ადვოკატი - ზურაბ ნეფარიძემ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ჩანაწერი ასახავს მის სექსუალურ ურთიერთობებს, ვიდეო კი მის კაბინეტშია გადაღებული

ადვოკატი - ზურაბ ნეფარიძემ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ჩანაწერი ასახავს მის სექსუალურ ურთიერთობებს, ვიდეო კი მის კაბინეტშია გადაღებული

ზურაბ ნეფარიძემ დღევანდელ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ნებართვით განხორციელდა, ასახავს პირადი ცხოვრების გარემოებებს, სექსუალურ ურთიერთობებს, - ამის შესახებ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც სასამართლო სხდომა გაიმართა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა ზურაბ ნეფარიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ პროკურატურა მას აშანტაჟებდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გავრცელებით, თუ არ აღიარებდა ქრთამის აღების ფაქტს.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული მზად იყო ეღიარებინა არარსებული ფაქტი, საკუთარი ღირსების დასაცავად, ასევე იმ პირობით, რომ შვილსა და რძალს პროკურატურა დაანებებდა თავს, თუმცა ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდებულმა პროკურატურისგან ეს პირობა ვერ მიიღო.

„ზურაბ ნეფარიძემ დღევანდელ პროცესზე დაადასტურა ფაქტი, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც პროკურატურის ნებართვით განხორციელდა, ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველ გარემოებებს, ანუ სექსუალურ ურთიერთობებს...

ნეფარიძემ დღეს ისიც თქვა პროცესზე, რომ მას პროკურატურაში დასცინოდნენ, რადგან აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გააჩნდათ და სთხოვდნენ ქრთამის აღების აღიარებას. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია მის სამუშაო ოთახში. ამის შესახებ ყველა საუბრობს და იციან, რომ ეს კადრები არსებობს. საგამოძიებო ორგანო მის ღირსებასა და ავტორიტეტზე მოქმედებს, თუ როგორ ახორციელებდა თურმე პიროვნება სექსუალურ ურთიერთობას თავის სამუშაო კაბინეტში. ამის გამო ის სასოწარკვეთაში ჩავარდა და გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა პროკურორ ბექა ეჟიშვილის აცილებაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა.

პროკურორ ბექა ეჟიშვილის განცხადებით, კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეომასალები, სადაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს ზურაბ ნეფარიძე ბიუროს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ მან მიუტანოს თანხა, რომელიც თითქოს ნეფარიძეს ეკუთვნის. პროკურორმა კიდევ ერთხელ უარყო დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პროკურატურას გააჩნია ზურაბ ნეფარიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები.

„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი არ არსებობს. სისხლის სამართლის საქმეში არსებობს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ იღებს და სძალავს ქრთამს ნეფარიძე ბიუროს თანამშრომლებს. ეს არის დაცვის მხარის მოფიქრებული სტრატეგია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.

მისი თქმით, ნეფარიძეს წარდგენილი აქვს ბრალი ქრთამის გამოძალვაზე, თაღლითობაზე სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და შრომის კანონმდებლობის დარღვევაზე. პროკურორის თქმით, შემდეგი სასამართლო სხდომა კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება, რომელიც 19 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომას მხარების გარდა დაესწრო ექიმი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი.

მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის შვილისა და მისი ადვოკატის მიერ მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები