ავტორი:

როგორ იქმნება “რუსული ტროლები” - ყოფილი "ტროლი" “სიცრუის მანქანაში” მუშაობის დეტალებზე

როგორ იქმნება “რუსული ტროლები” - ყოფილი "ტროლი" “სიცრუის მანქანაში” მუშაობის დეტალებზე

ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში, რუსული ინტერნეტ პროპაგანდის შესახებ ყოფილმა "ტროლმა" - ვიტალი ბესპალოვმა ისაუბრა. მან გულახდილად გაიხსენა “სიცრუის ფაბრიკის” მუშაობის სპეციფიკა და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი...

26 წლის ბესპალოვის თქმით, ის სააგენტოში სამუშაოდ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჟურნალისტის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიისთვის მივიდა. მისი დავალება კი, უკრაინაზე საიტების გადაწერა იყო, რომლის შინაარსიც ისეთი უნდა ყოფილიყო, თითქოს რუსეთში კი არა, უკრაინაში იყო დაწერილი.

ბესპალოვი ამბობს, რომ კოლეგებთან ერთად უკრაინის კონფლიქტის თემაზე მუშაობდა და მათი კონკრეტული დავალება იყო, უკრაინაში მიმდინარე ამბები, თემები, პათოსი ისე შეეცვალათ, ფაქტები ისე დაემახინჯებინათ, რომ ძირითადი ტექსტი ორიგინალისგან განსხვავებული არ ყოფილიყო. შემდეგ, მათ სოციალურ ქსელებში თავად და “ქვედა შტოების” დახმარებით ავრცელებდნენ. ასე იქმნებოდა ტროლი, რომელიც საზოგადოებრივ აზრს აყალიბებდა.

“ჩემი თემა უკრაინაში პრორუსული ნარატივების ფორმირება იყო, თუმცა, სხვები ამერიკის საკითხზე იყვნენ ორიენტირებულნი და მასზე “ამზადებდნენ სტატიებს”... ფაქტობრივად, ტყუილის ტირაჟირებას ვახდენდით, ეს იყო ჩვენი სამუშაო... ეს სააგენტო მუშაობს, როგორც ტიპური IT კომპანია. თანამშრომლები მუშაობენ დღისა და ღამის ცვლაში. 24-საათიანი მუშაობის პერიოდში ათასობით პროვოკაციულ პოსტებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელში, ისე რომ რეალური მტკიცებულებები არ აქვთ და რაც მთავარია, არც იყო ამის საჭიროება. ადამიანები ისედაც იჯერებდნენ", - იხსენებს ბესპალოვი.

"ყოფილი ტროლის" თქმით, სტატიას თავისებური “დამუშავება” სჭირდებოდა, ხანდახან ფაქტებს ტოვებდნენ, თუმცა საჭირო იყო რამდენიმე სიტყვის შეცვლა - "მაგალითად, “ტერორისტებს” ვცვლიდით მეამბოხეებით, “უკრაინულ არმიას” კი “ნაციონალური გვარდიით”... ამასთან, თუ სტატიაში ეწერა “ყირიმის ანექსია", ჩვენ მას “რუსეთის გაერთიანებად” ვცვლიდით, ყირიმის პროუკრაინულ ხელმძღვანელობას “ფაშისტურ ხუნტას” ვეძახდით. სეპარატისტებზე დადებითად ვსაუბრობდით. მთავარი იყო პრორუსული აქცენტების სწორად დასმა...“ - ყვება ვიტალი ბესპალოვი.

მისივე თქმით, “ტროლების ფაბრიკაში” მომუშავე ადამიანები, თვეში 1300-2000 დოლარამდე გამოიმუშავებდნენ. ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ ასევე ხსნიდა ყალბ პროფილებს სოციალურ ქსელში, რომლის მთავარი ფუნქცია ინტერნეტსივრცეში პრორუსული განწყობის გაძლიერება იყო. “ამიტომ მე არასდროს ვენდობი სოციალურ ქსელის ინფორმაციას, რადგან სამი თვის განმავლობაში ვუყურებდი თუ როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი, თავადაც გამიკეთებია და ვიცი, რა როგორ ხდება...” - განაცხადა ბესპალოვმა NBC-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, მათ გვერდით ფარულად მუშაობდნენ სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებული ადამიანებიც. ერთ სართულზე ყალბი ამბების მოგონება-დამუშავების ავტორები იყვნენ განლაგებულნი, მეორეზე კი, ბლოგერები და სოციალური მედიის სპეციალისტები. ასევე არსებობდა გრაფიკოსების განყოფილება, რომელიც გრაფიკულ გამოსახულებებს ქმნიდა - მათ “დემოტივატორები” ერქვათ და სტატიების მომზადებისას აქტიურად იყენებდნენ. “ტროლების ქარხანაში” სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლების გარდა, უამრავი ჟურნალისტი მუშაობდა, რომლებმაც მოგვიანებით საგამოძიებო პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.

“ამერიკაში “ყოფილ ტროლად” მომიხსენიებენ და არა ჟურნალისტად. რუსეთში კი მატყუარა და მოღალატე ვარ. ბევრი მეგობარი მეუბნება, რომ შევწყვიტო ინტერვიუების მიცემა, მეკითხებიან ხომ არ გავგიჟდი, მინდა, რომ მომკლან? ისინი ამბობენ, რომ არ აქვს მნიშნვნელობა რამდენი ადამიანი გაიგებს ამაზე, ყველაფერი უცვლელად დარჩება” - ამბობს ბესპალოვი.

"ყოფილი ტროლი" უარყოფს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზეც მუშაობდა, მან განაცხადა, რომ მისი “მიმართულება უკრაინის კონფლიქტი იყო...” თუმცა, ბესპალოვის თქმით, იცის, რომ სააგენტოში უცხოურ მედიაზეც მუშაობდნენ.

რუსულმა მედიამ ამერიკულ არხთან ბესპალოვის ინტერვიუს საპასუხოდ, მოიძია ინფორმაცია "ტროლის" მიერ მითითებულ მისამართზე, სანკტ-პეტერბურგში, სავუშკინას 55-ში მდებარე შენობაზე და "დაასკვნა" რომ აქ ერთი ჩვეულებრივი 4-სართულიანი შენობაა, სადაც "რაღაც სააგენტო" წლების მანძილზე მუშაობს... თუმცა, საინტერესოა ის, რომ ბესპალოვის ინტერვიუს შედეგად ატეხილი ხმაურის შემდეგ, მას “ქირავდება“ აწერია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე