ზვიად დევდარიანი 21 წლის გოგოს პასუხობს - "არავითარი ფიზიკური კონტაქტი ჩვენს შორის არ მომხდარა"

ზვიად დევდარიანი 21 წლის გოგოს პასუხობს - "არავითარი ფიზიკური კონტაქტი ჩვენს შორის არ მომხდარა"

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი 21 წლის გოგოს პასუხობს, რომელიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში საჯაროდ ადანაშაულებს.

წაიკითხეთ ასევე: ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ - "სიდას" ხელმძღვანელის პასუხი სკანდალურ ბრალდებაზე

"მიმართვა "21 წლის გოგოს"

მინდა გამოგეხმაურო, როგორც ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ყველაზე გავრცელებულ ამბავს, რომელიც სადღაც 2 წლის წინ მოხდა. თავიდანვე მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არის სიცრუე. შევეცდები მიმოწერის ჩვენებისა და ეთიკური ნორმების დაცვით ავხსნა რა მოხდა:

1. იმ ორგანიზაციაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ 20 წლის განმავლობაში არავის არასდროს არ დაუწყია მუშაობა, ან გაუვლია სტაჟირება კონკურსისა და გასაუბრების გარეშე. ეს არის გაწერილი პროცედურა, რომელსაც მართავს არა ერთი ადამიანი, არამედ ადმინისტრაციული გუნდი. არ არსებობს ინდივიდუალური გასაუბრების ცნება, ყველაფერი ხდება ჯგუფურად;

2. ჩვენ სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი მისი ინიციატივით და ამ გაცნობას და მიმოწერა არაფორმალური ხასიათი ჰქონდა;

3. მიმოწერა დაიწყო დაახლოებით 21.00-ზე. 20 წუთში შევთანხმდით, რომ შევხვდებოდით, რომ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი. მე ოფისში ვიმყოფებოდი, შემოგთავაზე იქ მოსულიყავი, რაზეც დამთანხმდი. ორივემ ვიცოდით, რომ იმ მომენტისთვის ჩემს ორგანიზაციაში ვაკანტურ თანამდებობაზე არანაირი კონკურსი გამოცხადებული არ ყოფილა;

4. ვიდრე მოხვედი ოფისში ტელეფონით რამდენიმე მესიჯიც გამოგიგზავნე, რომელსაც ასევე არაფორმალური ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტე მოსულიყავი;

5. ვისაუბრეთ დაახლოებით 40 წუთი, ყოველგვარი ჩარაზვების გარეშე, როგორც ამას აჟღერებ. ოფისში ისედაც მარტო ვიყავით;

6. არავითარი ფიზიკური კონტაქტი ჩვენს შორის არ მომხდარა;

7. როგორც კი დავასრულეთ საუბარი, რადგან ისედაც სახლში მივდიოდი, შემოგთავაზე სახლამდე ჩემი მანქანით მიყვანა, რაზეც დამთანხმდი. მიგიყვანე სახლამდე და მშვიდად დავემშვიდობეთ ერთმანეთს (და არა „როგორღაც თავი დამაღწიე“, როგორც ეს შენს ამბავში წერია);

8. რაც დავშორდით, კიდევ ერთი მესიჯი მოგწერე, რაზეც მიპასუხე, რომ ჩემთან ფორმალური სამსახურებრივი ურთიერთობა გსურდა, რაც ჩემთვის სრულიად ნათელი სიგნალი იყო და ამის შემდეგ, არცერთი ზარი და შეტყობინება, არანაირი ფორმით არ განმიხორციელებია (რაზეც შენს ამბავში არაფერია ნათქვამი).

სამარცხვინოა, ქალთა მოძრაობის წევრების მხრიდან ჩემი როგორც დამნაშავის და მოძალადის წარმოჩენა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის ჩვენებით. გაუგებარია ქალთა მოძრაობის მთავარი მიზანი რატომ უნდა იყოს ჩემი - როგორც ქალთა მოძრაობა მიწოდებს „გავლენიანი“ კაცის (როგორც თავად მიწოდებთ), რეპუტაციის განადგურება; სამარცხვინოა, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ შემთხვევის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და საკუთარი საინფორმაციო არხების ჩართვით, ჩემი როგორც სამოქალაქო აქტივისტის განადგურება; სამარცხვინოა, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის და პოლიტიკური გავლენების ქვეშ, დაივიწყეს ჟურნალისტური ეთიკა და მინი სამსჯავროებად აქციეს საკუთარი გამოცემები; სამარცხვინოა, რომ ადამიანები რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ, მიცინოდნენ, მემეგობრებოდნენ, დღეს ამბობენ, რომ 3 წელია იციან „ეს ამბები“ და დღეს დროშით ხელში ჯვაროსნულ ომს მიცხადებენ სოციალურ ქსელში მიმოწერის გამო.

მადლობა ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებსა და პარტნიორებს, რომლებიც ახლა ძალიან მჭირდებიან, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობ და თანადგომას მიცხადებენ. მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც არ დაივიწყეს პროფესიონალიზმი და სწორედ ამით იხელმძღვანელეს ამ კამპანიის გაშუქებისას.

ვაღიარებ, რომ ჩემი შეცდომაა ჩემი ურთიერთობა ოჯახს გარეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ ძალადობის ან ზეწოლის რაიმე ფაქტის არსებობას! და ბოლოს, ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის გავლა უწევს ჩემს ოჯახს, ჩემს თეონას, ჩემს სოლომონს (11 წლის), ჩემს დანიელს (9 წლის) ჩემს ანასტასიას (5 თვის, რომელიც 2 დღე არ მინახავს, იმიტომ რომ მრცხვენია, რომ მის მამის ირგვლივ ეს ყველაფერი ტრიალებს). მე გავცემ ამ ყველაფერს პასუხს და დავბრუნდები. და თქვენ, ვისაც კიდევ რამე დაგრჩათ სათქმელი, თქვით, გამოდით და დავასრულოთ ეს შანტაჟი და განუკითხაობა. მე არ ვაპირებ თქვენთან ბრძოლას იმ მეთოდებით, როგორც თქვენ მებრძვით. მე არ ვაპირებ პირადი მიმოწერისა და სხვა დეტალების გასაჯაროობას. სასამართლომ დაადგინოს მტყუან-მართალი", - აცხადებს ზვიად დევდარიანი.

შეგახსენებთ, "ქალთა მოძრაობამ" საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს გუშინ მიმართა. მიმართვაში “ქალთა მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად წარდგენილ ზვიად დევდარიანს, „ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაში“ ადანაშაულებს.

როგორც “ქალთა მოძრაობის“ საგანგებო მიმართვაშია ნათქვამი, ზვიად დევდარიანი მხილებულია „სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში“.

"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო

"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო

"მე თუ შევიგინები, იქნებ ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ..." - მეუფე იაკობი