"ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ნორმები გამკაცრდა

"ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ნორმები გამკაცრდა

პარლამენტმა 75 ხმით - ერთხმად, “ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ნორმების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში ცვლილები და თანმდები კანონპროექტები. ექვსი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა და მიზნად ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ისახავს.

მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, იცვლება “ქურდული სამყაროს“, “ქურდული სამყაროს“ წევრის, “კანონიერი ქურდის“, “ქურდული გარჩევის“ დეფინიციები და ამასთან, ემატება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: - “ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და “ქურდული შეკრება“.ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული დეფინიციები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

“ქურდული სამყარო“ – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.

“ქურდული სამყაროს“ საქმიანობა - “ქურდული სამყაროს“ წევრის ან “კანონიერი ქურდის“ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, “ქურდული შეკრების/გარჩევის“ გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ ან სხვა პირისთვის სარგებლის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება.“ქურდული სამყაროს“ წევრი - პირი, რომელიც აღიარებს “ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე, პირი, რომელიც აღიარებს “ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.

“კანონიერი ქურდი“ – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს “ქურდულ სამყაროს“ ან “ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირთა გარკვეულ ჯგუფს.

“ქურდული გარჩევა“ – “ქურდული სამყაროს“ წევრის/“კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.“ქურდული შეკრება“ - ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) “ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.

შესაბამისი ცვლილებები, გამკაცრების კუთხით, აისახება “სისხლის სამართლის კოდექსშიც“, კერძოდ:

“ქურდული სამყაროს“ წევრობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; “კანონიერი ქურდობა“ – თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე; “ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; ნებისმიერი ქმედება ჩადენილი პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და სურდა ან უშვებდა, რომ თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას - თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე; პირის მიერ “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა “ქურდული გარჩევის“, ან მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის გადაწყვეტილების მიღებაზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი – თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ