სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი დღეს, 14:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. როგორც დაცვის მხარის ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დღევანდელ პროცესზე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართავენ. მათივე ცნობით, ადვოკატებს მტკიცებულებები უკვე გადაეცათ.

"გადმოგვეცა მასალები, დაახლოებით 15 ტომია. დღეს განიხლება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. ჩვენთვის ცნობილია, რომ პროკურატურა ითხოვს პატიმრობას. გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს, ეს პირები არ მიმალულან და დადიოდნენ დაკითხვებზე, ამიტომ დავაყენებთ გირაოს საკითხს. მივესალმებით იმას, რომ საქმეში ჩაერთო მიქელაძის ოჯახის ადვოკატი. მასაც მასალები გადაეცა და ერთიან პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. მასთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა. ბრალდების დადგენილებაში პრკურატურას მიაჩნია, რომ დაკავებულებს ჰქონდათ გარკვეული ვალდებულებები, მათ მიერ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა. საუბარია ტექნიკურ ოთახზე, სადაც მოხდა აალება. გამოძიებას მიაჩია, რომ იქ იყო ზედმეტი ნივთები და ეს პირები მიაჩნია პასუხისმგებელ პირებად“, - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

კიდევ ერთი ადვოკატი ბადრი ბერიძე ამბობს, დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი მიქელაძის ოჯახი ამბობს, რომ ის სასტუმროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არ იყო და 24 ნოემბერს სასტუმროში ხანძრის დროს თურქეთში სასტუმროს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე ფატი იაუზი სასტუმროში ტექნიკური სამსახურის უფროსი იყო, ხოლო საქართველოს მოქალაქე გიორგი მიქელაძე - ტექნიკურ საწყობზე პასუხისმგებელი პირი.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ