ვინ იყო წმინდანი, რომელმაც ბერ-მონაზონთა მეორე სახარება დაწერა და როგორია კიბე, რომელიც სულიერი სრულყოფის 30 საფეხურისგან შედგება

ვინ იყო წმინდანი, რომელმაც ბერ-მონაზონთა მეორე სახარება დაწერა და როგორია კიბე, რომელიც სულიერი სრულყოფის 30 საფეხურისგან შედგება

დიდმარხვის მეოთხე კვირა დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

ღირსი იოანე სინელი ავტორია ღვთივსულიერი თხზულებისა "კლემაქსი", რაც ბერძნულად "კიბეს" ნიშნავს, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

იგი დაბადებულა დაახლოებით 570 წელს წმინდა ქსენოფონტეს და მარიამის ოჯახში. 16 წლის იოანე სინას მონასტერში მივიდა. მისი მოძღვარი ამბა მარტირი იყო. 20 წლისა ბერად აღიკვეცა. ერთხელ მამა მარტირიმ იგი წაიყვანა კურთხეულ ბერ იოანესთან, რომელიც იმჟამად კედარის უდაბნოში მკვიდრობდა თავის მოწაფე სტეფანესთან ერთად. მასპინძელმა ფეხი დაბანა იოანეს და ხელზე ემთხვია, ხოლო მისი მოძღვრისთვის ფეხი არ დაუბანია. სტუმრების წასვლის შემდეგ მამა იოანემ, რომელსაც დაფარულ გულისსიტყვათა შეცნობის უნარი ჰქონდა, სტეფანეს უთხრა: რად დაბრკოლდი, შვილო, ეს ყრმა სინას მთის მამასახლისი იქნება და ფეხი ამად დავბანეო. 43 წლის შემდეგ ასეც მოხდა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმაც უწინასწარმეტყველა ღირს იოანეს, რომ წმინდა ეკლესიის მნათობი გახდებოდა. 19 წელი ნეტარი იოანე თავისი სულიერი მამის მორჩილი იყო. ამბა მარტირის გარდაცვალების შემდეგ თოლას უდაბნოში განმარტოვდა, სადაც 40 წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში.

ერთხელ წინდა მამამ თავის მორჩილს, მოსეს დაავალა, ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით გასავათებული მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმინდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღსავსე მამაკაცი და უთხრა: "რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?" ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, - რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირას დასასვენებლად წამოწოლილს ძილში ჩაესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, ისიც წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოსწყდა და სწორედ იმ ადგილას დაეცა, სადაც მოსე იწვა.

წმინდა იოანე იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა. ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. უმაღლესი გონიერებითა და ღრმა სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი სიხარულით მოძღვრავდა ყველა მნახველს. როდესაც მას მრავალსიტყვაობა უსაყვედურეს, შეწყვიტა ლაპარაკი და ერთი წელი ხმა არ ამოუღია.

ადამიანთაგან თავისი ღვაწლის დასაფარავად ნეტარი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. ორმოცწლიანი დაყუდების შემდგომ იგი სინას მთის მონაზონთა საძმომ მონასტერში აიყვანა. 74 წლის წმინდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში მას სასწაულთმოქმედებისა და წინასწარხედვის ნიჭი მიემადლა უფლისაგან.

რაითის მონასტრის იღუმენის, წმინდა იოანეს თხოვნით, ღირსმა იოანე სინელმა დაწერა "კიბე" ("კლემაქსი") - სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მისაღწევად. "კიბე" იმიტომ ეწოდა, რომ ეს წიგნი სათნოებათა კიბის დარად შეიქმნა. იგი უდაბლეს საქმეთაგან იწყებს და თანდათანობით მაღლა მიიწევს, ისე, რომ, წიგნის ბოლოს სათნოებათა დასრულებულ კიბეს იხილავთ. კიბეს, რომელიც მიწიდან წმინდათა წმინდისაკენ მიემართება და რომლის მწვერვალზეც დამყარებულია ღმერთი სიყვარულისა. ღირსმა იოანემ უფლის 30 წლის სრული ასაკის შესაბამისად მჭევრმეტყველურად გამოგვისახა კიბე, რომელიც სულიერი სრულყოფის 30 საფეხურისგან შედგება:

I სოფლისაგან განშორებისათვის

II ამ სოფლისა და მის საქმეთა მოძულებისათვის

III უცხოობისათვის

IV მორჩილებისათვის

V სინანულისათვის

VI სიკვდილის მოხსენებისათვის

VII ცოდვათაგან განმწმედელი გლოვისათვის

VIII ურისხველობისათვის

IX მოშურნეობისათვის

X ბოროტმეტყველებისათვის

XI დუმილისათვის

XII ტყუილისათვის

XIII მოწყინებისათვის

XIV ნაყროვანებისათვის

XV სიძვისათვის

XVI ვერცხლისმოყვარეობისათვის

XVII უპოვარებისათვის

XVIII ულმობელობისათვის

XIX ძმათა შორის ფსალმუნებისათვის

XX მღვიძარებისათვის

XXI მოშიშობისათვის

XXII ზვიადობისათვის

XXIII ამპარტავნებისა და გმობისათვის

XXIV სიმშვიდისა და სიწრფელისათვის

XXV სიმდაბლისათვის

XXVI განსჯისა და გულისხმიერებისათვის

XXVII დაყუდების, განშორებისა და გონების დაცვისათვის

XXVIII გონიერი ლოცვისათვის

XXIX უვნებლობისათვის

XXX სიყვარულის, სარწმუნოებისა და სასოებისათვის

სათნოებათა კიბის საშუალებით, როდესაც უფლის ასაკის სისრულეს მივაღწევთ, აღმოვჩნდებით ჭეშმარიტად მართალნი და დაცემისკენ მიდრეკილება აღარ გვექნება, ხოლო ის, ვინც ამ საზომს ვერ მიაღწევს, ჯერაც ჩვილია... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი