გახმაურებული ტრაგედიები, რომლებიც მსოფლიოს ზამთრის კურორტებზე მოხდა

გახმაურებული ტრაგედიები, რომლებიც მსოფლიოს ზამთრის კურორტებზე მოხდა

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ავარია გუდაურში საბაგირო "საძელეზე" დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის მოხდა. საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის გამოც მოთხილამურეები სავარძლებიდან გადმოცვივდნენ, ბევრმა მათგანმა გადმოხტომით უშველა თავს. დაშავებულებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნებათ. საბედნიეროდ, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულებს შორის ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ზამთრის კურორტებზე მსგავსი ინციდენტები ხშირია. არის შემთხვევებიც, რომლებიც ტრაგიკულად სრულდება.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, რომელიც სამთო კურორტზე საბაგიროს გაუმართაობას უკავშირდება, აშშ-ში, პენსილვანიის ზამთრის კურორტზე მოხდა. ტექნიკურმა ხარვეზმა საბაგიროზე დამონტაჟებული სავარძლების შეჯახება გამოიწვია. მოთხილამურეების ნაწილი სიმაღლიდან გადმოვარდა, ნაწილი კი საბაგიროზე გაიჭედა და მათ ჩამოსაყვანად მაშველების დახმარება გახდა საჭირო. საბოლოოდ, 5 დამსვენებელი მძიმედ დაშავდა, დაზიანებები მიიღო ათამდე მოთხილამურემ.

ამ შემთხვევისგან განსხვავებით, ფატალურად დასრულდა 2016 წელს კოლორადოს სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემთხვევა. ტეხასელი ქალი კელი ჰუბერი, რომელიც ზამთრის კურორტზე 12 და 19 წლის ქალიშვილებთან ერთად იმყოფებოდა, საბაგიროს სავარძლიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, დედა და შვილები სავარაუდოდ, გაუმართავ სავარძელზე ისხდნენ, რომელიც მოძრაობის დროს მოიშალა და ქალი შვილებთან ერთად დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. შვილებმა დაზიანებები მიიღეს, ქალის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. დაღუპულის მეუღლემ საჩივარი შეიტანა კოლორადოს სათხილამურო კურორტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რადგან არსებობდნენ მოწმეები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ტრაგედიამდე დღეებით ადრე საბაგიროს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა 2000 წელს, ავსტრიის სათხილამურო კურორტ კაპრუნში მომხდარ ტრაგედიას. ფუნიკულიორზე, გვირაბში გამავალ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც 155 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათი უმრავლესობა მოთხილამურეები იყვნენ, რომლებიც მყინვარისკენ მიემგზავრებოდნენ, შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩა 12 ადამიანი - გერმანელი და ავსტრიელი დამსვენებლები.

კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა ახსოვს ისტორიას, რომელიც იტალიის ალპებში მოხდა. კავალესის სამთო-სათხილამური კურორტში, საბაგირო გზაზე ტრაგედია 1998 წლის თებერვალში დატრიალდა. კურორტთან ფრენისას, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედრო თვითმფრინავი Prowler, ფრთით საბაგირო გზის გვარლს დაეჯახა და გაწყვიტა. შედეგად ერთი კაბინა 90 მ-ის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ამ დროს კაბინაში 20 ტურისტი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. პილოტი რიჩარდ ეშბი და მისი ნავიგატორი ჯოზეფ შვაიცერი აშშ-ში გაასამართლეს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით, თუმცა გაამართლეს, მოგვიანებით კი სამხედროებს სამხილების განადგურებაში დასდეს ბრალი და გაასამართლეს.

მინსკში მილიციამ აქციაზე 125 ადამიანი დააკავა - ძალოვანებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს

როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა

ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის - რას წერს BBC