ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია მადრიდში - დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია მადრიდში - დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი

ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად ქალაქ მადრიდში, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინზე შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ.

იხილეთ ვიდეო: ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი მადრიდში დააკავეს - რა ნივთები ამოიღეს ნივთმტკიცებად?

”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს. ქართველ სამართალდამცველებს ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კავშირი აქვთ და თანამშრომლობენ ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას, ასევე, ევროპის ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების მუშაობას. ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შედეგია რამდენიმე დღის წინ მადრიდში ჩატარებული სპეცოპერაციაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ პოლიციასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ მადრიდში დაკავებულ იქნა ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნული საქმის ინიციატორი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ესპანელ კოლეგებს ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა კრიმინალური დაჯგუფების და მისი საქმიანობის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ”, - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

”დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს”, - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან.

”ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ჭელიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ