როგორ გახდა მოსამართლის თანაშემწე წარმატებული დიზაინერი - "ერთ-ერთ პროცესზე დამნაშავემ ბოთლი ცხვირ-პირში მესროლა"

როგორ გახდა მოსამართლის თანაშემწე წარმატებული დიზაინერი - "ერთ-ერთ პროცესზე დამნაშავემ ბოთლი ცხვირ-პირში მესროლა"

დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც. ამბობს, რომ ვერც ერთ პროფესიაში ვერ იპოვა ის, რაც დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა. სხვადასხვა ფორმის ქვასა და ხის ნაჭერზე რომ აღარაფერი ვთქვათ, 33 წლის მაია ბაიაშვილის სახლში ბევრ ძველ ნივთსაც ნახავთ, პატრონს ახალი დანიშნულება რომ მიუცია. რატომ ამჯობინა მოსამართლის თანაშემწეობას დიზაინერობა, როგორ შეაშინეს დამნაშავეებმა სასამართლო სხდომაზე და რატომ ესროლეს ბოთლი, ამის შესახებ თვითონ მაია მოგვიყვება.

- მიყვარს ძველი ნივთების გაცოცხლება და ვფიქრობ, კარგადაც გამომდის. ძალიან ვნანობ, რომ თავიდანვე დიზაინერის პროფესია არ ავირჩიე. არადა, სამხატვრო აკადემიაში სხვის ნაცვლად მაქვს გამოცდები ჩაბარებული. არ ჯობდა, თვითონ მესწავლა? ერთი წაკითხვით ვიმახსოვრებდი ყველაფერს. იყო შემთხვევები, როდესაც ლექტორი სტუდენტს ვერ ცნობდა და მეგობრები მთხოვდნენ, წინა საღამოს გადამეხედა საკითხებისთვის და გამოცდაზე გავსულიყავი. ბიჭები ნატრობდნენ ხოლმე, ნეტავ, ბიჭი მაინც იყო, ჩვენც ხომ გვეშველებოდაო. დღევანდელი გადასახედიდან, ვთვლი, რომ პროფესია ცოტა მოგვიანებით უნდა აირჩიოს ადამიანმა და არა 17 წლის ასაკში. საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ ჩავაბარე ჯერ იურიდიულზე უნივერსიტეტში, მაგისტრატურაც კი დავამთავრე და მერე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გეპეიში. რამდენი წელი დავკარგე, ხომ წარმოგიდგენია? მამაჩემი კი მეუბნებოდა, შენი ხასიათისა და ბუნების გამო იურისტობასა და სასამართლოში მუშაობას შეეშვი, არ გამოგივაო, მაგრამ არ ვუჯერებდი. საბოლოოდ მართალი აღმოჩნდა. მცხეთის სასამართლოში ვმუშაობდი, მერე "იმედში" გავიარე სტაჟირება, მაგრამ ერთსაც დავანებე თავი და მეორესაც.

- არადა, როგორც მითხარი, სასამართლოში წარმატებული იყო შენი კარიერა...

- ერთი წელი სტაჟირებას გავდიოდი მცხეთის სასამართლოში და მოსამართლემ დამიტოვა თავის დაქვემდებარებაში. ფაქტობრივად, მისი თანაშემწე ვიყავი და ჩემს აზრს ანგარიშს უწევდნენ, რაც ახალდამთავრებულისთვის ურიგო არ იყო. ეს გახლდათ შევარდნაძის პერიოდი. ხომ წარმოგიდგენია, რა დროს მიწევდა ამ ურთულეს სფეროში მუშაობა? ვესწრებოდი სხდომებს, ვისმენდი განხილვებს და მოსამართლეს რამე რომ არ გამორჩენოდა, ანალიზს ვაკეთებდი, ჩემს აზრს მოვახსენებდი. ხშირად ყოფილა დამუქრებისა და დაშინების ფაქტებიც, რამაც დამთრგუნა და საბოლოოდ გადამაწყვეტინა იქიდან წამოსვლა. ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას გავიხსენებ: რამდენიმე ადამიანმა დააყაჩაღა ბაქოში მიმავალი მანქანა, რომლითაც დიდი რაოდენობით ოქრო და ფული გადაჰქონდათ. მძღოლი აზერბაიჯანელი იყო, შუამავალი კი - ქართველი, რომელიც თურმე ინფორმაციის მიმცემი ყოფილა დანარჩენი დამყაჩაღებლებისთვის და თვითონაც დაზარალებულებთან ერთად იჯდა მანქანაში. ჭრილობაც ჰქონდა მიყენებული, მაგრამ როგორ, ამას ვერ ვარკვევდით. ერთ-ერთი დამნაშავე იძახდა, ხიდიდან ქვა ვისროლეო, ქვის სტრუქტურა მართლაც ემთხვეოდა ჭრილობას, მაგრამ საკვირველი ის იყო, ხიდიდან ისეთი ძალით როგორ ესროლა, რომ მანქანის შუშა გატეხა და შიგ მჯდომიც დააზიანა. აი, ამას ვეღარ ვხვდებოდით. თითქოს რაღაც აკლდა ამ ამბავს. როგორც მერე გაირკვა, ამ შუამავალმა ჯერ დააძინა აზერბაიჯანელები, გადმოიტანა ოქრო, ფული და მერე ააფეთქეს მანქანა და ვითომ აფეთქების ძალამ გადმოაგდო ეს კაცი მანქანიდან გარეთ. ჭრილობა სინამდვილეში, თანამოაზრეებმა მანამდე მიაყენეს, თვალის ახვევის მიზნით.

თვითონ დაზარალებულები ვერაფერს იხსენებდნენ. ერთი დეტალი რომ გაკლია და ვერ ხვდები, სინამდვილეში როგორ და რა მოხდა, არადა, ზუსტად გინდა გაარკვიო, რაშია ამ ადამიანის ბრალეულობა, ასეთი სიტუაცია იყო. მოსამართლეს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ უცებ, ერთ წამში თითქოს გონება გამინათდაო, მივხვდი, რაც მოხდა. მივხვდი, რომ ეს კაციც იმ დაჯგუფების წვერი იყო და თავი შემთხვევის დროს კი არ გაუტეხეს, მანამდე ჰქონდა გატეხილი და ინფორმაციაც მას ჰქონდა მიცემული. იმიტომ იყო, ექსპერტიზამ ანესთეზიოლოგიური პრეპარატის კვალი რომ აღმოაჩინა მის სისხლში. ეტყობა, გაუყუჩეს და ისე ჩაარტყეს ქვა. იქ იმხელა თანხაზე იყო ლაპარაკი და იმდენ ძვირფასეულობაზე, რომ ამის გამო რას არ იზამდნენ. ამას როგორც კი მივხვდი, გახარებული წამოვხტი, რომ მოსამართლესთან მივსულიყავი და ეს ყველაფერი მეთქვა. ჩემს მზერაში დამნაშავემ ამოიკითხა, რომ ყველაფერს მივუხვდი და წყალი მოითხოვა. რატომღაც, შუშის ბოთლითვე მიაწოდა დაცვამ და უცებ, ყველასთვის მოულოდნელად, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ბოთლი ჩემი მიმართულებით ისროლა. ბოთლი ცხვირ-პირში მომხვდა და უკან გადამაგდო. ისეთი მწარე იყო, ახლაც მტკივა სახე მაგის გახსენებისას. გონება დავკარგე და "სასწრაფო" გამოიძახეს. პროცესს ჩემ გამო ხომ არ გადადებდნენ? მოკლედ, ის კაცი ადვილად "გამოძვრა" სიტუაციიდან და ყველაფერი შერჩა, მე კი ისეთი შეშინებული და დათრგუნვილი ვიყავი, დიდხანს აღარც გავჩერებულვარ სამსახურში. რამდენი ასეთი "სიურპრიზი" ყოფილა, ვინ იცის...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ