ავტორი:

"დღეს ოჯახებში აღარაფერი ხდება, სახლში დაბადების დღესაც აღარ იხდიან. ეს კატასტროფაა" - ნიკო ლეკიშვილი ძველი და ახალი თბილისის თავისებურებებზე

"დღეს ოჯახებში აღარაფერი ხდება, სახლში დაბადების დღესაც აღარ იხდიან. ეს კატასტროფაა" - ნიკო ლეკიშვილი ძველი და ახალი თბილისის თავისებურებებზე

იცვლება დრო და მასთან ერთად, ცხადია, ბევრი რამ. ადამიანი ცდილობს, თანამედროევეობას ფეხი აუწყოს, თუმცა ასეთ დროს უმეტესად წინა თაობას უჭირს იმასთან შეგუება, რომ ძველი, თუნდაც, ქალაქური ჩვეულებები იკარგება და მის ადგილს სხვა იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ იმ თბილისზე, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა, ხშირად უსაუბრია, კიდევ ერთხელ ჩვენი თხოვნით ისაუბრა. Ambebi.ge-ს ესაუბრება თბილისის ყოფილ მერი - ნიკო ლეკიშვილი:

- ჩვენი ქალქი ძალიან პატარა იყო, სულ რამდენიმე რაიონი გახლდათ - მტკვრის გაღმა-გამოღმა უბნები. მოგვიანებით გაიზარდა, დაიწყო ახალი მასივების მშენებლობა... რაც მთავარია, ჩემი ყმაწვილობის თბილისი იყო მეგობრული, ტოლერანტული, თბილი, ერთმანეთის გვერდში მდგომი, პატივისმცემელი, უფროს-უმცროსობის დამფასებელი, მომღერალი, მოქეიფე და მშრომელიც. მას დღევანდელ თბილისს ვერც შევადარებ.

- ყველაზე ხშირად რას იხსენებთ იმ თბილისიდან?

- მახსენდება გზა - სახლიდან სკოლამდე, რომელსაც ყოველდრე გავდიოდი, მახსენდება ფანჯრის რაფებზე შემოწყობილი ქოთნის ლამაზი ყვავილები, რომელსაც დილაობით რწყავდნენ... მივდიოდით, ერთმანეთს ვესალმებოდით, სულ გამარჯობა გაგიმარჯოს, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, ისმოდა. ახლა ის ფანჯრები დაკეტილია და იქიდან არავინ იყურება, ადამიანებს სილაღე აკლიათ...

- დღეს ახალგაზრდები ერთმანეთის გაცნობის სხვადასხვა ფორმას ირჩევენ. თქვენ დროს როგორ იცნობდნენ ერთმანეთს და სად იყო პაემნების ადგილები თბილისში?

- საერთოდ, ბევრმა რამემ ფასი დაკარგა. ახლა "ესემესებით" და "ფესიბუქით" გაცნობაზე გადავიდნენ. ამ ფორმით მიდის სიყვარულის ახსნაც. მაშინ საინტერესო ამბები იყო... რაც შეხება უშუალოდ, გაცნობას, ეს სხვადსხვა ადგილას ხდებოდა - საწავლებლებში, მეგობართან, სადმე ოჯახში, დასვენების დროს... პაემანი კი უკვე კინოში, ან თბილისის რომელიმე ბაღში ("გოფილექტის ბაღი", "ვერის ბაღი"), ბევრი ბაღი იყო, შესაძლოა კაფეშიც წასულიყვნენ (თბილისში რამდენიმე ასეთი კაფეც იყო). ფაქტობრივად, ის ადგილები ადვილად მისაგნები იყო.

- თქვენ სად დადიოდით პაემანზე?

- ხან - სად, ხან - სად. გააჩნია, სიტუაციას, ამაში განსხვავებას ვერ ვხედავდი. ისე, ხომ ვამბობ, უფრო ოჯახებში ხდებოდა ეს ურთიერთობები, დღეს ოჯახებში ხომ აღარაფერი ხდება?! სახლში დაბადების დღესაც კი აღარ იხდიან. ეს კატასტროფაა. ახლანდელი ახალგაზრდობა ერთმანეთის მშობლებს მოშორებულია, რაც, ჩემი აზრით, ცუდია, ადამიანებს ამით ბევრი რამ აკლდებათ. ჩვენ ერთმანეთის სახლებში ხშირად მივდიოდით, ერთმანეთის მშობლებს ვიცნობდით. პურმარილი და სუფრის გაშლა აუცილებელი არ იყო. იყო სიმღერა, გართობა, სიცილ-ხარხარი.

- რას წამოიღებდით თქვენი ყმაწვილობისდროინდელი თბილისიდან XXI საუკუნის თბილისში?

- იმ ურთიერთობებს, რაც იყო, ურთიერთპატივისცემას. თუნდაც ეს იყოს ურთიერთობა მეზობლური, ნათესაური, მეგობრული. ხომ ვთქვი, ოჯახებით ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს ცხოვრებისთვის მეტი სტიმული იყო, ხალხი ერთმანეთს ეხმარებოდა, ყველაფერი სახლში ხდებოდა. ეს ტრადიციები მოიშალა. როგორც ვთქვი, სულ რამდენიმეკაციან დაბადების დღეს, ქორწილს რესტორანში იხდიან. ჩემი ქორწილის სუფრა სახლში იყო. ახლა 500-1000 კაცი თუ არ არის ქორწილსა და ქელეხში, ისე არაფერი გამოდის. ეს დეგრადირებაა! მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სიზარმაცის ბრალია. ადვილია დაუკვეთო და ყველაფრი დაგიმზადონ. კაცმაც და ქალმაც ბევრი რამ აიცილა თავიდან. სტუმრები რომ მოდიოდნენ, მათი გამასპინძლების პროცესში მთლიანად ჩართულები ვიყავით. ეს დღეს ეზარებათ და ის კი არა, პატარა ბავშვების დაბადების დღეებს ბავშვთა ცენტრებში იხდიან. ამას უკვე აღარაფერი ეშველება. რაღაც თაობამ გადაწყვიტა, რომ ასე ჯობია, რაზეც მართლა ვწუხვარ.