ავტორი:

აფხაზეთში იარაღის ამოღებას იწყებენ - "არ მინდა, ჩემს უიარაღო შვილებს მტერი ლოგინში წამოადგეს თავზე..."

აფხაზეთში იარაღის ამოღებას იწყებენ - "არ მინდა, ჩემს უიარაღო შვილებს მტერი ლოგინში წამოადგეს თავზე..."

“კვირა არ გადის, აფხაზეთში მკვლელობა არ მოხდეს. არ მახსოვს ბოლო წლებში ასე მძიმედ როდის ვიგრძენი თავი - შეგნებულად არ ვნახულობ სტატისტიკას, ისედაც დათრგუნული და გულაცრუებული ვარ ჩვენს ხალხზე... რამდენიმე დღის წინ გუდაუთაში ერთმანეთს ესროლეს სისხლით ნათესავებმა” - წერს აფხაზი პუბლიცისტი, დავით დასანია, რომლის თქმითაც, აფხაზეთში ერთი გვარის ადამიანებმა ერთმანეთი დახოცეს.

“ჩვენ, აფხაზებმა, თითქმის ყველაფერი დავკარგეთ და საშინლად მრცხვენია იმ რეალობის, სადაც ახლა ვცხოვრობთ... ჩვენი წინაპრები ადამიანს, თავისიანს კლავდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ღირსებასა და თავმოყვარეობას ეხებოდა... ქვეყანაში “ბარდაკია” და პასუხისმგებლობის აღება არავის არაფერზე არ უნდა“ - წერს დასანია.

გასული წლის განმავლობაში, ე.წ. სამართალდამცავი უწყებების მიერ აღძრულია 250 სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ნონა სმირი აცხადებს. მისივე თქმით, მათ შორის არის რუსეთის მოქალაქეების მკვლელობა და გატაცებები. შესაბამისად, დე ფაქტო აფხაზეთში ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების უფლების შესახებ რეგულაციების შემოღებას ითხოვენ.

ekhikavkaza.com-ის ინფორმაციით, სეპარატისტული რეჟიმის უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა ინიციატივით გამოვიდა მიიღონ კანონი, რომლის საფუძველზეც რეგისტრაციაში გატარდება ლეგალური იარაღი, ხოლო დანარჩენი, 90-იანი წლებიდან მოსახლეობაში უკანონოდ გაბნეული ცეცხლსასროლი იარაღი ყველას ჩამოართვან. თუმცა, კილბას იდეას სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. აფხაზების უმეტესობა, ამ ინიციატივას მიუღებელს და მეტიც, საფრთხის შემცველსაც უწოდებს, რადგან "ქართულ მხარესთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის გაფორმებული...”

ე.წ. მთავრობის ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრი, ასლან კობახიას განმარტებით, აფხაზეთში იარაღის საკითხი რეგულირდება 1994 წლის 14 იანვარს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული დადგენილებით, რომელიც უკვე თანამედროვეობას ვეღარ პასუხობს.”

აფხაზი ე.წ. მაღალჩინოსნების თქმით, - აფხაზების უიარაღოდ დატოვებას არავის აპირებს, რადგან ყველას აქვს გააზრებული, რომ ეს სახიფათოა, უბრალოდ საუბარია, გარკვეულ კონტროლზე რომ ასეთი განუკითხაობა არ იყოს...

აფხაზეთის “პარლამენტის დეპუტატი” ასლან კობახია: “ორი ვაჟი მყავს და სულაც არ მინდა, ჩემს უიარაღო შვილებს მტერი ლოგინში წამოადგეს თავზე... ჩემი შვილები სამშობლოს დამცველები არიან, მათ ჯერ არ აქვთ იარაღი, მაგრამ მე მაქვს და როდესაც დრო მოვა, ის მათი გახდება, კანონიერად, რადგან ჩემი იარაღი ოფიციალურად მაქვს გაფორმებული. შს მინისტრად მუშაობისას, ყოველთვიურად ასობით იარაღს ვარეგისტირერებდით. ახალ კანონის ფარგლებში კი, რომლის მიღებაც არსებული რეალობის გამო აუცილებელია, მკაფიოდ იქნება გაწერილი, თუ რა პირობებით შეიძლება იარაღის შენახვა. აფხაზების განიარაღებას ვერც ერთი მმართველი გაბედავს, ეს თავში არავის მოუვა, მაგრამ რაღაც რეგულაციების მიღება აუცილებელია და ეს ყველამ ვიცით, ამას ყველა ვხედავთ...” – აცხადებს კობახია.

“არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყოთ, რომ ეს კომშარი შევაჩეროთ, მაგრამ ფაქტია, საიდანღაც უნდა დავიწყოთ.... ამას წინათ, სოხუმში, მაღაზიაში ორი ბიჭი ამოვიდა, ორივეს რევოლვერები ჰქონდა ქამარში გარჭობილი. ან ნასვამები იყვნენ ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ... ამაზრზენად იქცეოდნენ, მაგრამ ვერავინ ვერაფრის თქმა ვერ შეჰბედა... შემდეგ, ამ მდგომარეობაში მყოფები, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ... არავინ იცის ცოცხლები მივიდნენ დანიშნულების ადგილზე თუ არა და საერთოდ, სად, რა საქმეზე მიდიოდნენ... გვერდიდან შევხედოთ ჩვენს რეალობას, - როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე?.. იქნებ არ გვინდა ამდენი სისხლი, ამდენი სიკვდილი და ამდენი იარაღი... ” - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ვერა წვიჟბა...

თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ მოსახლეობას იარაღის შენახვა-ტარების უფლება ჰქონდეს, რაც კანონით უნდა დარეგულირდეს.

“ქვეყანაში, სადაც ამდენი ნარკომანი, მოძალადე და ქურდი გვყავს, სადაც ჩემი მოსწავლეები გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად, სკოლიდან პირდაპირ საყაჩაღოდ მიდიან, არ ვიცი, ამ უსუსური კანონით რამე თუ გვეშველება, მაგრამ მაინც ვცადოთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს...” - წერს ირინა ჩარგაზია.

“ქურდობა და ყაჩაღობა, თითქმის ჩვეულებრივი შემოსავლის წყაროდ ითვლება, არ ვიცი, იარაღის ჩამორთმევით ეშველება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ რამე უნდა უნდა შეიცვალოს...” - წერს სოციალურ ქსელში მარინა ახრა, რომლის მოსაზრებითაც, შესაძლოა, მოსახლეობამ გარკვეული ნაწილი ჩააბაროს, მაგრამ არა ყველა, რადგან აფხაზეთში ყველა ოჯახში ინახება რამდენიმე სახეობის იარაღი...

ფოტო: ekhokavkaza.com

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი