ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდით“ იცვლება

ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდით“ იცვლება

ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი უქმდება - ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემა შემოდის. ამასთან, უქმდება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობაზე.

შესაბამისი ცვლილებები “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.

პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება. დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე. დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით გაიწერება.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, პრაქტიკული დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიერ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში “ხურდის“ სახით დაბრუნებულ 1 და 2 თეთრიან მონეტებს, ვინაიდან ვერ ხერხდება მათ მიერ ამ მონეტების შემდგომი გამოყენება, ხოლო თვით სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მხრიდან კი შეიმჩნევა 1 და 2 თეთრიანი მონეტების ნაცვლად ხურდა ფულის დამრგვალების (მეტობით დაბრუნების) ტენდენცია.

“კანონპროექტის მიღების მიზეზია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მაღალია 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი. კერძოდ, საშუალოდ ეკონომიკის მომარაგება წელიწადში ჯდება: 1 თეთრი - 260 000 ლარი; 2 თეთრი - 100 000 ლარი. 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 0.021 ლარს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდა 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადება-მოწოდებასთან (დახარისხების, შენახვისა და ა.შ. ხარჯები) დაკავშირებული მაღალი ხარჯისა, რაც მათ ნომინალურ ღირებულებას ბევრად აღემატება, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უწევს აღნიშნული ნომინალის მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თანხის დამრგვალების პრინციპის მხოლოდ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების დროს გამოყენება სწორედ ანგარიშსწორების აღნიშნული ფორმის თავისებურებით არის გამოწვეული, ვინაიდან 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტები მზადდება და მიმოქცევაში გაიშვება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების განხორციელების მიზნებისათვის, მათი მიმოქცევიდან ამოღების შემთხვევაში, საჭიროა ნაღდი ანგარიშსწორების “ერთი თეთრის სიზუსტით“ განხორციელების პრინციპის “დამრგვალების მეთოდით“ შეცვლა. რაც შეეხება, უნაღდო ანგარიშსწორებას, ამ შემთხვევაში დამრგვალების მეთოდის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან, უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება ერთი თეთრის სიზუსტით არის შესაძლებელი“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის თანახმად, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელება სავალდებულო იქნება 2019 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვარი.

საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო