"ქართული მარშის" 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა

"ქართული მარშის" 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა

"ქართული მარშის" 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მთავარი სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 19 მარტს "რუსთავი 2"–ის შენობის წინ მომხდარის გამო გიორგი ონიანს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე, 126-ე და 239-ე მუხლების დარღვევა, ლუკა ნაცვლიშვილს – 187–ე და 239–ე მუხლების, ხოლო დანარჩენ სამ აქტივისტს: მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილსა და ირაკლი დოლენჯაშვილს 239–ე მუხლის დარღვევა.

ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, "ქართული მარშის" აქტივისტების მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლებრივ დანაშაულს არ შეიცავდა და შესაბამისად, ადვოკატი სასამართლო პროცესზე მოითხოვს, რომ ბრალდებულების მიმართ საერთოდ არ მოხდეს აღმკვეთის გამოყენება.

"ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ პირიქით, "რუსთავი 2“-ის დაცვის თანამშრომლებმა სცემეს „ქართული მარშის“ წარმომადგენლები. მათგან სამი: მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში მოხვდა. დაკავებულებს მიაჩნიათ, რომ მათ ქმედებაში არ არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები“, - განაცხადა ადვოკატმა.

თავდაპირველად დაკავებულებს ბრალი 239–ე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი.

18 მარტს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს ასეთი შესავალი გაუკეთა: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად" .

19 მარტს, "რუსთავი 2"-ის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს „ქართული მარშის“ აქტივისტები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს