ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ

ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ

მსახიობ ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში 12:00 საათიდან დაიწყება. მსახიობს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, კინოხელოვანს საკუთარი ანდერძის თანახმად, საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ.

რაც შეეხება თბილისის მერიისადმი ლეილა აბაშიძის ოჯახისა და კოლეგების მიმართვას, რომ მსახიობი დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ, ოქიტაშვილის განმარტებით, მერიამ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მსახიობი ღირსეულად დაიკრძალოს.

„მერია არაფერ შუაში იყო, რადგან მერიას სთხოვეს ადამიანებმა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, დიდუბის პანთეონში გამოძებნილიყო ადგილი. იცით, რომ დიდუბის პანთეონი დახურულია. სამი თვით ადრე მე მან დამირეკა და მთხოვა, როდესაც გარდავიცვლები, დედაჩემის გვერდით დამკრძალეთო. მთხოვა, ეს შემისრულეთო. ვუსრულებთ დანაბარებს. თუმცა, ხელოვანმა ადამიანებმა მიმართეს მერიას, მერიამ კი, აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლეილა აბაშიძე დეკრძალათ ისე, როგორც მას ეკადრება, მაგრამ დიდუბეში ფიზიკურად ადგილი არ არის“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1-ელ აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა, ფილმში "ქაჯანა", სადაც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას ნატო ვაჩნაძეს უწევდა.

1951 წელს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან", ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. ლეგენდარულ მსახიობს 30-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს