არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას სახალხო დამცველი ეხმაურება

არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას სახალხო დამცველი ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ვიდეო გადაღებულია ბავშვების მიერ და მოიცავს ბავშვის მიმართ სასტიკ დამოკიდებულებას, მუქარას, შეუსაბამო სიტყვებსა და ქმედებებს (ჩვენ შეგნებულად არ ვავრცელებთ კადრებს)

კადრებში ნათლად ჩანს არასრულწლოვნის სახე, შესაბამისად შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, რაც არღვევს ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საფრთხეს უქმნის მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში მითითებულია, რომ ვიდეო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც ყოვლად დაუშვებელია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: მყისიერად აღიკვეთოს ვიდეო ჩანაწერის გავრცელება; დაიწყოს შემთხვევის გადაუდებელი გამოძიება, მოხდეს მასში მონაწილე პირების და გავრცელების წყაროს იდენტიფიცირება; შესაბამისი ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა გაეწიოს მსხვერპლ ბავშვს, მათ შორის განხორციელდეს მონიტორინგი სამომავლოდ მისი უფლებების დაცვის და მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად; გატარდეს ყველა ღონისძიება ვიდეო ჩანაწერში მონაწილე ბავშვების ძალადობრივი ქცევის კორექციის და მათთვის ყველა შესაბამისი სერვისის შეთავაზების მიმართულებით.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაიწყეს საქმის შესწავლა და გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. ასევე, უწყება მიმართავს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ვიდეოს გავრცელებისგან.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოს გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, უწყება უკვე ატარებს მოკვლევას.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს