადერთია, რომელმაც ყველაზე დემოკრატიული - არჩევნების გზით დატოვა პოსტი. მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობა მხოლოდ 113 დღეს გაგრძელდა. ამჟამად მერაბიშვილი პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება ყოფილ პრემიერს მოსყიდვას, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

მერაბიშვილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური მდივანი იყო. პრემიერობამდე 2004-2012 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

ბიძინა ივანიშვილი

2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, პრემიერ-მინისტრის პოსტი ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა, რომელმაც თანამდებობა 2013 წელს დატოვა და თანამდებობაზე ყოფილი შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2014 წელს ივანიშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქე" ჩამოაყალიბა. არასამთავრობო ორგანიზაციის წესდების თანახმად, მისი მთავარი მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებას.

ამჟამად, ბიძინა ივანიშვილი ისევ ბიზნეს-საქმიანობაშია ჩართული. Forbes-ის 2018 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი 456-ე ადგილზეა 4,6 მილიარდის ქონებით. 2016 წლის მილიარდერების რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად ორ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის ქონება 200 მილიონით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი ფიგურირებს თბილისში მდებარე Bitfury Group-ის დატა ცენტრთანაც, რომლის ძირითადი საქმიანობაც ე.წ. "მაინინგი" ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება და სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ სერვისის მიწოდებაა.

კრიპტოვალუტებთან ივანიშვილის სავარაუდო კავშირების შესახებ, საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა თანაინვესტირების ფონდმა 2015 წელს საქართველოში შემოსულ კომპანია Bitfury-ს ამ დატა ცენტრის ასაშენებლად 20 მილიონი აშშ დოლარის სესხი მისცა. სხვადასხვა მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილს უძრავ ქონებაში ჯამში 45 მილიონი დოლარი აქვს დაბანდებული, ხოლო მისი ხელოვნების ნიმუშების პირადი კოლექცია ღირებულებით მილიარდ დოლარს უტოლდება.

ირაკლი ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ პრემიერის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, რომელიც პოსტზე დანიშვნიდან დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მუშაობდა, 2016 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე კი თანამდებობა დატოვა. ამჟამად, ყოფილი პრემიერი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველად მუშაობს. აღნიშნული კომპანია ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, მისი წლიური ბრუნვა წელიწადში 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება

პრემიერის დავალებით შექმნილ სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს

ინფორმაცია ევროპის იმ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთის, საიდანაც საერთაშორისო ავიახაზებმა პირდაპირი ფრენები შეწყვიტეს