როგორ აპირებს ფაროსანასთან ბრძოლას წელს მთავრობა

როგორ აპირებს ფაროსანასთან ბრძოლას წელს მთავრობა

მოლოდინი არ გვაქვს, რომ ფაროსანა იმავე მასშტაბით იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც, როგორც ეს შარშან დასავლეთ საქართველოში იყო, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნოდარ კერესელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოჩნდება, სამინისტრო მზადაა მავნებელთან ბრძოლის შესაბამისი კამპანია დაგეგმოს და განახორციელოს.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემის განთავსება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში. მონიტორინგის ეს სისტემა მოგვცემს შესაძლებლობას, დავინახოთ სურათი თუ სად და რა მასშტაბით არის მავნებელი გამოსული და შესაბამისად, ჩვენ ვართ მზადყოფნაში, თუკი დაფიქსირდება ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც, შესაბამისი კამპანია დავგეგმოთ და განვახორციელოთ აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ ფაროსანა იმავე მასშტაბით იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც, როგორც ეს შარშან დასავლეთ საქართველოში იყო”, - განაცხადა კერესელიძემ.

ამასთან, გასულ წელს, ფაროსანას მცირე რაოდენობა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც დაფიქსირდა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე - იგეგმება თუ არა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ავიაციის გამოყენება, ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, რომ მოკვლევა ჩატარდა და საჭიროების შემთხვევაში, ამ ტიპის ტექნიკაც ჩაერთვება.

„ამ ეტაპზე ეს არ არის დაგეგმილი, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მოკვლევა ჩავატარეთ როგორც ადგილობრივი რესურსის კუთხით, ასევე მეზობელი ქვეყნების შესაძლებლობების კუთხით და თუკი საჭირო გახდება, ამ ტიპის ტექნიკის შესაბამისი ჩართულობაც მოხდება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

მისივე განმარტებით, ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აბაშაში გახსნილია საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია ტექნიკა და პესტიციდები, რომელთა გამოყენებაც მოხდება იმის პროპორციულად, თუ როგორ გამოვა მავნებელი - როგორი მასშტაბით და რა ტერიტორიაზე იქნება გავრცელებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ