"ბაღს ვერავინ შეეხება" - კალაძის ინფორმაციით, 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ტყუილია

"ბაღს ვერავინ შეეხება" - კალაძის ინფორმაციით, 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ტყუილია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ისანში მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაღი ავარიულია და ამაზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც არსებობს.

“ერთი ვიცი, რომ ბაღს ვერავინ შეეხება. ძალიან გულდასაწყვეტია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ არსებობს მორალი, არსებობს ზნეობა. როგორ უნდა ვიკადროთ ისეთ რამ, რომ მოტყუებით გამოვიყვანოთ ბავშვები და შემდეგ გავასხვისოთ. ეს კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის შეურაცხმყოფელი პირადად ჩემს მიმართ, იმიტომ, რომ არ გვაქვს ეს დამოკიდებულება და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ჩვენ მიდგომებს, პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ დედაქალაქში. შესაბამისად, ის განცხადებები რაც მოვისმინეთ, არანაირ სიმართლეს არ შეეფერება. დასკვნაში რომელიც მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, პირდაპირ არის დაწერილი, რომ ეს არის პრობლემური ბაღი და აქ ბავშვების ყოფნა ძალიან საშიშია. შესაბამისად, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვები გადავანაწილოთ სხვადასხვა ბაღებში რომ პრობლემები არ შეექმნათ. მგონი, ამ ბავშვების ამ მშობლების ინტერესებს ვიცავთ და ის დამოკიდებულება და ის მესიჯები რაც მოვისმინეთ, ნამდვილად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ჩვენ ეს დამოკიდებულება არ გვაქვს. საზოგადოებასთან მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ გახსნილი, ვცდილობთ ყველაფერში ჩავერთოთ, ყველაფერი ავუხსნათ რას ვაკეთებთ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ ამ განცხადებებს. თუმცა არაუშავს, ყველაფერი ხდება და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ და როგორც უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როდის დასრულდება ბაღებში სამუშაოები, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ბაღის გარდა, ჩვენ გვაქვს 11 პრობლემური ბაღი, სადაც შეწყდა სწავლა და ბავშვები გადანაწილებულია სხვადასხვა ბაღებში.

„უახლოეს მომავალში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები 11-ვე ბაღში და წლის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. გარდა ამისა, არის 5 ბაღი , რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება საჭიროა დემონტაში და თავიდან ახალი პროექტის განხორციელება და ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ყველა მიმართულებით, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლოს სამუშაოები იყოს დასრულებული“, - განაცხადა კალაძემ.

დღეს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა 109-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან საბავშვო ბაღის ერთ-ერთ დარბაზში შეხვედრა გამართა.

მშობლები უარს აცხადებენ შენობის დემონტაჟის განხორციელებასა და მათი ბავშვების სხვა ბაღებში გადანაწილებაზე. შეხვედრა დაძაბული და ხმაურიანი იყო. ამასთან, ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები და ბაგა-ბაღების მართვის საგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

როგორც ილია ელოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებს მან 10-კაციანი ჯგუფის შექმნა შესთავაზა. მისივე თქმით, ეს ჯგუფი სხვა ბაღებში ბავშვების გადანაწილებისა და ადგილზე ახალი ბაღის მშენებლობის პროცესს დააკვირდება. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ამ შენობის ადგილზე ახალი ბაღის დასაპროექტებლად ტენდერი უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს.

„დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ტენდერის გამოცხადება ამ ადგილზე ახალი ბაღის შენობის დასაპროექტებლად, რასაც 3-4 თვე დასჭირდება და შემდეგ ერთი წელი დასჭირდება შენობის აშენებას. მე მათ შევთავაზე ათკაციანი მობილური ჯგუფი გამოყონ და ამ პროცესებში იყვნენ ჩართულები. გამორიცხულია სხვა რაიმე ტიპის დაწესებულების აშენება ამ ადგილზე. დემონტაჟი აუცილებელია და ამას ექსპერტიზის დასკვნა გვეუბნება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით 10 ბაგა-ბაღიდან უკვე მოხდა ბავშვების გაყვანა, ეს მე-11 ბაღია, სადაც აღნიშნული პროცესი უნდა განხორციელდეს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მშობლებმა მოითხოვონ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, ელოშვილის განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია, დასკვნა ლიცენზირებული უნდა იყოს და ამ საკითხზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმდნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ