"შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს" - ხელისუფლების სამძიმარი მეშახტეების ოჯახებს

"შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს" - ხელისუფლების სამძიმარი მეშახტეების ოჯახებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის,“ - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კი, ტყიბულში მომხდარმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ უნდა იყოს მიმართული.

„შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ - სიცოცხლის თემა", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. შრომის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს ირაკლი კობახიძეც - პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრობლემაზე მუშაობა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

“შეძრული ვარ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე შრომა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, რომლის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ. საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე.

ნახეთ, ასევე : ვინ არიან მინდელის შახტაში დაღუპული მაღაროელები

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები