ავტორი:

"ვუყურებდი და მიკვირდა, 18 წლის გოგო ამას როგორ ახერხებდა..." - ვის გამხნევებაზე ზრუნავს ილო ბეროშვილი ნიკა გრიგოლიასთან ერთად

"ვუყურებდი და მიკვირდა, 18 წლის გოგო ამას როგორ ახერხებდა..." - ვის გამხნევებაზე ზრუნავს ილო ბეროშვილი ნიკა გრიგოლიასთან ერთად

ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი "რუსთავი 2"-ის ახალი მეგაშოუს "მხოლოდ ქართულის" წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა. ის პროექტს ნიკა გრიგოლიასთან ერთად უძღვება და ამ დუეტს კონკურსზე მისული მონაწილეების გამხნევება კადრს მიღმა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ის და ნიკაც - ორივე ღიმილთან, იუმორთან ასოცირდებიან, მონაწილეებს არ ეხუმრებიან, რადგანაც ამჯერად მათი მთავარი ამოცანა კონკურსანტების გამხნევებაა.

რატომ დასთანხმდა პროექტში მონაწილეობაზე შოუმენი და რა აღმოაჩინა უკვე პროექტში მისულმა, ამაზე ილო ბეროშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს:

"მე და ნიკას შოუში მცირე მონაკვეთები გვაქვს, ასეთია ფორმატი, რადგანაც ძირითადად, არის ხმა, რომელიც შუალედებში სიუჟეტებს წარმოადგენს. მთავარი აქცენტი ჟიურიზეა გაკეთებული და კონკურსანტების შერჩევაზე. ჩვენი დუეტი იმისთვისაა, რომ მონაწილეები კადრს მიღმა გავამხნევოთ, სტიმული მივცეთ. შემდეგ იქიდან რა მოხვდება ეთერში, ზუსტად არც კი ვიცით. ვიმეორებ, იმ 2 წუთის განმავლობაში ვცდილობთ, სტიმული მივცეთ ადამიანებს, რადგანაც კონკურსანტობა რთულია. შეიძლება, ძალიან მაგარი მომღერალი იყო, სერიოზული მონაცემები გქონდს, მაგრამ კასტინზე ინერვიულო. ის კი არა, ადამიანებს, როცა ნერვიულობენ, ლაპარაკიც კი უჭირთ და წარმოიდგინეთ, კონკურსზეა საუბარი.

იმისთვის, რომ მხნედ იყვნენ, მე და ნიკა მათ მხარდაჭერას ვცდილობთ - უპირველესი ჩვენი ფუნქცია ესაა, მაგრამ როდესაც ლაივ-კონცერტები დაიწყება, ამაში მეტად ჩავებმებით.

- ისე, თქვენი დუეტისგან ცოტა იუმორი კი დამაკლდა...

- ეს არ არის იუმორისტული შოუ, სადაც მონაწილეებზე უნდა იხუმრო, არც ილუზიონისტები, ან სხვა რომელიმე ასეთი ჟანრის წარმომადგენლები გამოდიან, რომლებიც საშუალებას გაძლევენ, მათზე იღადაო, ჩვენი მისია, როგორც ვთქვით, მათი გამხნევებაა. შეიძლება, ერთი-ორი მსუბუქად გაეხუმრო. მთავარი ის არის, რომ მათ სცენაზე საკუთარი თავი უნდა წარმოაჩინონ და სულაც არ ეხუმრებათ. პროექტის ფორმატი ამას არ ითხოვს, თუმცა აბსოლუტურად მესმის, თქვენ რომ იუმორი მართლაც დაგაკლდათ. მაგრამ მაყურებელი როდესაც შოუს საბოლოოდ ნახავს, ამ კითხვას პასუხი გაეცემა. ჩვენი შოუ, რომელსაც მხოლოდ ქართული ჰქვია, პირველ რიგში ორიენტირებულია ნიჭიერი ადამიანების მოძიებაზე და წარმოჩენაზე.

- კასტინგების მიხედვით რისი თქმა შეგიძლია, მოგეწონა კონკურსანტები?

- რატომაც დავთანხმდი შოუში მონაწილეობას, ის იყო, რომ მისმა სახელწოდებამ მიმიზიდა. დეფიციტი იყო ქართული სიმღერის და ირგვლივ მაკლდა ეს ყველაფერი. 90-იანებამდეც იყვნენ ისეთი მუსიკოსები და კომპოზიტორები, რომლებიც აკვირვებდნენ მსმენელს, 90-იანებშიც და 2000-იანებშიც. ვიღაცას ეს ყველაფერი მოსწონს, ან არ მოსწონს... ბოლო დროს ქართული ჟღერადობა თითქოს ისეთი მასობრივი აღარაა და ამიტომაც დაიწყო ეს პროექტი, რომლის მიზანია, იპოვოს, შეარჩიოს ნიჭიერი თაობა, გზა გაუხსნას მუსიკალური კარიერის მხრივ. პროექტი იმისთვის არის, რომ ხალხმა პირველ რიგში მოუსმინოს ნიჭიერ ადამიანებს, გამოავლინოს ისე, რომ მათ შემდგომ ამ საქმეში განაგრძონ წარმატებულად საქმიანობა. ყველაზე მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ მაყურებელს მონატრებული ქართული სიმღერები შევთავაზოთ.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი თანამედროვე კონტექსტში, ახალი არანჟირებით, ვერსიებით იქნება. თითოეულმა საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა წარმოაჩინოს. იმიტომ არა, რომ ამ პროექტში ვარ, ჟიური კარგად არჩევს იმ ადამიანებს, რომლებიც ძლიერები არიან არა რომელიმე ერთ კონკრეტულ მიმართულებაში, ეტყობათ, რომ ყველა ჟანრში შეუძლიათ სხვადასხვა სიმღერის შესრულება.

- ე.ი. ქართული სიმღერა გიყვარს...

- ქართული სიმღერები ზოგადად ჩემთვის არ არის ცალკეული ღირებულება. დღესაც ვუსმენ, გუშინაც ვუსმენდი, მათგან რაღაცას უფრო მეტად და რაღაცას -ნაკლებად, ან საერთოდ არ ვუსმენდი... მიმაჩნია, რომ ძალიან მუსიკალური ხალხი ვართ. საოცარი ფოლკლორი, ესტრადა და ზოგადად პოლიფონია გვაქვს... რამდენიმე კონკურსანტს გავიხსენებ, ოღონდ, არ დავაკონკრეტებ და მაყურებელი თავად მიხვდება, როცა ნახავს ვის ვგულისხმობდი... 18-19 წლის გოგომ არ შეიძლება ისეთი ზუსტი გრძნობით იმღეროს სერიოზული და ძველი სიმღერა, ამისთვის უნდა ელემენტარულად წლები ჰქონდეს გავლილი, რომ ყველაფერი განცდილი ჰქონდეს. ვუყურებდი და მიკვირდა, 18 წლის გოგო ამას როგორ ახერხებდა. ეს მარგალიტები გაბნეულია და მას მივყვებით, ვპოულობთ და ვავლენთ.

მომწონს ჩვენი ჟიურის დამოკიდებულება, არა იმიტომ, რომ ამ პროექტში ვარ. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, ვისაც ისინი აფასებენ, ამ შოუს შემდეგ წარმატებულები იქნებიან, თავს როგორც მომღერლები დაიმკვიდრებენ.

- კასტინგებიდან კიდევ რას გაიხსენებ?

- ნამდვილად გამაოცა ერთ-ერთმა კონკურსანტმა, როდესაც მოვიდა, გაგვეცნო, ვითომც არაფერი, მაგრამ ჟიურისთან რომ შევიდა, საოპერო ხმით დასჭექა ისე, რომ ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ასეთი მონაცემების პატრონი იყო. არადა, რომ გავიცანით, თითქოს სხვა ადამიანი იყო, როგორც ყველას ვამხნევებდით, ისევე მას, რომ კარგად გამოსულიყო, მაგრამ ხმა რომ ამოიღო, გამაკვირვა! თავიდან პეპი გრძელი წინდას ჰგავდა და აბსოლუტური მოლოდინი არ მქონდა იმის, რაც მოვისმინე. იყო ასეთი ეპიზოდიც, როდესაც კასტინგზე ჩემი გიტარის პედაგოგი ვნახე, რომელიც წლების წინ გიტარაზე დაკვრას მასწავლიდა, ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა. საინტერესო იყო მასთან შეხვედრა. ასე რომ, ეს კონკურსი ასეთი მოულოდნელობებით არის სავსე.

ზოგს რომ შეხედავ და იფიქრებ, - ეს როკერია, მარტო ამას უსმენს, შედის კასტინგზე და მოულოდნელად ქართულ სიმღერას ასრულებს. ამას რომ ნახავ, გიხარია. სასიამოვნოა, როცა ასეთი ახალგაზრდა ადგება, იმღერებს და მიხვდები, რომ ამ თაობაში ქართული სიმღერა გამჯდარია და უყვარს ეს სიმღერა.

- ქრისტინე შუშაძეზე, ემიგრანტ კონკურსანტზე რას იტყვი? მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ჟიურიზე, ასევე მაყურებელზე

- ავიღოთ თუნდაც ეს ადამიანი - გამოჩნდა, როგორი მაგარია, კანადაში ცხოვრობს, აზრზე მოსულია, ყველაფერი იცის და ქართულ სიმღერას ირჩევს. თან, აირჩია არა ირაკლი ჩარკვიანი ან "33 ა", არამედ, ქართული ქალაქური რომანსი. ამასთან, იგრძნობოდა, რომ გულით მღეროდა, ვიღაცამ კი არ შეურჩია, მოსწონს და ამიტომ მღერის. მსმენელი კი მის სულსა და გულს გრძნობს. ასე რომ, "მხოლოდ ქართული" ბევრ საინტერესო ეპიზოდს და სიურპრიზს ჰპირდება მაყურებელს!

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა