ავტორი:

რატომ იღებენ განათლებას ე.წ. რუსული ელიტის შვილები დასავლეთში

რატომ იღებენ განათლებას ე.წ. რუსული ელიტის შვილები დასავლეთში

შარშან სკრიპალების სკანდალური საქმის შემდეგ, მსოფლიოს არაერთმა მოწინავე ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა. საკუთარი პოლიტიკის გამო, რუსეთი დასავლეთის მხრიდან სანქციების ადრესატი ხშირად ხდება ხოლმე. თუმცა, ის არაფრად აგდებს ამ ეკონომიკურ და დიპლომატიურ სანქციებს. რუსი მაღალჩინოსნებისთვის ხშირად მიუღებელია ევროპული ღირებულებები, კრემლი კი მუდამ აკრიტიკებს დასავლეთს... ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსი მაღალჩინოსნების შვილები სწავლა-განათლებას უცხო ქვეყნებში იღებენ და ხშირად, საცხოვრებლადაც რუსეთის ფარგლებს გარეთ რჩებიან. მაშ ასე, "რუსული ელიტის" შვილების დასავლური ცხოვრების დეტალები ასეთია:

stringer-news.com პუბლიკაციას ცოტა შორიდან, საბჭოთა კავშირის მთავარი ფიგურებიდან იწყებს და თანამედროვეებით ასრულებს. სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა, დედის გვარით სიკვდილამდე ამერიკაში ცხოვრობდა. მას არ სურდა მამასთან - მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელ პერსონასთან ყოფილიყო ასოცირებული. აშშ-ში ცხოვრობდა ნიკიტა ხრუშჩოვის შვილი სერგეიც, რომელიც როგორც ამბობენ, საბჭოთა წარსულის აჩრდილებს დასავლეთში გაექცა... ეს “მემკვიდრეობა”, როგორც სხვა დანარჩენი, საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილ რუსეთში ახლაც გრძელდება...

როგორც ცნობილია, პუტინის ქალიშვილებიდან ერთი ჰოლანდიაში ცხოვრობს, მეორე - ამერიკაში. რუსეთის პრეზიდენტი ჯიუტად აცხადებს, რომ გოგონები მოსკოვში ცხოვრობენ, თუმცა, რუსული მედია ირწმუნება, რომ ისინი რუსეთის დედაქალაქში არავის უნახავს... რუსეთში არ ცხოვრობენ “რუსეთის რკინიგზის” ყოფილი პრეზიდენტის, ბიზნესმენ ვლადიმირ იაკუნინის შვილები: ერთი მათგანი ბრიტანეთში ცხოვრობს, მეორე კი შვეიცარიაში.

ამერიკაში დამკვიდრდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ერთადერთი ქალიშვილი - ეკატერინა ლავროვა, რომელმაც ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც, ეკონომიკის სპეციალობაში მაგისტრატურაზე სწავლა ლონდონში განაგრძო, სადაც მუშაობა გააგრძელა, თუმცა, ამავდროულად, არის სააქციო სახლ Christie's-ს რუსული განყოფილების უფროსი. ჰყავს მეუღლე ალექსანდრე ვინოკუროვი, რომელიც მსხვილი კომპანიის ტოპმენეჯერი და ფარმაცევტული კომპანია СИА Интернейшнл-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

“ჩემი დასავლეთში ცხოვრების მიუხედავად, მაინც ყოველთვის მინდოდა, ჩემი მეუღლე რუსი ყოფილიყო, თავისუფალი, ძლიერი, დასავლური ღირებულებებით, რუსული ხასიათითა და იუმორით... როდესაც რაღაც პრობლემას ვერ ვწყვეტ, მას ვურეკავ და უცებ აგვარებს...” - ამბობს ეკატერინა გამოცემა Marie Claire-სთან საუბრისას. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავთ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევის ერთადერთი ვაჟი, ილია მედვედევი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობების დამთავრების შემდეგ, ამერიკაში, მასაჩუსტესის უნივერსიტეტში სწავლობდა. ის აქტიურად არის გატაცებული უცხო ენებით - საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და იტალიურად... ამერიკის შემდეგ, სწავლა ლონდონში განაგრძო... ილია მედვედევის შესახებ რუსეთში ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან პუბლიკას გაურბის, არ სარგებლობს სოციალური ქსელებიც.

ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთხელ ნახეს პარკში, გოგონასთან ერთად, დაცვის თანხლებით... მასზე მხოლოდ ის იციან, რომ მწერალ და ტელეწამყვან პავლე ასტახოვის შვილთან, არტემთან მეგობრობს. ილია მედვედევმა სადიპლომო ნაშრომი რუსეთ-ბრიტანეთის სამართლებრივ ურთიერთობებს მიუძღვნა და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

უცხოეთში ცხოვრება არჩია სტალინის პერიოდის საბჭოთა საგარეო მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის მემკვიდრემაც. რუსეთის დუმის დეპუტატის ვიაჩესლავ ნიკონოვის (მოლოტოვის შვილიშვილი) ვაჟი ალექსეი ნიკონოვი იზიარებს მამის მოსაზრებას, რომ მისი დიდი ბებია, პოლინა ჟემჩუჟინა უსაფუძვლოდ დაადანაულეს სიონიზმთან კავშირის ბრალდებით. როდესაც ვიაჩესლავი არჩევანის წინაშე დადგა, - პარტია თუ ოჯახი, მას მეუღლემ უთხრა, - “თუ ეს პარტიას სჭირდება, დავშორდეთ...” რუსული მედია წერს, რომ დიდი ბაბუის პორტრეტით "მხრებდამძიმებული" ალექსი უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. რაც მთავარია, რუსეთში მხოლოდ ხანდახან ჩამოდის და სამშობლოში დაბრუნებაზე არც არასდროს უსაუბრია...

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის ნებიერა ქალიშვილი, ელიზავეტა ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთში, თუმცა, ის დანარჩენი, რუსული ელიტარული ოჯახის შვილებისგან განსხვავებით, რუსეთში ხშირად ჩადის და სოციალურ ქსელში პატრიოტული პათოსით გაჟღენთილი პოსტებითაც გამოირჩევა.

უცხოეთში არ გაუმართლა რუსეთის ექსცენტრიული რუსი პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის ვაჟს, იგორს ლებედევს (დედის გვარზეა), თუ არ ჩავთლით იმას, რომ დუბაიში მამა-შვილს 442 კვ.მ სახლი აქვთ. ლებედევი სახელმწიფო დუმის სპიკერის მოადგილეა და ერთ-ერთია ვინც ევროპული სანქციების სიაში მოხვდა ყირიმის საკითხის მხარდაჭერის გამო.

საინტერესოა რომ, 2016 წელს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკის შვილიშვილები, სერგეი და ალექსანდრე ლებედევები შვეიცარიაში, ამერიკულ სკოლაში სწავლობდნენ. სკოლაში TASIS (The American School of Switzerland) სწავლა მე-6 კლასამდე 39 ათასი შვეიცარული ფრანკი ღირს, 7-8 კლასები - 42 ათასი, 9-12 კი 44 ათასი ფრანკი და ამაში შედის სამედიცინო დაზღვევა, საცხოვრებელი ფართი, კვება, ზამთრის სათხილამურო სპორტი, ლაბორატორიული პრაქტიკა, სასკოლო მოგზაურობები...

ეს არ არის სრული სია იმ რუსი მაღალჩინოსნებისა, რომელთა შვილებიც განათლებას დასავლეთში იღებენ... ასევე საინტერესოა, სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებიც, - ერთი ნაწილის თქმით, ეს ყველაფერი მაღალჩინოსნების განებივრებული შვილების ახირებაა, მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მათი მშობლები შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ეს კატეგორია რუსეთისთვის საშიშია.