ავტორი:

"მოსახლეობის მერყევი ნაწილი, პრორუსულ მოსაზრებებზე გადავა..." - რა საფრთხეებს შეიცავს "ნტვ პლუსის" ქართულ ბაზარზე შემოსვლა

"მოსახლეობის მერყევი ნაწილი, პრორუსულ მოსაზრებებზე გადავა..." - რა საფრთხეებს შეიცავს "ნტვ პლუსის" ქართულ ბაზარზე შემოსვლა

უმსხვილესი რუსული მედიაჰოლდინგის „გაზპრომ-მედიას“ შვილობილი კომპანია საქართველოს ფასიან სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. ნტვ-პლუსმა საქართველოში რეგისტრაცია 2016 წლის 12 სექტემბერს გაიარა და ავტორიზაცია მიიღო, წლის ბოლომდე კი კომპანია 30 ათასი აბონენტის მოზიდვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

იმ სატელევიზიო პაკეტებში, რომელსაც „ნტვ პლუსი“ ქართველ მაყურებელს შესთავაზებს, უშუალოდ გაზპრომ-მედიას მიერ შექმნილი 20-ზე მეტი პროდუქტი შედის. კომპანიის მიერ შეთავაზებულ პაკეტებში ჯამში 290-მდე სატელევიზიო არხი იქნება.

გავრცლებულ ინფორმაციას კომუნიკაციების ერონული კომისია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნტვ პლუსს“ ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია დასჭირდება. კომისია „ნტვ პლუსს" მიმართავს, რომ წარმოდგენილ დეკლარაციას დაურთოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კი შეუჩერდება ავტორიზაცია.

მესამე სექტორში რუსული პროპაგანდისტული მედიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ გაძლიერებული ანტიდასავლური ნარატივის ფონზე, „ნტვ პლუსის“ შემოსვლა უარყოფით შედეგებს მოიტანს. ამასთან დაკავშირებით მანიფესტიც შეიქმნა, რომლითაც ხელმომწერები მთავრობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას „ნტვ პლუსისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას თხოვენ.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ლადო სვანაძე მიიჩნევს, რომ, „ნტვ-პლუსის“ შესაძლო შემოსვლა ქვეყნისთვის აუცილებლად დამაზიანებელი ფაქტორი გახდება. „თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიმართულია ევროინტეგრაციაზე და ამ ფონზე ბაზარზე ნტვ-პლუსი შემოგვყავს, რომელიც დასავლეთის ანტიპიარს შეეცდება, მოსახლეობის ცოტა მერყევი ნაწილი, თავისუფლად იქნება გადაყვანილი პრორუსულ მოსაზრებებზე. როცა, ერთი მხრივ, ევროპული ოჯახის წევრი გვინდა გავხდეთ, ხოლო მეორე მხრივ, გაზპრომის რუპორი შემოგვყავს ბაზარზე, ამას შეუძლია სახელმწიფო ინტერესებს საფრთხე შეუქმნას“ - აცხადებს ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში, ლადო სვანაძე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ჰიბრიდული ომი დასახელდა.

„საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანები ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვაა“ - აღნიშნა სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა 10 აპრილს პარლამენტში გამოსვლისას.

ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს სწორად აფასებს, კიდევ უფრო გაუგებარი ხდება იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას დააზარალებს.

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურს სწორად ჰქონდა საფრთხეებზე აქცენტები დასმული, თუმცა ამის შემდეგ რა? ასეთი ანგარიშების საფუძველზე, მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რათა ანგარიშში ნახსენებ საფრთხეებს დავუპირისპირდეთ“ - აღნიშნავს რონდელის ფონდის ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩვენი ქვეყანა მის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომს, ჩეჩელაშვილი პასუხობს, რომ აუცილებელია „პიკ“-ის მსგავსი რუსულენოვანი არხების შექმნა. „ევროპაშიც მსჯელობენ, რომ საჭიროა მძლავრი რუსულენოვანი არხი, რომელიც ალტერნატივას შექმნის. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამაზე“ - აღნიშნა მან.

რეალური საფრთხეების გაცნობიერებასა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც. IDFI-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტში „კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ“ ვკითხულობთ:

"თუკი ხელისუფლება განაგრძობს უმოქმედობას და არ შეიმუშავებს კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკას, გარეშე მტრულ ძალას მიეცემა საშუალება, მოახდინოს გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რითაც საფრთხე ექმნება სახელმწიფოს, როგორც სუვერენულ ერთეულს. საზოგადოებაში გაძლიერდება ქსენოფობია და გაღვივდება ეთნიკური და რელიგიური შუღლი. ამის გამო კი შესუსტდება სამოქალაქო ერთიანობა".

დოკუმენტის ავტორთა თქმით, საინფორმაციო ომის ცნებას ცენტრალური ადგილი უჭირავს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინაშიც, რომლის მიხედვითაც, კრემლი საინფორმაციო ომის პრინციპებს მიმართავს, როდესაც საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს რომელიმე სახელმწიფოს მიმართ.

საფრთხეები, რომელთა შესახებაც საქართველოში ჯერ მხოლოდ მსჯელობენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა დიდი ხანია შეაფასეს და სამოქმედო გეგმაც შეიმუშავეს. 2016 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირში რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეზოლუცია მიიღეს (მომხრე - 304 დეპუტატი, წინააღმდეგი - 179, თავი შეიკავა - 208).

იმ ფონზე, როდესაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობა რუს დიპლომატებს აძევებს, "ნტვ პლუსი" კი საქართველოს ტელებაზარზე შემოსვლით გეოგრაფიულ ექსპანსიაზე ხმამაღლა საუბრობს, უმრავლესობის წარმომადგენლები პრობლემას ვერ ხედავენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, "საქართველოში არ არსებობს რესურსი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აზრს შეუცვლის, არის თუ არა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული".

და მაინც, მაშინ როცა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს ევროპა და ამერიკა აქტიურად ებრძვის, ევრონტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველო რატომ აძლევს რუსეთის კიდევ ერთ სახელმწიფო კომპანიას ბაზარზე შემოსვლის უფლებას, უცნობია.