ავტორი:

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება - რას წერენ რუსი პოლიტოლოგები

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება - რას წერენ რუსი პოლიტოლოგები

დღის განმავლობაში გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების მიუხედავად, სირიის მისამართით ტრამპის მუქარა, ასევე დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებები მსოფლიოს სიმშვიდეს მაინც უკარგავს.

ყველაზე მეტად საფრთხეს რუსეთში გრძნობენ. რუსი ექსპერტები ცდილობენ მოსალოდნელ სცენარებზე იმსჯელონ, თუმცა ასევე დასძენენ, რომ ეს ძალიან ძნელია, რადგან როგორც ამერიკას, ასევე რუსეთს, არაპროგნოზირებადი მმართველები ჰყავს.

სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის თქმით, ამერიკის პრეზიდენტს თითქოს აღიზიანებს კადრები, სადაც სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებია ასახული. როგორც ის novayagazeta.ru-ს ინტერნეტგვერდზე, საკუთარ ბლოგში წერს, ასადის რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით ცოცხლობს და სირიას მიწასთან ასწორებს.

"თუმცა, ეს ყველაფერი სულაც არ ანაღვლებს ტრამპს, რადგან რამდენიმე დღის წინ ის წერდა, რომ "ძალიან მალე" ამერიკის შეიარაღებული ძალები სირიას დატოვებდნენ... "დაე, ახლა სხვებმა იზრუნონ სირიაზე..." "ამერიკა პირველ რიგში" - ასეთი მიდგომა სჩვევიათ ამერიკელ პატრიოტ-ნაციონალ-იზოლაციონისტებს, რომლებიც ტრამპის მხარდამჭერთა უმეტესობას წარმოადგენენ.

თუმცა, 7 აპრილის შემდეგ, როდესაც აღმოსავლეთ ღუტას ოაზისში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, ყველაფერი შეიცვალა... ამ შემცველობის ქიმიური იარაღი, 1915 წელს გერმანელებმა დასავლეთის ფრონტზე გამოიყენეს. შემდეგშიც აპირებდნენ, თუმცა, ახალი ექსპერიმენტის გამო გადაიფიქრეს... მისი გამოყენების შემდეგ, დუმაში გამაგრებული ასადის ოპოზიცია პანიკაში ჩავარდა და იქაურობა ოჯახებთან ერთად დატოვა. ქალაქი პრაქტიკულად, უბრძოლველად ჩაბარდა.

ასადის მთავრობა ირწმუნება, რომ მას მომხდართან კავშირი არ აქვს. რუსეთის გენშტაბმა ჯანდაცვის ორგანიზაციების განცხადებას "უპასუხისმგებლო" უწოდა. არადა, ცხადზე ცხადია, რომ იმ სამხედროებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უჭერს მხარს... თავის მხრივ, რუსი დიპლომატები, როგორც ადრე, ახლაც არადიპლომატიურ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს იყო პროვოკაცია და სირიელებმა თავისი ნებით მოიწამლეს თავი, რომ პუტინი და ასადი დაესაჯათ..." - წერს სამხედრო ექსპერტი საკუთარ ბლოგში.

თავის მხრივ, ასადის დასჯას ემხრობა საფრანგეთი, ბრიტანეთი, ავსტრალია, საუდის არაბეთი და რამდენიმე არაბული სახელმწიფო, რომლებიც სავარაუდოდ, ამერიკულ კოალიციაში გაერთიანდებიან.

"მოსკოვში, როგორც ეტყობა, ჯერ მთლად კარგადაც ვერ გაარკვიეს, თუ საიდან უნდა ელოდონ დარტყმას და რატომ გადაადგილდება ავიამზიდი "ჰარი ტრუმენი", რომელიც ნორფოლკიდან გამოვიდა და სპარსეთის ყურისკენ მიემართება. იქ დანიშნულების ადგილას მაისში მიღწევს, იქამდე კი, დუმაში ვითარება ან ასე შეიცვლება, ან ისე...

სავარაუდოდ, ამერიკის ცენტრალური მეთაურობა რუსეთთან ომს სულაც არ აპირებს. ყველაფერი "ასადის ერთჯერადი დასჯით" შემოიფარგლება და ჩვენი სამხედროები ამ დარტყმებს მოითმენენ, ისე, როგორც 2017 წლის აპრილში, როდესაც ამერიკამ სირიას Tomahawk-ები დაუშინა" - წერს ფელგენგაუერი.

მისივე თქმით, ვაშინგტონს სურს "ასადის დასჯაში" რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მონაწილეობდეს.

"არადა, როდესაც ტრამპს ირჩევდნენ, ძალიან ბევრს წარმოდგენილი ჰქონდა, თუ როგორ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ ტრამპი და პუტინი ყველა საკითხზე მოსალაპარაკებლად, თუმცა "რუსეთმა მკაცრი სანქციები და არასახარბიელო საგარეო ურთიერთობები მიიღო", - წერს სამხედრო ექსპერტი.

მისი ვარაუდით, ყველაფერი ამ სცენარით განვითარდება: "რუსეთს სანქციებს მოუხსნიან, ინვესტიციებსაც მიიღებს და მრავალწლიანი ეკონომიკური სტაგნაცია დასრულდება, თუ ის გაწირავს ასადს; ასევე, დათმობს დონბასის რესპუბლიკას, შეასრულებს მინსკის შეთანხმებას. სხვა შემთხვევაში - რაკეტები გამოფრინდებიან".

აღმოსავლეთმცოდნე ალექსანდრე შუმილინის შეფასებით, "ხვალ თუ არა, ზეგ - ამერიკა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მაინც დაბომბავს სირიის არმიის ინფრასტრუქტურას. რაც მოსალოდნელი ამბებიდან, ყველაზე მსუბუქი სცენარია. ისე კი, არსებობს წინადადებაც, რომ სირიაში არსებული ჰმეიმის ბაზა დაიბომბოს, სადაც რუსული სამხედრო თვითმფრინავებიც არის განთავსებული. არსებული ცნობით, სწორედ ამ ბაზიდან აფრინდნენ ასადის თვითმფრინავები, რომლებმაც დუმის მოსახლეობაზე ქიმიური შეტევა განახორციელეს...

საინტერესოა, რომ რუსეთის გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა ამერიკის მხრიდან ავიადარტყმების შესაძლებლობას ვაშინგტონის მისამართით მუქარით უპასუხა, თუმცა არაფერი უთქვამს საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთზე, რომლებმაც ლამის ამერიკაზე ადრე განაცხადეს ავიადარტყმების შესახებ.

წაიკითხეთ: რას იზამს ტრამპი? - მსოფლიო აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე