უკრაინაში ირინა სავიცკაიას საქმე დახურეს, იგი განმეორებით მიმართავს საქართველოს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით

უკრაინაში ირინა სავიცკაიას საქმე დახურეს, იგი განმეორებით მიმართავს საქართველოს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით

უკრაინელი მარტოხელა დედა ირინა სავიცკაია, რომელიც საქართველოში, რუსთავის ციხეში 9 თვის მანძილზე პატიმრობაში იმყოფებოდა, გაათავისუფლეს, რადგან უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა. ამის შესახებ სავიცკაიას ადვოკატმა, სერგეი ვესნინმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში საქმე დახურეს, რადგან არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება სავიცკაიას რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ. ასევე, სახელმწიფო და საერთაშორისო "ინტერპოლის" სამძებრო ბაზიდან გამოითხოვეს მისი მონაცემების ბარათი. ყოველივე ამის შემდეგ მისი პატიმრობაში დატოვება და საქართველოდან უკრაინაში ექსტრადიციის აუცილებლობა ჩაიფარცხა.

"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილი იყო. იმის გამო, რომ ადამიანი თავის სამუშაოს ასრულებდა - ამზადებდა დოკუმენტაციას სამეწარმეო პროცესისთვის - დაადანაშაულეს თაღლითობაში, დანაშაულებრივ ჯგუფთან თანამონაწილეობაში და სინამდვილეში არარსებული ზარალის ანაზღაურება დააკისრეს. შემდეგ, უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების უკანონო მოთხოვნით, მასზე ძებნა გამოაცხადეს, დააკავეს საქართველოში და თითქმის 9 თვის განმავლობაში, როგორც დამნაშავე, ციხეში გამოამწყვდიეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მარტოხელა დედაა, ზრდის არასრულწლოვან შვილს, რომელსაც მუდმივი მზრუნველობა და მოვლა ესაჭიროება" - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე სიტყვებით, სავიცკაიმ ასევე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით, რამდენადაც უკრაინაში მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაკავშირებულია მისი და სახალხო დეპუტატის, რადიკალური პარტიის წევრის, სერგეი რიბალკის ურთიერთობასთან.

"ჩვენთვის გასაგები იყო, რომ მარტოხელა დედა, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანეს, რათა ადრე თუ გვიან იძულებული გაეხადათ, სახალხო დეპუტატისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ყალბი ჩვენება მიეცა. სახელდობრ, ჩვენთვის ცნობილია უკრაინის გენპროკურატურის თანამშრომლების საქართველოში ვიზიტის შესახებ, რომელთა მიზანია საჭირო ჩვენებების მოპოვება და საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება იმაში, რომ ირინა `ღირებული მოწმეა~, მიუხედავად იმისა, რომ იგი რეციდივისტი არ არის და მის მიმართ ასეთი მკაცრი ღონისძიებების გატარების არავითარი საფუძველი არ არსებობდა" - ხაზგასმით აღნიშნა ვესნინმა. თუმცა, მან გამოთქვა იმედი, რომ ირინას საქმის ხელმეორე შუამდგომლობით, უფრო დაწვრილებითი განხილვა პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე, ასევე ფაქტი, რომ საქართველოს ციხეში მისი 9-თვიანი უსაფუძვლო დაკავების შემდეგ უკრაინაში საქმე დაიხურა, დადებით შედეგს მოიტანს.

"ჩვენ გვაწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირინას ბედით შეშფოთებულები იყვნენ ევროპარლამენტის დეპუტატები, ამ საქმეს აშუქებდნენ არა მხოლოდ საქართველოს მასმედიის წარმომადგენლები, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისაც. აშკარაა, რომ საქართველოს ციხეში მისი პატიმრობის ვადა მეტისმეტად ხანგრძლივი აღმოჩნდა, რაც, სავარაუდოდ, თავისთავად წამოჭრის ირინასადმი მინიმუმ, მორალურად მიყენებული ზარალის კომპენსაციის საკითხს და დღის წესრიგში დადგება კორუმპირებული დნეპროპეტროვსკელი ძალოვნების სისხლის სამართლის პასუხსმგებლობაში მიცემის საკითხი, რომელთა "დამსახურებითაც" ირინას უკანონოდ დააკისრეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეკვეთილ საქმეზე და რომლის გამოც ამდენი გაჭირვების გადატანა მოუხდა" - განაცხადა ადვოკატმა.

იმთავითვე ითქვა, რომ ირინა სავიცკაია გახლდათ შპს "პროდექსპორტ 2009"-ის ბუღალტერი, 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში ამზადებდა დოკუმენტაციას `ატბ-მარკეტის~ სუპერმარკეტების ქსელის სამეწარმეო დავის შესახებ, დავალიანების ამოღების მიზნით. პირველადი დოკუმენტაცია საჭიროებდა აღდგენას, რამდენადაც იგი ამოიღო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2014 წლის იანვარში, კომპანიის ოფისების ერთ-ერთი ჩხრეკის დროს.

მას შემდეგ, რაც "პროდექსპორტ 2009"-მ, ასევე მისმა სამართალმემკვიდრეებმა `ატბ~-ს წინააღმდეგ აღძრული საქმის რამდენიმე პროცესი მოიგეს, რომლის შედეგადაც ქსელი ვალდებული იყო, გადაეხადა დავალიანება, "ატბ~-მ საქმე აღძრა თაღლითობის მუხლით, რომლის თანახმადაც, სავიცკაიას ბრალი დასდო დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში, რომელთა მიზანი იყო `ატბ~-ს ფულადი სახსრების მითვისება დახლოებით 4 მილიონი დოლარის ოდენობით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ