ავტორი:

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელიც ტაძარში გალობს და რესტორანში მღერის - "ჩემი მიზანი არ არის, ვინმეს ვაჯობო"

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელიც ტაძარში გალობს და რესტორანში მღერის - "ჩემი მიზანი არ არის, ვინმეს ვაჯობო"

27 წლის საბა კემულარია ერთ-ერთია იმ 10 მონაწილეს შორის, რომელიც `რუსთავი 2"-ის ახალი შოუს - "მხოლოდ ქართულის" მუსიკალური მარათონისთვის ემზადება. საჯარო მმართველობის მაგისტრია, მაგრამ სიმღერას ბავშვობიდან `დაუმეგობრდა~. მღერის ჯგუფ `ალილოში~, ფოლკლორულ ანსამბლ `შავნაბადაში~ და გალობს ქაშუეთის ტაძარში. ამბობს, რომ ქართული სიმღერა და გალობა მისი ცხოვრების ნაწილია.

- ბანი ხარ და კასტინგზე შენი შერჩევისას, ჟიურის გარკვეული შენიშვნები ჰქონდა, რომ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს ნაკლებად გამოხატავდი. თუმცა მათ კომენტარებს ღიმილით შეხვდი...

- ქაშუეთის ტაძარში ვგალობ და ვხელმძღვანელობ ანტიფონურ გუნდს, რეგენტი ვარ, მაგრამ პროექტში იმისთვის მოვედი, რომ ბედი ვცადო როგორც სოლო მომღერალმა. როდესაც ბანი გალობს, განსხვავებული ბგერით გალობს, ასევეა ხალხურ სიმღერებშიც. სოლო სათქმელს, მელოდიას კი მომღერალი ღიად ამბობს. როდესაც გუნდში გიწევს ყოფნა და შენთან ერთად, სხვებიც მღერიან ან გალობენ, შემადგენლობიდან ვერ ამოვარდები. მაგრამ ახლა პროექტში ამ მიმართულებით ვმუშაობ, პრაქტიკას გავდივარ, ვმეცადინეობ. მომწონს და პროექტში ამისთვის მოვედი.

ჟიურის წევრების რეაქციები საბა კემულარიას სიმღერის დროს

საერთოდ, ორიენტირებული ვარ განვითარებისკენ, ვფიქრობ, თითოეული შენიშვნა, რომელიც შეიძლება მომცენ, ჩემთვის მნიშვნელოვანია. კორექტულად იქნება ნათქვამი, თუ არაკორექტულად, ლამაზად, თუ უხეშად, ვცდილობ, თითოეული ასეთი შენიშვნის ან რჩევისგან ჩემთვის სასარგებლო ამოვიღო და საკუთარი განვითარებისკენ მოვმართო. ამიტომ, ამისთვის მადლობელი ვარ ყველასი, რადგანაც ეს ჩემს წინსვლას ემსახურება.

- სიმღერის გარდა, რა გიტაცებს?

- ადრე კალათბურთს ვთამაშობდი, შეიძლება ცხოვრებაში ვერ ვახორციელებ, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ვარ. ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა.

- შეყვარებული არ გყავს?

- ჯერ ვერ ვიპოვე... მოკლედ, მაგ მხრივ სერიოზული არაფერი ხდება...

- სხვადასხვა ანსამბლსა თუ მუსიკალურ ჯგუფში სიმღერას და ამ ყველაფრის შეთავსებას როგორ ახერხებ?

- ყველაფერს მუსიკის სიყვარულით ვაკეთებ. ფოლკლორული ანსამბლი `შავნაბადა~ ჩემთვის არ არის მხოლოდ მელოდიის შესრულება, ეს ერთგვარი ეროვნული საქმეა, რომელსაც კარგ ადამიანებთან ერთად ვემსახურები - ვინარჩუნებთ იმ მარგალიტებს, რაც ადრე იმღერებოდა და გვაქვს. დღეს შესაძლოა, ეს ყველაფერი დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს, თუმცა ეს ის კოდია, რომელიც ჩვენი ქართველობის ერთგვარი ნიშანია და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხია. მიხარია, რომ ვემსახურები ქართულ სიმღერას.

ჯგუფი `ალილო~ ჩემთვის ქალაქური მუსიკაა, სადაც კიდევ მეტად გახსნილი ხარ, ვიდრე ვთქვათ, გალობაში ან ხალხურში. ჩემთვის `ალილო~ ყოველთვის უსაყვარლესი ჯგუფი იყო, მათი მოსმენით ვიღვიძებდი და ვიძინებდი. როდესაც მათგან მივიღე შემოთავაზება და რეკომენდაცია აჩიკო ბერიძემ გამიწია. მივედი და გავხდი ამ ჯგუფის წევრი, რაც ჩემთვის დიდი სიხარული აღმოჩნდა.

- გალობა რას მოითხოვს მგალობლისგან?

- სიმღერისგან ის ცოტათი განსხვავდება. ქართულ სიმღერაში უფრო ლაღი ხარ, გახსნილი. შეგიძლია ემოციები მეტად ჩართო, შენი საკუთარი შეგიძლია მეტად თქვა, უფრო ლაღი იყო. გალობის შემთხვევაში საკუთარს არ ამბობ, ლოცვითი ტექსტებია და შენგან ლოცვის სახით წარმოთქმული სიტყვა მრევლამდე უნდა მიიტანო. მოკლედ, გამტარი ხდები და თავის წარმოჩენას არ ემსახურება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, კვინტეტში ერთ-ერთ რესტორანშიც ვმღერი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს პროექტი დამეხმარება საკუთარ თავში სოლო მომღერალი ვიპოვო.

- 10 კონკურსანტი ბრძოლას გამარჯვებისთვის იწყებთ... ფაქტია, ერთმანეთის კონკურენტები ხართ.

- თავიდან ძალიან გამიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ეს რაღაც კონკურსი იყო, მით უმეტეს, სიმღერის. კონკურსში იმიტომ არ მივსულვარ, რომ სადაც ვიღაცას აჯობო, ან გაჯობოს. თავიდან ერთმანეთი გავიცანით, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, შეიძლება ამიტომ არ აღგვიქვამს ერთმანეთი კონკურენტებად. ჩემი მიზანი არ არის, ვინმეს ვაჯობო.

- როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებ?

- ნამდვილად არ ვიცი. მზად ვარ ყველა ტურის გადასალახად. ზვიად ბოლქვაძით (მუსიკალური ხელმძღვანელი) დაწყებული, ისეთი კარგი შემადგენლობაა, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული... მოკლედ, ისეთი სიტუაცია და ატმოსფეროა, თუ ნიჭი გაქვს, ვფიქრობ, რომ უნდა დაძლიო.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს