"ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით" - რას ითხოვს პროფკავშირების თავმჯდომარე

"ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით" - რას ითხოვს პროფკავშირების თავმჯდომარე

პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში პროფკავშირების ჩართვას ითხოვს, - ამის შესახებ პეტრიაშვილმა ტყიბულში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამ წუთებში „საქნახშირის“ დირექტორს ხვდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიაში პროფკავშირებს არ ჩართავენ, ყველას ეცოდინება, რომ „კვლავ რაღაცის დამალვას ცდილობენ".

"ყველაფრის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, თუ მთავრობა და შახტის ადმინისტრაცია კომისიაში ჩვენს წარმომადგენელს ჩართავს. ამის გარეშე, რომ მათ თვითონ გამოიძიონ და საზოგადოებას და ჩვენ მოგვცენ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად, ბუნებრივია, ამ ინფორმაციის სანდოობა ძალიან დაბალი იქნება საზოგადოებისა და პროფკავშირებისთვის. პროფკავშირებს აქვს გამოცდილება, როგორ ცდილობდნენ ყოველთვის, რომ ჩვენი წარმომადგენელი კომისიაში არ ჩაერთოთ. ვიზიარებთ ტრაგედიას. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით. ზოგადად კანონმდებლობას ჯერჯერობით ვმიჯნავთ იმ უბედურებისგან, რაც ტყიბულს და მთლიანად საქართველოს დაატყდა თავს, სანამ რეალობა არ გვეცოდინება, რისგან მოხდა ამ მასის ჩამოწოლა, როგორ წარმოიქმნა ჰაერის ტალღა", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კითხვაზე, თუ არ ჩართეს საგამოძიებო კომისიაში პროფკავშირების წარმომადგენლობა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევას ჰქონდა ადგილი, პეტრიაშვილი პასუხობს, რომ "დიახ, პირდაპირ ამას დაადასტურებს“.

„წინა შემთხვევაში, რაც ტყიბულში მოხდა, ჩვენი წარმომადგენელ არ ჩართეს გამოძიებაში. მანამდე ჩვენ მივმართეთ შრომის ინსპექციას, რომ ტყიბულში ადგილი ჰქონდა უსაფრთოების ნორმების დარღვევას და საბოლოო ჯამში, შრომის ინსპექტორები ჩამობრძანდნენ, მოგვაწოდეს დასკვნა, რომ ტყიბულში ყველაფერი კარგად არისო. ორ თვეში კი მოხდა ტრაგედია, როცა ჩვენი ოთხი თანამოქალაქე დაიღუპა",- აღნიშნა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები