კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და "ჩვენმა სკოლამ" ბორჯომის ტყის აღსადგენად საქველმოქმედო გამოფენა გამართა

კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და "ჩვენმა სკოლამ" ბორჯომის ტყის აღსადგენად საქველმოქმედო გამოფენა გამართა

კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და "ჩვენმა სკოლამ" 11 აპრილს სააღდგომო საქველმოქმედო ბაზრობა - გამოფენა გამართა. ბაზრობაზე გასაყიდად წარმოდგენილი იყო „ჩვენი სკოლის“ მოსწავლეების მიერ დამზადებული ნივთები.

„ჩვენი სკოლის“ ეზოში უამრავი მოსწავლე და სტუმარი შეიკრიბა. მოსწავლეები სიმბოლურ ფასად, თავიანთ გაკეთებულ ნივთებსა და ტკბილეულს სთავაზობდნენ დამსწრეებს. სტუმრებს შორის იყვნენ, სამუსიკო სემინარიის დამფუძნებელი მანანა დოიჯაშვილი, მწერალი როსტომ ჩხეიძე, ბალერინა ნინო ანანიაშვილი, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და „ჩვენი სკოლის“ სხვა გულშემატკივრები.

საქველმოქმედო ბაზრობის მიზანი ბორჯომის ტყე-პარკის გადარჩენა და გადამწვარი ტერიტორიების აღდგენა გახლდათ. შემოსული თანხით, სკოლის მოსწავლეები ორგანიზაცია „თრიფექსის“ გუნდის დახმარებით იყიდიან წიწვოვანი ხეების ნერგებს, რომლებიც ბორჯომის ტყეში დაირგვება.

„ჩვენთან ყოველწლიურად იმართება საქველმოქმედო ბაზრობა, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებს ეძღვნება. მოსწავლეები მონდომებით აკეთებენ ნივთებს, იმისათვის რომ გაყიდონ და მიღებული თანხით, ამჯერად, ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის ნაწილი აღადგინონ. ვფიქრობ, რომ ბავშვების მონაწილეობა ამგვარ ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია.“ განაცხადა კონსერვატორიის რექტორის მოადგილემ და „ჩვენი სკოლის“ დამფუძნებელმა მანანა დოიჯაშვილმა.

გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, „ჩვენი სკოლის“ ეზოში, მოსწავლეების კონცერტი ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელების მიერ, პროფესიონალურად ნამღერმა სიმღერებმა და სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე შესრულებულმა მუსიკამ, მსმენელების ყურადღება მიიპყრო და სასიამოვნო განწყობა შექმნა.

„გამოფენის მთავარი მიზანი, ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაა. მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ ჩემი ნამუშევრებით. გასაყიდად გამოვფინე თექისგან გაკეთებული ნივთები და რამდენიმე ნახატი,“ - აღნიშნა „ჩვენი სკოლის“ მოსწავლემ, სიდონია ჩხეიძემ.

ბორჯომის ტყეში, 2017 წლის აგვისტოში გაჩენილი ხანძრის დროს, უამრავი მწვანე ნარგავი განადგურდა. მას შემდეგ, სხვადასხვა ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ცდილობენ შეიძინონ ნერგები და აღადგინონ ტყის მწვანე საფარი.

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი