ავტორი:

19 წლის ქართველი ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

19 წლის ქართველი ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

19 წლის სანდრო საათაშვილი ერთ-ერთია იმ წარმატებულ ქართველ ახალგაზრდებს შორის, ვინც ბოლო პერიოდში აშშ-სა და ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტებისგან სრული დაფინანსება მიიღეს. მან აშშ-ში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სწავლის გადასახადი 70 000 დოლარს აღწევს, სრული დაფინანსება მიიღო და სექტემბრიდან მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება.

1861 წელს დაარსებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT) მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგში წლებია პირველ ადგილს არავის უთმობს. 2017 წლის მონაცემებით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის 91 ნობელის ლაურეატია! გარდა ამისა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია. სასწავლებელი აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, კემბრიჯში მდებარეობს.

19 წლის სანდროს მიმართულება ჯერ არ აურჩევია, თუმცა თითქმის გადაწყვიტა, რომ არჩევანი მათემატიკაზე შეაჩეროს. საინტერესოა, რა გზა გაიარა ქართველმა ბიჭმა მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში მოსახვედრად - ამის შესახებ სანდრო საათაშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

„გამოცდის ჩაბარებას ძალიან დიდი მნიშვნლობა არ ენიჭება, ძალიან მაღალ ქულებს არ ითხოვენ. უნივერსიტეტში მიღების მთავარი მიზეზი წარსულის საოლიმპიადო წარმატებები გახდა, კერძოდ, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღებული ოქროს მედალი. ქულებზე უფრო მეტად აკვირდებიან შენს CV-ს, ანუ რა გაქვს გაკეთებული, რა გისწავლია, სადმე ხომ არ გიმუშავია და საბოლოო გადაწყვეტილებას ასე იღებენ,“ - განმარტავს სანდრო.

უნივერსიტეტში მისაღებ უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ, ქართველმა ბიჭმა ზუსტად არ იცოდა, მასზე არჩევანს შეაჩერებდნენ თუ არა, თუმცა აპლიკაციის შევსებისა და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ ფიქრობდა, რომ შანსი ჰქონდა.

მათემატიკით ბავშვობაში დაინტერესდა. როგორც სანდრო განმარტავს, ტექნიკური საგნები ყოველთვის აინტერესებდა, მათემატიკა კი ყველაზე კარგად გამოსდიოდა, ამიტომ ცოდნის გასამყარებლად მე-7 კლასიდან სწავლა სკოლა-პანსიონ კომაროვში გააგრძელა. მხოლოდ მათემატიკაში მეცადინეობას დღეში 6-8 საათს უთმობდა, დავალებების შესასრულებლად კი, როგორც წესი, სხვებზე ნაკლები დრო სჭირდებოდა.

სანდროს შრომისმოყვარეობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებზე მათემატიკასა და ფიზიკაში უდიდესი წარმატებები მოჰყვა: 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ასევე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. სანდრო ეროვნულ ოლიმპიადებშიც ლიდერობდა და მათემატიკის მიმართულებით პირველი, მეორე და მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მან პირველი ადგილი ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაზეც დაიკავა, რამდენიმე თვეში კი ცოდნის გასაღრმავებლად აშშ-ში გაემგზავრება.

ოლიმპიადებზე გამარჯვების შემდეგ, 19 წლის სანდრო საათაშვილი კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის ხელმძღვანელი გახდა და თავის ცოდნას სხვა მოსწავლეებს უზიარებს.

„მათემატიკის წრე არის ისეთი ბავშვებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, უფრო რთული მათემატიკა ისწავლონ, ვიდრე შეიძლება, ამის საშუალება სკოლამ მისცეს. ამიტომ იკრიბება 10-20 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც უფრო რთულ ამოცანებზე ფიქრობენ. ამ წრეს კომაროვის სკოლაში კიდევ ერთი სტატუსი აქვს - ბავშვები საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ემზადებიან და ისინი, ვინც ამ ოლიმპიადებისთვის ემზადებოდნენ და თავიანთ პიკს მიაღწიეს, ცოდნას სხვებს უაზიარებენ“ - აღნიშნავს სანდრო.

მისი თქმით, დაგროვილი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება საინტერესო პროცესია და მომავალში, როდესაც მათემატიკოსის პროფესიას დაეუფლება, ლექციების კითხვა და სწავლება მისი ცხოვრების ნაწილი იქნება.

„ჩემს სამომავლო გეგმებში მათემატიკოსობა თუ შედის, ესე იგი სხვებსაც უნდა ვასწავლო, რადგან ლექციების ჩატარება ნებისმიერ მათემატიკოსს უწევს. თუ მათემატიკოსმა სხვას არ ასწავლა, მაშინ რისთვის უმუშავია?!“ - გვეუბნება სანდრო საათაშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ