საბჭოთა კავშირიდან თანამედროვე ქალაქებამდე - თბილისი, ბაქო, ერევანი და მათი ცათამბჯენები

საბჭოთა კავშირიდან თანამედროვე ქალაქებამდე - თბილისი, ბაქო, ერევანი და მათი ცათამბჯენები

თბილისი, ბაქო, ერევანი - სამი პოსტსაბჭოური ქვეყნის დედაქალაქი, რომლებიც ცდილობენ საბჭოთა წარსულის კვალი გააქრონ და თანამედროვე ქალაქებად იქცნენ. ეს კი პირველ რიგში არქიტექტურაში გამოიხატება.

თბილისში გასული ათწლეულები მშენებლობის ბუმი არ ცხრება. ურბანისტები უამრავ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ და ჩივიან, რომ ქალაქის განაშენიანება გენერალური გეგმის მიხედვით უნდა წარიმართოს და ქაოტური მშენებლობები უნდა აიკრძალოს. თუმცა უამრავ ახალ ნაგებობას შორის არაერთი განსაკუთრებული და უდავოდ კარგი შენობაც არის. ბოლო პერიოდში თბილისში განსაკუთრებული აქცენტი ცათამბჯენებზე კეთდება და ხედი თბილისზეც საგრძნობლად შეცვლილია. ქალაქის სიმბოლო მხოლოდ ანძა აღარაა. მის ერთ-ერთ ახალ სიმბოლოდ იქცა სასტუმრო "ბილტმორ თბილისი", რომელიც ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს. თბილისის ძველი უბნები უკვდავი არქიტექტურით კი დღემდე ნებისმიერი მნახველის გაოცებას იწვევს.

ბაქოს ადრე ნავთობისგან დაბინძურებულ შავ ქალაქს ეძახდნენ. ახლა კი აზერბაიჯანის დედაქალაქი საბჭოთა არქიტექტურას თანამედროვე შენობებით ანაცვლებს. შედეგად ბაქოს უკვე თეთრ ქალაქსაც უწოდებენ. დასავლური მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაქო მიისწრაფის, დუბაის მსგავსად არქიტექტურული საოცრებების ქალაქი გახდეს. ქალაქი ყოველდღიურად თანამედროვე იერს იძენს და ამასთან ერთად ძველებური ქალაქის სახეს ინარჩუნებს.

ერევანი სომხეთის დედაქალაქი 1918 წლიდანაა. ქალაქის არქიტექტურამ შუა საუკუნეების ევროპის საკმაოდ ძლიერი გავლენა განიცადა. თუმცა დღეს ძველი ერევნის მცირე ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ამ საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულაა. საზოგადოებისა და ურბანისტების ნაწილი ქალაქში ისტორიული შენობების სანაცვლოდ თანამედროვეს მშენებლობას აპროტესტებს. ნაწილი კი თანამედროვე მშენებლობებს მიესალმება.

ზოგადად, ქალაქების იერსახეს გამორჩეული შენობები განსაზღვრავენ. ამიტომ დღეს ამ სამი დედაქალაქის ყველაზე მაღალ შენობებს განვიხილავთ.

ბოლო პერიოდში თბილისის სიმბოლო გახდა სასტუმრო "ბილტმორ თბილისი", რომელიც 32 სართულიან 138 მეტრი სიმაღლის შენობაშია განთავსებული. სასტუმრო თანამედროვე თბილისის გამორჩეული შენობაა. თუმცა ასე იყო საუკუნის წინაც, რადგან ის ისტორიულ იმელის შენობას მოიცავს. იმელის შენობა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღეს, იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, რომლის ასაგებად ახალი სამშენებლო მასალა, არმირებული პემზობეტონი გამოიყენეს. "ბილტმორის კოლექცია" ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელიც საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველ წარმომადგენლობას ხსნის. Millennium & Copthorne Hotels მსოფლიოში 120 სასტუმროს მფლობელი, აქტივების მმართველი ან ბიზნესის მმართველია. სასტუმროს მშენებლობაში 140-მილიონი დოლარის ინვესტიცია "დაბი ჯგუფმა" ჩადო.

ბაქოში ყველაზე მაღალი შენობა SOCAR Tower-ია, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დასრულდა. ის ყველაზე მაღალი შენობაა როგორც აზერბაიჯანში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში. შენობის სრული სიმაღლე 196 მეტრია, თუმცა ფუნქციური ნაწილი 171 მეტრს მოიცავს. შენობაში 42 სართულია, რომელთაგან 2 მიწისქვეშაა განთავსებული. SOCAR Tower "სოკარის" სათავო ოფისია. შენობის დიზაინი ეკუთვნის კომპანიას Heerim Architects სამხრეთ კორეიდან. ცათამბჯენი სტრუქტურული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. შენობის კონცეფციას "ქარი და ცეცხლი" ჰქვია. ის ორ ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და თითქოს, ზედა ნაწილში ერთმანეთს ეხვევა. SOCAR Tower-ის ასაშენებლად 414 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია დაიხარჯა.

ერევნის ყველაზე მაღალი შენობა Elite Plaza ბიზნეს ცენტრია, რომელიც 2013 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. 19 სართულიანი შენობის საერთო სიმაღლე 85 მეტრია. შენობა Elite Group-ის აშენებულია. მშენებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებში ჩართული იყო International Finance Corporation (IFC) European Bank for Reconstruction and Development-თან (EBRD) ერთად. მათი მიზანი სომხეთში პირველი ა კლასის მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრის აშენება იყო. ბიზნესცენტრი ერევნის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ბიზნესცენტრი ორ ნაწილად - სავაჭრო ცენტრად და საოფისე სივრცედ იყოფა.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის