მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - გაჩეჩილაძის შემოსავლები არ ვიცი, გვარისა და სახელისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია

მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - გაჩეჩილაძის შემოსავლები არ ვიცი, გვარისა და სახელისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია

მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - ლევან გაჩეჩილაძის შემოსავლები და გასავლები არ ვიცი, გვარისა და სახელისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია

არ ვიცი, ბატონი ლევან გაჩეჩილაძის არც შემოსავლები და არც გასავლები, ამის შესწავლა არ არის ჩვენი სამსახურის კომპეტენცია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისის მერია არ არის პირველი, ვინც გაჩეჩილაძე დააფინანსა. ჩივიაშვილს არ ესმის, რატომ გახდა სალაპარაკო, რომ ადამიანი, რომლის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი, მერიამ დააფინანსა.

“რეალურად, გვარისა და სახელებისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია. ჩვენ დავაფინანსეთ ასევე გიო ხუციშვილი და ვანო ზოდელავა. დავაფინანსეთ ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ სიტუაციაში მძიმე დაავადება აქვთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მეოთხე სტადიის ონკოლოგიური დაავადება. როცა დაავადების მკურნალობისთვის ასიათასობით ლარია საჭირო, რეფერალური გადახდით ხდება ამ ადამიანების დაფინანსება. კონკრეტულ შემთხვევაშიც ანალოგიური ფაქტი იყო. გაურკვეველია, რატომ გახდა აჟიოტაჟის საგანი. ვინაიდან ანალოგიური ფაქტები ადრეც იყო. არაერთი ადამიანი, მათ შორის მერიის მაღალჩინოსანი იყო დაფინანსებული. რა თქმა უნდა, იმას კი არ ვაკრიტიკებთ, თუ რატომ მოხდა ონკოლოგიური ავადმყოფების დაფინანსება, უბრალოდ გასაკვირია, რატომ გახდა სალაპარაკო, რომ ადამიანი, რომლის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი, დააფინანსა მერიამ“, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რომ ლევან გაჩეჩილაძე დეკლარირებული მილიონერია და შეისწავლა თუ არა მერიამ დაფინანსებამდე ეს საკითხი, ჩივიაშვილმა უპასუხა, რომ „შემოსავლები და გასავლები მისი სამსახურის კომპეტენცია არ არის“.

“არ ვიცი, ბატონი ლევანის არც შემოსავლები და არც გასავლები, ამის შესწავლა არ არის ჩვენი სამსახურის კომპეტენცია. პირადად მე ვფიქრობ, რომ მძიმე ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა უნდა დაფინანსდეს. ადამიანის მკურნალობა და ჯანმრთელობა განსჯის საგანი არ უნდა გახდეს“, - აღნიშნა სამსახურის უფროსმა.

კითხვაზე, ხომ არ გეგმავს მერია გადახედოს დაფინანსებამდე მიზნობრიობის საკითხს და მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობას, ჩივიაშვილმა უპასუხა, რომ არსებობს პროგრამები, რომელთა განხორციელებისას ამის შესწავლა ხდება.

“არსებობს მიზნობრივი პროგრამები, რაც ცხადია ამას გულისხმობს, მაგრამ, როდესაც არის რეფერალური დაფინანსება, ან სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება, ეს გულისხმობს სხვადასხვა ადამიანების დახმარებას და შესაბამისად, ეს არ ითვალისწინებს დეტალურ შესწავლას. ასეთ დროს დაფინანსება ხდება კონკრეტულ მომენტში, ორ სამ დღეში შეიძლება ადამიანს ოპერაცია ჰქონდეს დანიშნული, ან შეიძლება გადაუდებლად ჰქონდეს გაკეთებული და უკვე ჰოსპიტალიზირებული იყოს. ასეთ დროს აღარ რჩება დრო, რომ შეისწავლო. ამ შემთხვევაში ეს არის რეფერალური დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადამიანების დახმარება მოხდეს, მიუხედავად მათი სტატუსისა. ბატონი ლევანი ჯანდაცვის სამინისტრომაც დააფინანსა 16 000 ლარით, შესაბამისად, მერია არ არის ერთადერთი უწყება, რომელმაც ის დააფინანსა. 2010 წლიდან დაწყებული ხდებოდა ადამიანების დაფინანსება, მათ შორის საკმაოდ მსხვილი თანხებით. ეს ხდებოდა იმ ხელისუფლების დროსაც და როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, ეს განკითხვის საგანი არ უნდა გახდეს“, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

სამსახურის უფროსის მტკიცებით, გაჩეჩილაძე მერიის სარეზერვო ფონდიდან პირველად დაფინანსდა და მანამდე მისი მხრიდან მიმართვაც კი არ ყოფილა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძე 30 ათასი ლარით დააფინანა, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვას წარმოადგენს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები