რა ხდებოდა დღეს ლისის ტბაზე, სადაც სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა

რა ხდებოდა დღეს ლისის ტბაზე, სადაც სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა

ლისის ტბაზე სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო. ფესტივალი თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას.

კახა კალაძის განცხადებით, ფესტივალის ფარგლებში სასიამოვნო დროის გატარება ყველა თაობის ადამიანს შეუძლია. დედაქალაქის მერი მოქალაქეებს ფესტივალში ჩართვისკენ მოუწოდებს.„მიუხედავად იმისა, რომ ქარია მაინც ძალიან ბევრი, სხვადასხვა თაობის ადამიანია მოსული. სპორტის 13 სახეობაში არის შესაძლებელი მსურველებმა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღონ მონაწილეობა. ასევე, ამ ღონისძიებების შემდეგ გაიმართება სხვადასხვა ჯგუფის კონცერტები და მინდა მივმართო ყველას, რომ ყოველ შაბათს მობრძანდნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სასიამოვნო ღონისძიებები გაიმართება. ჩვენ ქალაქს სჭირდება ასეთი ტიპის ღონისძიებები, ახალგაზრდებს სჭირდებათ გართობა და დასვენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიების პირველ დღესვე ტურნირები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა. მათ შორისაა კალათბურთი, მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, მეკლდეურობა, ამერიკული ფეხბურთი, კარატე, ბოჩა, ფრისბი, მკლავჭიდი, გარბენი, ჭადრაკი, ჩერლიდინგი და მჯდომარე ფრენბურთი. საფესტივალო ღონისძიებების ფარგლებში ფეხბურთში მეგობრული მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საკრებულოსა და მერიის გუნდი და საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ შეხვდნენ. ღონისძიების ფარგლებში თბილისის მერს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ საპატიო შავი ქამარი მესამე დანი გადასცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი