რა არის ღამის ეკონომიკა? - კახა კალაძე და სერგი გვარჯალაძე პროექტის დეტალებზე

რა არის ღამის ეკონომიკა? - კახა კალაძე და სერგი გვარჯალაძე პროექტის დეტალებზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ და პროექტ “ღამის ეკონომიკის“ განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ დღეს პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია გამართეს.

გვარჯალაძის თქმით, კონცეფციის შექმნამდე მისმა ავტორებმა კონსულტაციები გაიარეს მსოფლიოს დიდ ქალაქებთან და შეისწავლეს მათი გამოცდილება.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო და კრეატიული პროექტი, რომელშიც მე საერთოდ მიმიღია მონაწილეობა. რა არის ღამის ეკონომიკა? ამ კითხვას ძალიან ბევრი ადამიანი გვისვამდა ბოლო ერთი თვის მანძილზე. საღამოს 20:00 საათიდან ქალაქში განსხვავებული ეკონომიკური აქტივობები იწყება და ზოგიერთი სექტორის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

მაგალითად, იზრდება გართობის, დასვენების ღონისძიებები. ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ პერიოდიდან დილამდე გრძელდება, არის “ღამის ეკონომიკა“. ღამის ეკონომიკის კომპონენტები და ასპექტებია - ტრანსპორტი, ხმაურის რეგულირება, რაც საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება ჩვენთვის, უსაფრთხოების დაცვა, კულტურული აქტივობები, უბნების რეგენერაცია, კომუნიკაცია, რის გარეშეც ღამის ეკონომიკა წარმოუდგენელია.

ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩვენ შევისწავლეთ ყველა დიდი ქალაქის კონცეფცია და უამრავი კომუნიკაცია გვქონდა მათ წარმომადგენლებთან. ყველა ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, როგორც მოსახლეობასთან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომუნიკაცია“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის განვითარებაში ჩაერთვება კულტურის და სპორტის ინდუსტრია, ვაჭრობის და ტურიზმის სექტორები. გვარჯალაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თბილისის ღამის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ელექტრონული მუსიკის კიდევ უფრო განვითარება:

"ელექტრონული მუსიკა და მისი სცენა უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. ქართულმა ელექტრონულმა მუსიკამ გარკვეული ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე. მინდა ყველა არტისტს, პროდიუსერს და მუსიკოსს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე ეს საუბარი ვერ შედგებოდა. ეს არის დარგი, რომელიც მუშაობს, აქვს სტრუქტურები, გამოცდილება და მადლობა ყველას ამისთვის“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ და მაგალითად მოიყვანა ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც მისი თქმით, წელს მეათედ ტარდება.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, "ღამის ეკონომიკის" განვითარების პროექტის განხორციელებაში მარტო მერია ვერაფერს გახდება და ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა.

„ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, რომ საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ ჩვენს დედაქალაქში. თუმცა ამ პროექტის განხორციელებაში მარტო მერია ვერაფერს გავა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა. როცა ვსაუბრობთ ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, აქ საუბარია, რომ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ამაში ჩართული იქნებიან სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ