ავტორი:

"სამეული მყავს, ჩემი ფავორიტები და გამორჩეულები!" - რა შიშები დაძლია სოფო ნიჟარაძემ "მხოლოდ ქართულის" კასტინგებზე

"სამეული მყავს, ჩემი ფავორიტები და გამორჩეულები!" - რა შიშები დაძლია სოფო ნიჟარაძემ "მხოლოდ ქართულის" კასტინგებზე

ჟიურის წევრობა და მასშტაბურ ტელეპროექტში მონაწილეობა მისთვის სიახლე არ არის. ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს. ამჯერადაც ჟიურის წევრია და ახალი კონკურსის - "მხოლოდ ქართულის" წესების თანახმად, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, არაერთი კონკურსანტის მოსმენა მოუხდა. უკმაყოფილო არ ჩანს, ამბობს, რომ მაყურებელს საინტერესო შემსრულებლების ახლოს გაცნობა მოუწევს...

AMBEBi.GE-ს მკითხველს მომღერალი სოფო ნიჟარაძე უამბობს, თუ რითია "რუსთავი 2"-ის ახალი პროექტი გამორჩეული და რა დასკვნები გააკეთა მან თავად შოუს კასტინგებზე.

"პირადად ჩემთვისაც და მთლიანად საზოგადოებისთვის ეს არის გამორჩეული პროექტი, სიახლეა იმ მხრივ, რომ ჟღერს მხოლოდ ქართული სიმღერა. ეს მაყურებლის დიდი მოთხოვნაც იყო, რომ თუნდაც სხვა პროექტებში უფრო მეტი ქართული რეპერტუარი მოესმინათ. "მხოლოდ ქართული" ის პროექტია, სადაც აბსოლუტურად მთელი რესურსი ქართულ სიმღერაშია ჩადებული. აქ მხოლოდ ქართულად, მშობლიურ ენაზე მღერიან, ამიტომ, ყველაზე ეროვნული პროდუქტია.

მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქართული სიმღერის შეყვარებისთვის, იმისთვის, რომ მეტი თავისუფლება ჰქონდეთ შესრულებისას. გაბედონ და მეტი იმღერონ ქართულად და ქართული სიმღერა საკუთარი ხედვით დაგვანახონ. დიახ, ქართული სიმღერა ჩარჩოებში არ არის მოქცეული - ეს სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს. პირიქით, რაც მეტი მრავალფეროვნება იქნება, მას უფრო შეიყვარებს ქართველი მსმენელი, გაიხსენებს ბუმბერაზი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, ახალი კომპოზიტორებიც გამოჩნდებიან, სიმღერის ავტორებისთვისაც ახალი, ძალიან დიდი სტიმული იქნება, წერონ ქართული სიმღერები.

ჩვენში თაობები გაიზარდა ამ მუსიკაზე, ისინი გაიხსენებენ იმ ძველს და შეიყვარებენ კონკურსანტების მიერ ახალი ინტერპრეტაციებით შესრულებულს. გარდა იმისა, რომ პოპულარული პროექტია, პირველმა ორმა ეპიზოდმა აჩვენა, რომ არის ძალიან ეროვნული პროექტი და მნიშვნელოვანია საერთო საქმისთვის, რასაც ქართული კულტურა ჰქვია.

- კასტინგებამდე რა მოლოდინი გქონდათ და რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?

- იმ ზოგადი წარმოდგენის გავლენის ქვეშ ჩვენც ვიყავით, რომ ქართული სიმღერა რთულია, ძნელი შესასრულებელია და ჟიურის წევრებს შიში ამის გამო გვქონდა. გასაგებიც იყო, ვშიშობდით, ახალი თაობის მიერ შესრულებული ქართული სიმღერა როგორი იქნებოდა, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული და გაკვირვებული დავრჩით. მრავალფეროვნება, თავისებური ხედვა დავინახეთ. საინტერესო მოსასმენია, ქართულისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა.

- მოკლედ, იყო საინტერესოც და კონკურსანტების მიერ თანამედროვედ დანახულიც?

- დიახ და ამ პროგრესს მხარს ვუჭერთ. ჟიურის შემადგენლობასაც თუ დავუკვირდებით, ყველა რაღაც ქართულზე ვართ ორიენტირებულ-გაზრდილები, ჩვენი შემოქმედებაც ქართულს უკავშირდება, მაგრამ ძალიან ვისიამოვნეთ მონაწილეების ახალი ხედვით და ჩემთვისაც, როგორც მომღელისთვის ინსპირაციაც იყო, რომ მეტად გავბედო და ქართულ რეპერტუარს მრავალფეროვანი ნამუშევრები შევმატო, ახალი ექსპერიმენტები ჩავატარო.

- ვიცი, რომ ჟიურის ის 10 კონკურსანტი, რომელმაც 23 აპრილს ბრძოლა უნდა დაიწყოს, უკვე შერჩეული გყავთ. პროექტიდან რას და ვის აღმოჩენას ელით?

- მნიშვნელოვანია, აღმოვაჩინოთ უნივერსალურები, ტალანტები, რომლებიც თავს გამოცდიან სხვადასხვა ჟანრში და შემდეგ დამკვიდრდებიან და უკვე მაყურებელსა და მსმენელს საკუთარ ნამუშევრებს შესთავაზებენ. მნიშვნელოვანია, რომ შემსრულებლის შემოქმედება, ხმა იცნონ, ყველასგან გამოარჩიონ. მაგრამ მომღერალს თავისი ჟანრი, მიმართულება რომ ჰქონდეს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მუდმივი ძიების პროცესში იყოს, ჟანრიც ხომ ძირითადად ბევრი ექსპერიმენტის შემდეგ მკვიდრდება. ამიტომ მათთვის ეს მრავალფეროვნება ჩვენს პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია.

იქნება ბევრი ტური - როგორც კლასიკოსების, თანამედროვე კომპოზიტოების, ფოლკლორის, ჯაზის მიმართულებების, დუეტების და ყველაფერს წლების მიხედვით მივყვებით. ეს მათთვის დიდი გამოცდილების მიღებაა, წინ გადადგმული ნაბიჯია. საბოლოოდ, კი გამარჯვებული თავს დაიმკვიდრებს ქართულ ესტრადაზე. ამის დიდი იმედი გვაქვს. კონკურსანტებს შორის იქნებიან ინდივიდუალიზმით გამორჩეულები და თავს შეაყვარებენ მაყურებელს. ეს არის ამ პროექტისთვის, ჩვენთვის, არხისთვის და ქვეყნისთვის დიდი გამარჯვება.

- როგორ ფიქრობთ, მართლა არიან ასეთები? შეძლებს რომელიმე მათგანი ამას?

- ჟიურიმ მოგზაურობისას პირველივე შიში კასტინგზე დავძლიეთ იმიტომ, რომ დავინახეთ ამის პოტენციალი, არიან შემსრულებლები, რომლებსაც დიდი წარმატება ელით წინ. დიახ, მარინამ, უშიკამ და მე ეს მკაფიოდ დავინახეთ! იცით, რომ ჟიურის კიდევ ორი წევრი დაგვემატება, მაყურებლისთვის ცნობილი, გამოცდილი და საყვარელი ადამიანები. მათი გამოჩენა სიურპრიზი იქნება და დარწმუნებული ვარ, გაუხარდებათ. კარგია, რომ კონკურსანტებს მსმენელთან ერთად, პროფესიონალური გუნდი შეაფასებს. ხმის მიცემის სისტემაც დაბალანსებულია.

- სანამ ჟიურის ორი წევრი დაემატება, თქვენს სამეულზე ვისაუბროთ... რამდენად კომფორტულია - მარინა ბერიძესთან და გიორგი უშიკიშვილთან თანამშრომლობა?

- ძალიან საისამოვნო იყო და არის, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულები ვართ, მე და უშიკა ჟანრობრივად, მარინასთან ასაკობრივად, ეპოქალურად (მის ხელში ვართ გაზრდილები), მერე მარინას რამხელა გამოცდილება აქვს ასეთ პროექტებში მონაწილეობის... ხასიათებითაც განსხვავებულები ვართ. არ დაგიმალავთ, ვნერვიულობდით, როგორი იქნებოდა ჩვენი საერთო მუშაობის პროცესი, რადგანაც ჩვენ შორის ასეთი სხვაობაა ყველაფერში, მაგრამ ჰარმონიულად შევეწყვეთ. ვიმეორებ, ეს მუშაობა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვკამათობდით, ვჩხუბობდით, განსხვავბული აზრი გვქონდა, თუმცა საერთო ინტერესებიც გადაიკვეთა.

ყველაზე დასამახსოვრებელი გაუგებრობა ათეულის შერჩევის პერიოდში იყო, როცა ხმათა უმრავლესობით ათ საუკეთესოს ვირჩევდით. თუმცა, ბოლოს ყველანი მაინც შევჯერდით. მგონია, რომ მაყურებელი საუკეთესო ათეულს - ერთმანეთისგან განსხვავეულს, მრავალფეროვანს, ძალიან საინტერესო მოსასმენს იხილავს.

- სოციალური ქსელი დაიპყრო კონკურსანტ შუშანას ამბავმა - ზოგი კომპანიას საყვედურობს, რომ ის კონკურსზე დაუშვეს და ზოგი ჟიურის, რომ შემდეგ ტურში არ გადაიყვანა. რას იტყვით?

- ეს ადამიანი გორის რეგიონში კოლორიტია, ყველას უყვარს და ახლა უკვე, როგორც დავინახეთ, მისმა გამოსვლამ ბევრს დადებითი რეაქციები და ემოციები მოუტანა. არ ვიცი, რატომ არის ეს გაღიზიანება, რა უფლება ჰქონდა ვინმეს, ის დაებლოკა და კონკურსზე არ დაეშვა?! რა უნდა ყოფილიყო მისი დაბლოკვის მიზეზი, ვერ ვხვდები, ის რომ განსხვავებულია?! ან რატომ არის განსხვავებული? რაღაც ჯგუფმა გადაწყვიტა ასე?! შუშანას, როგორც რიგით მონაწილეს, ნება დავრთეთ კონკურსში ჩართულიყო, შევაფასეთ მისი ემოციური, პოზიტიური გამოსვლა - მთელი სული და გული ჩააქსოვა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, მოსულიყო პროექტში, ეჩვენებინა შესაძლებლობა და სიმღერა შეყვარებულისთვის მიეძღვნა. რა უფლებით უნდა დაბლოკოს ან ტელევიზიამ, ან საერთოდ ვინმემ?!

არსებობს ფოტო, რომელიც ასახავს, როგორ ზის მარტო იმ თეატრის შენობასთან და როგორ ელოდება კასტინგის დაწყებას, ყველაზე ადრე მივიდა იქ, პირველი იყო და სურვილი ჰქონდა, გამოჩენილიყო. ამ დროს ადამინებმა ჯგუფებმა უნდა გადაწყვიტონ რა არის მისთვის კარგი და ცუდი და რაღაც სხვა სტატუსით შერაცხონ?! უცნაურია ისიც, რომ ვინც შოუში მის მონაწილეობას აპროტესტებდა, დარწმუნებული იყო, საკუთარ სიმართლეში და დიაგნოზიც კი დაუსვა. რატომ? ეს არასწორია - ადამიანის ცხოვრებაში რადიკალური ჩარევაა! დაცინვა ზუსტად ის იქნებოდა, უარი გვეთქვა მონაწილეობაზე.

- და ბოლოს რა ელოდება მაყურებელს "მხოლოდ ქართულში"?

- ბევრი კარგი მომენტი, ეპიზოდი, კონკურსანტი! ამ კასტინგების ყურებისას ისეთივე ემოციები მოგვდის, როგორც მაყურებელს, რომელიც პირველად უყურებს და არა როგორც ჟიურის წევრებს. დასამახსოვრებელი იყო ბათუმის ეპიზოდი, ქუთაისიც, რამდენიმე თბილისის ეპიზოდიდან იყო კარგი (მაყურებელს ჯერ არ უნახავს), თბილისშიც ბევრჯერ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო და ჩემი ფავორიტები დავსახელო, ჩემი სამეული გავამხილო, რადგანაც ქულები უნდა ვწერო, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი - სამეული უკვე მყავს, ჩემი ფავორიტები და გამორჩეულები!

"ძალიან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე... ლილოს ბაზრობაც კი გაიხსნა, ხელოვნება არ უნდა დაიჩაგროს" - რა მიმართვას ავრცელებს ლელა წურწუმია

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"

გიგი დედალამაზიშვილის ქოთნის ყვავილების კოლექცია და მინი "ტყე" ბინაში