ავტორი:

გაიცანით 93 წლის ქართველი ქალი, რომელსაც ნახევარი საუკუნეა კამელიების უნიკალური და ულამაზესი ჯიშები გამოჰყავს

გაიცანით 93 წლის ქართველი ქალი, რომელსაც ნახევარი საუკუნეა კამელიების უნიკალური და ულამაზესი ჯიშები გამოჰყავს

93 წლის ნუნუ ჯინჭარაძის მონათხრობით გაოცებული დავრჩი. ქალბატონი ნუნუ პროფესიით აგრონომი-სუპტროპიკოსია. წლების განმავლობაში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სელექციის განყოფილებაში, მეცნიერმუშაკად ჯერ ციტრუსების განყოფილებაში მუშაობდა, მოგვიანებით, კამელიით დაინტერესდა და ამ მცენარის შესწავლას, სახელწოდებების დარქმევას, სელექციას 35 წელი დაუთმო.

"სანამ კამელიით დავინტერესდებოდი, მანამდე ჩვენში მასალა მასზე თითქმის არ არსებობდა, თუმცა ეს კულტურა საუკუნე-ნახევრის წინ იყო აქ, კერძოდ, შავიზღვისპირეთში შემოტანილი. ჯიშები იყო, მაგრამ სახელები არ ჰქონდა დადგენილი. ამიტომ ბაღის დირექტორთან ერთად, გადავწყვიტეთ, კამელიები ჩემი სამუშაო თემა გამხდარიყო. მუშაობის პროცესში საუკეთესო ბიბლიოთეკარი - ვერონიკა ველგეიმი მეხმარებოდა. უცხო ქვეყნებთან იყო მუშაობა საჭირო, ლიტერატურის გამოწერა," - გვეუბნება ქალბატონი ნუნუ და დასძენს, რომ "მისი აქტიური მუშაობის შემდეგ, ამ მცენარით ნელ-ნელა უფრო დაინტერესდნენ, ეტანებოდნენ, ფასიც ჰქონდა და მოთხოვნილებაც. ყოფილი საბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე (მოსკოვი, ალმა-ატა, ტაშკენტი) არსებული ბოტანიკური ბაღები იძენდნენ, მიჰქონდათ, ამიტომ, მათთვისაც ვამრავლებდი, გამომყავდა. ამასთან, ამ თემაზე ჩემი პირველი ნაშრომი, მონოგრაფია 1974 წელს გამოვიდა. მონოგრაფიაზე მუშაობას იმიტომ ვჩქარობდი, რომ დაცვა მინდოდა, მაგრამ მაშინ მეოთხე შვილი შემეძინა, ოჯახი თავისას ითხოვდა და ვეღარ შევძელი.

- თქვენი კვლევის შედეგად, საქართველოში კამელიის რამდენი დასახელება აღმოჩნდა?

- ფაქტობრივად, დღესდღეობით რა სახელებიც ჰქვია მათ, სულ ჩემი მოძიებულია, ხომ ვამბობ, სახელი არც ერთს ჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფრის დადგენას ბევრი წელი დასჭირდა, რისთვისაც ძიების და კვლევის ხანგრძლივი პერიოდი მქონდა... ევროპის ქვეყნებმა რომ გაიგეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ეს თემა მუშავდებოდა, ისინიც ინტერესდებოდნენ, უცხოეთიდან ვინ იცის, რამდენჯერ მიმიღია წერილი... მოკლედ, ჩემ მიერ დამუშავებულ და შესწავლილ სულ 80 ჯიშს ვანგარიშობ.

- ე.ი კამელიამ გასაკუთრებულად შეგაყვარათ თავი.

- რა თქმა უნდა. აგერ აივანზე ჩემი გამოყვანილი ჰიბრიდი ახლაც მაქვს, ყოველდღიურად რომ არ დავხედო და მოვეფერო, არ შემიძლია. ბოტანიკურ ბაღში ვეღარ დავდივარ, რადგან პენსიაზე ვარ, სამაგიეროდ, აივანზე მაქვს ეს მცენარე და ვტკბები მათთან ურთიერთობით. კამელიების შეჯვარების, ახალი ჯიშების გამოყვანის საქმეში დიდი მონდომებით ვიყავი ჩართული. მათგან მივიღე პირველი, მეორე თაობა, რომელთაგან საინტერესო ფორმები გამოვარჩიე. კამელიის აღწერა მისი ზომიდან, ფერიდან, ფორმიდან იწყება. სხვადასხვა ფორმის ყვავილი აქვს. ამ მცენარის სამშობლოდ იაპონია, ჩინეთი, კორეა ითვლება, სადაც ის ველურად იზრდება და დიდი ხნის ისტორიაც აქვს. შავი ზღვის სანაპიროზე კი XIX საუკუნის II ნახევარში, 60-70-იანი წლებში შემოვიდა...

- როგორც ვიცი, ბევრს უყვარს ეს მცენარე. ის ზამთარში ყვავის. როგორია მისი მოვლის წესები?

- კამელიის ყვავილობა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. ყვავილობას ადრე ნოემბრიდან იწყებს და მაისის ჩათვლით აგრძელებს. არის ადრე მოყვავილე ჯიშები, საშუალო პერიოდის მოყვავილე და გვიან მოყვავილეები, ვისაც რა უნდა, იმის მიხედვით გააკეთებს არჩევანს. რაც შეეხება მის მოვლას, კლიმატს გააჩნია, შავიზღვისპრეთში ჩვეულებრივად ხარობს, მჟავე ნიადაგი მოსწონს... მე ის ზესტაფონში, ნეიტრალურ ნიადაგზეც გამოვცადე და წარმატებით იხარა. ზომიერი ტენი უნდა, კარგად იტანს კრეჭას, ძლიერ განათებას ვერ უძლებს, ნახევრად განათებული ადგილები უყვარს. მაგალითად, ჩემგან კახეთში წაუღიათ კამელია, იქ მშვენივრად გაუხარია, თბილისშიც ხარობს. კარგი იმით არის, რომ მარადმწვანე მცენარეა, პრიალა ფოთლები აქვს და ყვავილობს ზამთრში, მაშინ, როცა ბევრ მცენარეს ყვავილობა შეწყვეტილი აქვს. ულამაზესი ყვავილი აქვს ისე, რომ მას ვარდის კონკურენტსაც უწოდებენ. ამიტომ მისგან მშვენიერი თაიგულების გაკეთება შეიძლება. მისი გამოყენებით მშვენიერ დეკორაციებსაც ქმნიან, კარგია გრუნტშიც, გრუნტის ორანჟერიისთვის, ოთახის პირობებშიც და ჩემი აზრით, უკეთესი კულტურა სუბტროპიკებისთვის არ არსებობს. მას ცივ საოცრებასაც უწოდებენ. ოღონდ, ესაა, ძალიან ნელა იზრდება, არსებობს სხვადასხვა შეფერილობის და მოყვავილე. მოკლედ, კამელიები ჩემი ცხოვრების აზრი, ბაღის სიამაყის საგანი, საფირმო ნიშანიც კი გახდა.

P.S. ქალბატონი ნუნუ ძალიან განიცდის და ამ მცენარის ბედი მეტად აფიქრებს, რომ არ დაიკარგოს იაპონური კამელიების ის ჯიშები და სახეობები, რომელთა გამოყვანასაც ნახევარ საუკუნეზე მეტი შეალია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ